***
IRIS “When everything’s meant to be broken I just want you to know who I am” 11 საათი დაიწყო. ფანჯრის რაფაზე ვზივარ, ვარსკვლავებს ვუყურებ, საყვარელ მუსიკას “Iris” ვუსმენ და ყველაფერზე, მაგრამ ამავდროულად არაფერზე მეფიქრება. ჩვენი ურთიერთობაც ხომ არაფერი იყო, თუმცა შეიძლებოდა ყველაფრად ქცეულიყო. ვარსკვლავებიდან გამოტყორცნილ სხივებს ნოსტალგიის ელფერი დაჰკრავს. ეს ნოსტალგია არც ბავშვობას, არც წარსულში დარჩენილ ოცნებებსა თუ მოგონებებს , არამედ შენ გიკავშირდება. ვზივარ და ვფიქრობ გავიხსენო ყველა მომენტი, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა. ისეთი არაფერი ყოფილა, მაგრამ რაღაც ხომ იყო. იყო ის, რაც გულის სიღრმემდე მწვდებოდა და შენს შეყვარებას მაიძულებდა… იყო ის, რაც შენი დანახვისას მაფორიაქებდა და სახეზე მაწითლებდა…იყო ის, რაც შენი დანახვისას მაფიქრებინებდა, რომ საცაა გული გასკდებოდა შენთან სიახლოვისგან… მინდოდა გყვარებოდი და ჩემი დაკარგვის შეგშინებოდა. შეიძლებოდა, რაღაცას გრძნობდი, მაგრამ ეს არ იყო ის, რაც აგაფორიაქებდა და ჩემი დაკარგვის შიშზე დაგაფიქრებდა. მართლა რომ რაღაც ყოფილიყო, ასე მარტივად არ დამთმობდი… ასე მარტივად არ გათელავდი ჩემს გრძნობებს… ასე მარტივად, ამ ყველაფრის შემდეგ, არ მოხვიდოდი და ურცხვად საუბარს ათას სისულელეზე არ დამიწყებდი, ისე თითქოს არ იცოდი, რას ვგრძნობდი და რას განვიცდიდი რეალურად. თითქოს არ იცოდი, რატომ გიყურებდი ცივი თვალებით… თითქოს არ იცოდი, რატომ გარიდებდი თავს… წყენაც ჩავყლაპე, იმ გრძნობასთან ერთად, რომელმაც ასე მატკინა, რადგან მივხვდი, აზრი არაფერს ჰქონდა. შენ ბოლომდე მაინც ვერ ჩაწვდებოდი იმას, თუ რამდენად მატკინე. ყველაფერს ისევ ძველებურად უყურებდი. მხოლოდ მიხვდი, რომ მზერა შენ მიმართ შემეცვალა… მაგრამ მაინც არ დაინტერესდი,რატომ? იქნებ იმიტომ, რომ იფიქრე თუ ყველაფერს შენ თვითონ დაივიწყებდი და ყურადღებას აღარ გაამახვილებდი, მეც დამავიწყდებოდა... იქნებ იფიქრე, რომ ჩემს გრძნობებში გარკვევას აზრი არ ჰქონდა… იქნებ იფიქრე, რომ ყველაფრის ძველებურად დატოვება შეუხორცებელ ჭრილობას ზიანს აღარ მიაყენებდა… მაგრამ ყველაზე მეტად ამან მატკინა… მატკინა უყურადღებობამ… ჩემი გრძნობების არაფრად ჩაგდებამ… მაგრამ ყველაზე მეტად მატკინე შენ… მატკინე ყველაფრით, მარგამ ამავე დროს იმ არაფრით, რაც ჩვენს ურთიერთობაში იყო. ჩვენი ურთიერთობა არაფერი იყო… მაგრამ სხვაგვარად რომ ყოფილიყო, იქნებ ყველაფრად ქცეულიყო. შენ ისიც კი არ იცი, იმ ერთ ღერ ყვავილს, რომელიც 8 მარტს გულის ჯიბიდან ამოიღე და გამომიწოდე, რამხელა რუდუნებით ვუფრთხილდები და რა სათუთად მაქვს გადანახული ჩემს ერთ-ერთ დღიურში იმ ტკივილებთან ერთად, რომელთაც 20 წლის მანძილზეა ვაგროვებ. შენი ნაჩუქარი შოკოლადიც შენახული მაქვს, რომელიც სხვისი ხელიდან მომეცი. მაგრამ… მაგრამ, შენ ეს ყველაფერი არ იცი… შენ შეიძლება ისიც კი არ იცი, რომ შენს ნაჩუქარ, იმ პატარა მინდვრის ყვავილს ნარცისი ჰქვია… ისიც კი არ იცი, რომ ყოველთვის, როცა ვინმე ამ ყვავილს ახსენებს, შენ მახსენდები… შენ საერთოდ არაფერი არ იცი… და ეს მტკენს… მტკენს, მაგრამ განვიკურნები და შენს მიმართ სიყვარულსაც ისევე სათუთად გადავინახავ გულის ერთ რომელიმე კუნჭულში სამუდამოდ, როგორც შენი მოცემული ნარცისი ჩემს ერთ დღიურში გადავინახე.✨🌙
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი