დედულეთი


ჩემი ბაბუ, ტკბილი ხსოვნა, მოგონება,
იმერეთში, მთის ფერდობზე, ძველი ოდა,
ორღობეში მზე, შეკრული სხივ-კონებად
გვხვდებოდა და ჩვენთან ერთად ამორბოდა.

გაგვიღებდა ჭიშკარს, მძიმეს, მოჭრიალეს,
უხაროდა, სიხარულით ცას წვდებოდა,
ცრემლს მალავდა, გვარიდებდა ცისფერ თვალებს
და ზაფხული იმ წუთიდან იწყებოდა.

ჩემი ჩია ,,ბაბუკელა" სისხამ დილით
ყანას სტუმრობს, თოხის როკვით ცვარს დააშრობს,
რომ მოასწროს გამარგვლა და მისი წილი
წრეში ბურთი, შვილიშვილებს, გვეთამაშოს.

აქეთობას, ალაგ-ალაგ დაკრეფილი,
ტილოს ქუდში ნაგროვები, სიყვარულით,
სანაქებო, იმერული გემოს ხილი:
კორკიმელი, მსხალი, ვაშლი-ჩაშაქრული.

მომცრო ჭურში, საგანგებოდ თავმოკრული,
ტკბილი ღვინო გველოდა და გვიღიმოდა,
განა ბევრი? რიგ-რიგობით მოწრუპული,
თითო ყლუპი-გრძელტარიან ორშიმოდან.

ნაშუადღევს, ბებიისგან გაპარულებს,
მდინარეზე ბაბუ გვახლდა, გვედგა გვერდით,
ასე გვითბობს, გვილამაზებს ფიქრებს, გულებს
მონატრება ვანის-ჩემი დედულეთის!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი