საროჯინი ნაიდუ Sarojini Naidu
ჰაიდარაბადის ბაზრებში ჰეი, მედუქნენო, თქვენ რას ყიდით? თქვენი ნაწარმი მდიდრულად აწყვია, მეწამული და ვერცხლისფერი ჩალმები1, ფარჩის ტუნიკები2 იისფერშია. ქარვის პანელში ჩამჯდარი სარკეები, ხანჯლის ვადები ნეფრიტს3 უმშვენია. ჰეი, მოვაჭრენო, თქვენ რას წონით? ბრინჯი, ოსპი და ზაფრანა. ჰეი, ქალიშვილნო, თქვენ რას ნაყავთ? სანდალოზი4, ინა, წიწაკა. ჰეი, პოიებო5, თქვენ რას ყვირით? სპილოსძვლის კამათელი, ჭადრაკის ფიგურა. ჰეი, ოქრომჭედელნო, თქვენ რას ამზადებთ? ხელსაბამი, კოჭსაბამი6, ბეჭდები, ზარები ლურჯი მტრედის ფეხებისთვის, მსუბუქნი, როგორც ჭრიჭინას ფრთები, ოქროს სარტყლები მოცეკვავეთათვის, მეფისთვის მზადდება ოქროს ქარქაშები. ჰეი, მეხილენო, თქვენ რას გაიძახით? ციტრონი7, ბროწეული, ქლიავი. ჰეი, მუსიკოსნო, თქვენ რა საკრავზე უკრავთ? დასარტყამი, სიტარა8, სარანგი9. ჰეი, გრძნეულნო, თქვენ რას ღიღინებთ? შელოცვებს, რომ გავხდეთ ეონთა10 მნახავნი. ჰეი, მეყვავილენო, თქვენ რას ამკობთ ლაჟვარდისფერი და წითელი ფოჩებით? გვირგვინებს ნეფის პირისახისთვის, საწოლის დიადემას ყვავილწნულებით, ზეწრებს ახალმოგროვილი თეთრი ყვავილებით, სიკვდილის ძილი რომ გარდახდეს კეთილსურნელებით. ჩალმა – მამაკაცის თავსაბურავი ისლამის მიმდევარ ხალხთა შორის. ტუნიკა – ინდოელი მამაკაცის გრძელი პერანგი. ნეფრიტი – მწვანე ფერის ქვა, იყენებენ საიუველირო ნაწარმისთვის. სანდალოზი – მარადმწვანე ხე, რომელიც იზრდება ინდოეთში, გამოიყენებენ პარფიუმერიასა და მედიცინაში. პოია – წვრილმანებით ფეხზე მოვაჭრე. კოჭსაბამი – ფეხის კოჭზე გასაკეთებელი სამკაული. ციტრონი – ციტრუსების ჯგუფის ხე, აქვს ხორკლიანი, ლიმონისფერი ნაყოფი. სიტარა – ინდური მრავალსიმიანი მუსიკალური ინსტრუმენტი. სარანგი – ინდური ხემიანი მუსიკალური საკრავი. ეონი – გნოსტიკოსთა სწავლებით უზენაესი არსება, წყარო სულიერი სიცოცხლისა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი