საგალობელი


ქართლის ცაო _ მთვარის სევდავ,
ელვავ, ელვავ, ღრუბლის ელდავ,
ქარო, ქარო, ქარტეხილო,
მწვანე ხევში ჩაგრეხილო,
ნისლო, ნისლო, აბოლილო,
გორგასალის სულის დენთო,
ბებერ ციხის გულისპირის
სასოებავ, ერთადერთო.
ბინდის ცვარით ავსებულო
ჯამო, ჯამო დალოცვილო,
ქართლის დედის წმინდა ჯამო,
ნარიყალას ციხის თავზე
შეჯგუფულო ღრუბლის ჯარო,
ვერ გეყრები, ვერ გცილდები,
რომ ღალატი არ დამწამონ.
ვინ გაყიდის ერის მარილს,
დედის ცრემლებს ვინ იყიდის,
საიათნოვას მხარზე დვია
სამთა ძმათა ძმობის ხიდი,
ყველა გზებმა ჩამიარეს,
როს საწუთროს გზა ამევლო,
გულზე მხვდება თქვენი ხმლები,
თქვენ, სამასო არაგველნო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი