საროჯინი ნაიდუ


ინდური სიყვარულის სიმღერა

ის (ბიჭი)
ასწი რიდენი შენი ეშხის და დიდების
ნაზი შუქის მაჩრდილებელი,
ნუ დამალავ, ო, საყვარელო, ღამის ლტოლვას,
მე მალხენდეს შენი სახე მანათობელი,
მიბოძე ყლორტი კეორას1 სუნით
შენს შეკეცილ დალალთა მცველი,
ან აბრეშუმის ძაფი არშიის,
შენი სადაფის ციალის ნდომით გახელებული;
თანდათანობით სულს მიწურავს შენს ნაწნავთა კეთილსურნელი,
სიმღერად ქმნილი შენი კოჭის თავნებური მოკაზმულობა,
გამომაცოცხლე, გევედრები, მაგიურ ნექტრით,
შენი ამბორის ყვავილში რომ დასახლებულა.

ის (გოგო)
ვით შევძლო შენი მახვეწარი ხმის მორჩილება,
ვით შევძლო შენი დასაჩუქრება ამ ვედრებისგან,
იასამნისფერ-ვარდისფერი ნაზი ფოჩი გიბოძო როგორ,
ან სურნელოვანი ყვავილის ფურცელი ჩემი თმებიდან?
როგორ ვიშორო შენი გულის მწველი სურვილი, – პირბადეები ჩემი სახის გადაფარვისგან,
წავბილწო წესი მამაჩემის რწმენა მტრობაზე
მამაჩემისვე გვარ-ტომისგან?
შენს ნათესავებს უმტვრევიათ ჩვენი წმინდა სამლოცველო და ყელი წმინდა ფურებისთვის გამოუღადრავთ,
საგვარეულო მტრობა ძველი რწმენების და სისხლი ძველი ბრძოლების ჩვენს ხალხებს მართავთ.

ის (ბიჭი)
რა არის ჩემი ხალხის ცოდვა-ბრალი, ძვირფასო,
რას წარმოადგენს ჩემი მოყვრები შენთვის?
რა არის შენი სალოცავი, ფურები და სანათესავო,
რა არის შენი ღმერთები ჩემთვის?
ტრფობისთვის მძლავრი, განუსჯელი შებრძოლებები
უცხოსთან, ტოლთან თუ ნათესავთან უფერულდება,
მსგავსადვე მის ყურს სწვდება ჟღერა ტაძრის ზარების
და ატირებულ მუეძინის მოთქმა-გოდება.
სიყვარულისთვის განქარდება ძველი შეცდომა
და დაიძლევა უძველესი საბრძოლო სული,
გამოისყიდის თავის ცრემლებით დალექილ წყრომას,
რისგანაც ასე დალაქავდა დრო გარდასული.

1.კეორა-ყვავილოვანი მცენარე, რომელიც გავრცელებულია აზიაში. მისგან მზადდება სურნელოვანი ზეთები, რომლებსაც პარფიუმერიაში იყენებენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი