საქანელა
ნატვრა ოცნებებთან ფრთებს რომ გაშლის, მაშინ მოგონება დარდებს კურნავს, ნეტავ, უსათუთეს ბავშვობაში, თუნდაც ათი წუთით, დამაბრუნა. მამის, კანფეტებით სავსე, ჯიბე ისევ სიტკბოებით გაგვახარებს, ეზოს-ნარცისები, ვაზი-კიბეს მზით და გაზაფხულით ახარხარებს. ჩემი ,,ფრანგულა" მსხლის ყვავილები, ნიავს აყოლილი მორცხვად, ნელა, სადაც ასკინკილით დავიღლები, იქვე მანებივრებს საქანელა. დედა გაახურებს კელამიდას, ოთახს ოხშივარით უძგერს გული, როგორ მენატრება ის წამი და წლები, სიყვარულით გათანგული. ცვარმა გაზაფხული გადანამა, ცრემლმა-სილაღე და სიჯიუტე, დედა აღარ არის, აღარც მამა, აწმყოს გავუბრაზდი, გავებუტე. ჟამმა იმ წარსულის მოგიზგიზე ცეცხლი ჩააქრო და გაანელა, საით გაფრენილა მოკისკისე, ცელქი ბავშვობა და საქანელა?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი