საუკუნის სილამაზე(ეძღვნება ლიკა ქავჟარაძეს)


ნუთუ არსად სამართალი აღარ არის,
შენს უტიფარ თვალებს როგორ გაგვისწორებ?
ბრმა სამართლით ღმერთს მათრახი გადაჰკარი
უღმერთო და უსამართლო ციციკორე.

თანადგომა წასულა და გახიზნულა,
გული-გულს და ძმა-ძმას გადამტერებია,
სიყვარულს რომ ტალახს ესვრის გამიზნულად,
დავიხედოთ, იქნებ ჩვენი ხელებია.

დღეს მარიტას ბედი ყველას აგვაღელვებს,
ბედი ქალის  ,,ნატვრის ხე"-ში ასახული,
ის ღიმილით შემოირბენს მთებს და ველებს
და დარჩება ჩვენთან, როგორც გაზაფხული.

შემოდგომის მზე გაათბობს ფერმკრთალ სახეს,
ხალხი ტაშით გამოხატავს უთქმელ აზრებს,
სიცოცხლეში სიყვარული ვერ ვანახეთ,
მივაცილებთ საუკუნის სილამაზეს.

ასეც ხდება, სათანადოდ არ ვაფასებთ
ღვთის საჩუქრებს, უფლისაგან ბოძებულებს,
ვიდრე ყვავის და ქვეყანას ალამაზებს,
გავუფრთხილდეთ აყვავებულ ბროწეულებს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი