მოვა აპრილი
ქარმა მოსტაცა ნაზამთრი კაბა, მარტი სიშიშვლეს ვეღარ დამალავს, მოვა აპრილი, სად წავა აბა და მოიყოლებს ყვავილთ ამალას. მთებს წვიმა სტუმრობს, ნისლი დასცქერის, როს გამოცლიან სასმისთა წყებას, მდინარე, ღელე, რუ და ჩანჩქერი მიეცემიან თავდავიწყებას. შემოასკდება საკინძე მიწას, მწვანე ფარდაგზე გრძნობით მოქარგავს აპრილი ტყემლის ფიფქებს და იმ წამს სიყვარულისგან თავ-გზას დაკარგავს. გაზაფხულს თავი რომ მოაწონოს ღრუბელი უნდა შორს გააცილოს, გადაუთვალოს, აწონ-დაწონოს მზემ სითბო, სხივი-მისი საწილო. ქარმა მოსტაცა ლამაზი კაბა, მარტი სიშიშვლეს ვეღარ დამალავს, მოვა აპრილი, სად წავა აბა და მოიყოლებს ყვავილთ ამალას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი