ბაბუაწვერა


ბაბუაწვერა ჩემთვის ოცნებასთან და მისი ასრულების იმედთან ასოცირდება. რთულია დაახასიათო ერთი შეხედვით უბრალო მცენარე, რომელსაც შეუძლია მრავალი ადამიანის გულისსათქმელი თუ სურვილი შეინახოს. სურვილს ჩაუთქვამ, სულს შეუბერავ და ისე გაიბნევა ჰაერში ათას ნაწილად, თითქოს არც არასდროს ეარსებოს. 
     მომწონს მისი ლამაზად გაშლილი ჰაეროვანი ბუსუსებით შეკრული ყვავილი, მიწიდან ამაყად ამოზრდილი, რომელიც შეუპოვრად ელოდება კიდევ ერთ სურვილს,  სურვილს, რომელსაც თან ახლავს იმედი.
    რამდენად მრავალფეროვან ფანტაზიების სამყაროში უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, რომ მისი უდიდესი ოცნება ბაბუაწვერას გაანდოს, იმის მოლოდინით, რომ ასრულდება. თუმცა შეუძლებელია შეხედო ამ ყვავილს და არ გაგიჩნდეს სურვილი, რომ ჩაუთქვა ის, რის ასრულებასაც მთელი გულით მოელი ან უნებლიედ, არ დაუკავშირო რაღაც ოცნების მსგავსს.
     წარმოვიდგენ ბაბუაწვერების მდელოს და მგონია, სამოთხეში ვარ. შეიძლება სამოთხეც სწორედ ასეთია, უსასრულო,  ბაბუაწვერებით მოკაზმული ველი,  ჰაერში მსუბუქად მოფარფატე მისი ნაზი ბუსუსები და მდელოში ნაზად მონარნარე ანგელოზები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი