დროც გვიმღერის ნანასა
ახალი არაა ვინმემ ისურვოს, რომ დრო საერთოდ გაჩერდეს, ანდაც პირი იბრუნოს და სულ უკან დაბრუნდეს, ერთხელ ჩვენზეც იფიქროს, ჩვენი წამება გათავდეს, ბევრს სურს იგი შერისხოს, ბევრი სახელი შეარქვეს, არავის უნდა შეხედოს, დროს ჩვენთვის ნამტირალებს. არც მას სიამოვნებს, მომტირალს რომ მიყურებს, მეზიარება, გვერდით მიდგება, ჩემთან ერთად ცრემლად იღვრება, აბა შეიძლება შეჩვენება, შენი ტკივილის გამზიარებლის? როგორც უკვე ვთქვი, დროს ბევრი სახელი აქ, ზოგისთვის არის მკურნალი, ზოგისთვის უნიღბო მძარცველია, მაგრამ თუ არის დადგენილი, რომ ყველაფერი წარმავალია, მაშინ რად ვართ დაგეშილი, თუ მიაქვს მხოლოდ რაც მისია. ცხოვრება არის მატარებელი, დრო, კი, მისი მემანქანე, მატარებელი სულ ვერ ივლის, სადღაც ხომ უნდა გაჩერდეს? უნდა მონახოს სადგური, მგზავრი ხომ უნდა ჩამოვიდეს? მუდამ ჩემოდანზე ედოს ხელი, და სახლისკენ აღარ წავიდეს? გახსოვთ ჩვენი სევდიანობა? თანდაყოლილი ჟღერადობა? ნეტა ვინაა მისი ავტორი? წუთისოფელია ორკესტრა და დროა მისი დირიჟორი. მან დაგვიწერა გალობა, საუკუნეთა მოთხრობა, უდირიჟოროდ ორკესტრამ ნეტა რა უნდა დაუკრას? ყველა სიმფონია მთავრდება ოდესღაც ესეც მორჩება, ბოლოს, დადუმებულ დარბაზში, აღარავინ დარჩება. და ასე, დრო თავის გზას მიუყვება, არ სურს მოგვადგეს ზიანი, არ სურს იმასთან შეგუება, რომ არაა ყველა დღე მზიანი, ყოველთვის გვერდში დაგვიდგება, როგორც მეორე ჭირისუფალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი