დედასაქართველოს


შენ ჩემზე ფიქრით და ჩემზე დარდით
კავკასიონი გაგიჭაღარდა,
მოგწყვიტეს შვილი, შეხვედრის წყურვილს
ჩუმად იკლავდა ცრემლიან ღართან.
ახლა, დედაო, შენი ღიმილი
გადავიხურე თავზე მანდილად
და შენს უბეში მიყუჩული ვარ,
ერთად შეგვყარა ნანატრმა დილამ...
ამომიკოცნე წამწამ-თვალები,
გუგებში ჩანდეს შენი ჭაღარა,
არსად დამირჩეს ტუტა-ნაცარი,
დედინაცვალმა ბევრი მაყარა.
დედაო ჩემო, ტკბილო დედაო,
შემოგევლები შენი აჭარა...
ოცნებად მყავდი, მეგულებოდი
ახლოს, სულ ახლოს დედა ქებული,
ვიცი, უბიდან არ მომიშორებ,
შენს ძუძუებს ვარ დანატრებული
და მაპატიე ჭირვეულობა,
ალერსი მინდა ყველაზე მეტი,
შენი ამბორით ჩამოწყდეს ბარემ,
წამწამზე რომ თრთის კურცხალის წვეთი...
დაგბრუნებივართ შენი შვილები,
ჩვენს წინაპრობას ჩასძახე ყველას _
რომ შეემატა ცეცხლი და კვამლი
ძველი ოჯახის ანთებულ კერას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი