სადღეგრძელო


ქართლი არის ქვეყნის გული,
კახეთი კი-უდგას ფარად, 
ფშავი-მთებში ჩაკარგული,
თუშეთს შვენის ცხვრების ფარა.

ხევსურეთი-მარად ფიცხი,
ვერვინ შეძლებს რომ დაჩაგროს
ძმა, ძმობილი, ძმადნაფიცი,
ჩვენი სევდა სამაჩაბლო.

წყალს ითხოვ და... იმერეთში
გაგიშლიან სუფრას უმალ,
ვერსად ნახავ ცისქვეშეთში
აღმერთებდნენ ასე სტუმარს.

ბჟა დიდა რე, განა რა გჯობს
სანატრელო, საყვარელო?
გუმორძგუა, გაგიმარჯოს
ტკბილზე ტკბილო სამეგრელო!

ქვეყნის უქარქაშო ხმალო
ჩვენო მესხეთ-ჯავახეთო,
გვიდარაჯე ორბის თვალო,
ვინმემ რამე არ გაბედოს.

აჭარაა დასავლეთით, 
ზღვასთან, ისიც არ თვლემს, ფხიზლობს,
ღმერთს ვევედროთ-აფხაზეთი
გულში ჩავიხუტოთ ვინძლო.

რაჭამ გული გაგვიმთელოს,
რამეს დავუწუნებთ განა?
ჩვენი ტურფა საქართველო
არის რაჭის ქვე ქვეყანა.

ლეჩხუმს ნისლით ესაზღვრება
სვანეთი-ცის გასაქანი,
კავკასიონს ეჯაჭვება 
გოლიათი ამირანი.

ჩემს გურიას შემოვევლე,
ტკბილ ლუკმას ვინ გამომაცლის?
ვადღეგრძელებ ქვეყნის მცველებს
ერთი ვინმე ჯარისკაცი.

მინდორ-მინდორ, ტყე-ღრე, მთა-ველ
გვეხაროს და გვექართველოს,
აი,.უკვე ფონსაც გაველ,
გაუმარჯოს საქართველოს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი