დღეს შენი დღეა


დღეს შენი დღეა, თუმც უშენოდ გათენდა დილა,
მზის სხივის ნაცვლად, გზებს გინათებს სინათლე სულის,
გაღმა, მთის მწვერვალს მოხვევია ნისლი მანდილად,
ხმაურობს, მოჩქეფს გაზაფხული, ზღვარგადასული.

ჩვენს თბილ აივანს დაუბრუნდნენ მერცხლები, ხედავ?
ბარტყებს აფრენას ასწავლიან, მერე, მშობლები...
ბავშვივით, წრფელად, გიხაროდა დანახვა, დედა,
მერცხლების, ჩვენი სიხარულის მახარობლების.

ეს მერამდენედ, ლექსმა ცრემლი გაიამინდა,
დედა-შვილობა სათვალავით განა ფასდება?
ბევრჯერ ვინატრე, რომ შემეძლოს, ფიქრში არ მინდა,
ცხადში, ერთხელაც, შენს კალთაზე თავის დადება.

ახლაც მოვსინჯე კალამი და ვაალმაცერე
სიტყვა რითმებად, სტრიქონებად, მარცვლად, ბგერებად,
მე ვერასოდეს, ვერაფერი  ვთქვი და დავწერე
დე, ისეთი, რომ ჩვენს სიყვარულს შეეფერება...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი