იოანეს


ვწერეთ, ვუამბეთ,
ერთმანეთი 
დავისაჩუქრეთ. 
უფერულ წამებს 
გამოვსტაცეთ 
ორი სიცოცხლე.
ჩემო პატარა, 
დაბადება საიდუმლოა, 
ერთხელ ყოფნა და
მონატრება რას
დაასრულებს?
ახლა დედიკოს 
სხეული გაქვს 
თავშესაფარად,
შენი პაწია გულის 
ფეთქვა
სამყაროს იტევს.
ნეტა იცოდე, 
შენი მოსვლა 
ყველა დარაბას-
დარდის და ტკენის,
რა იმედით
მიგვახურინებს.
ნუ გაიკვირვებ,
ჩემო,სულის წმინდა
მარცვალო,
ლექსით თუ ვცდილობ,
შენი სუნთქვა
ჩემსას მივაბა.
რაც კი მტკენია, 
რაც ნუგეშად შემომრჩენია,
ლექსით და მხოლოდ 
სიტყვის ძალით
თუ შემინახავს. 
დაბადებამდე , 
მის მერე და 
კიდევ მრავალ წელს
ამბად გიამბობ,
ზღაპრად გითხრობ 
სულის არაკებს.
გადასარჩენი გასაწირად
რამ გაიმეტოს,
თავად მადლია, 
შენ რომ მისმენ, 
შენ რომ აანთებ-
ყველა მინავლულ,
რომ გვგონია
ჩანაცრულ კოცონს, 
სადაც ერთმანეთს
უსიტყვოდაც ვესაუბრებით.
ჩრდილშემოვლებულ 
თვალის ფსკერზე
ვკითხულობთ ამბავს, 
დაბადებიდან 
რაც ვითვალეთ, 
რასაც შემოვრჩით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი