*****
მახსოვს მისი თითების სიმსუბუქე და სირბილე, როცა უბრალოდ ხელის ჩამოსართმევად გავიწეოდით ერთმანეთისკენ, აძგერებული გულებით თვალებში შევხედავდით და თბილი ღიმილით მოვიკითხავდით ერთმანეთს. ყინულივით ცივი ხელები გქონდა ყოველთვის, რამდენჯერაც შეგეხებოდი. ალბათ სულიც ეგეთი გქონდა, იქამდე რომ არაფრით არ მიმიშვი. მახსოვს შენი ბედნიერი სახე, როცა უბრალო რაღაცაზე შემოგფიცე და გახარებული გადი კარებიდან. მაშინ უნდა მიმხვდარიყავი რეალურად, რომ ჩემთვის სულერთი არ იყავი და ყველაფერს თუ არა ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს მაინც ნიშნავდი, იმ დღეს, იმ თვეს, მაგრამ ყველაზე მეტად იმ მომენტში. საღამოს, როცა იძულებული ვიყავი ჩემს ფიქრებთან განვმარტოებულიყავი, ერთადერთი საფიქრალი შენ იყავი. ვიხსენებდი ყველაფერს, თითოეულ გაღიმებას, დიალოგს, შეხვედრას. რამხელა მნიშვნელობას განიჭებდი, საუბედუროდ. მიამიტურად, ბავშვივით, გამოუცდელად მჯეროდა, რომ თუკი ჩემი გრძნობების დამალვას მაქსიმალურად შევეცდებოდი, გულიც ნაკლებად მეტკინებოდა. რაღაცებზე შეიძლება შენც დაგწყვიტე გული, მაგრამ მაშინ ვფიქრობდი და ვიცოდი, რომ ბოლოს ყველაფერს რთულად გადავიტანდი, ამიტომაც ვარიდებდი ამ ყველაფერს თავს. და ასეც მოხდა… შენ მოცემულ თითოეულ შოკოლადს, გადმოდგმულ მცირე ნაბიჯს, ყველაფერს მეგობრულად ვიღებდი. თითქოს თავდაცვის რეჟიმი მქონდა ჩართული, რომ დაცული ვყოფილიყავი. ფარად მქონდა ფიქრი, რომ არ უნდა შემყვარებოდი. მაგრამ გულს წვეთათ თუ მოედო, რაიმე გრძნობა, მას ფარიც ვეღარ უშველის. ჩემი აბჯარიც ასე დაიმსხვრა… შემდეგ, შემდეგ გულიც გატყდა… არ მინდოდა შენთვის გული მეტკინა, რამე არასწორად გამეკეთებინა და შენთვის სიყვარულის ხატი დამემსხვრია. ირონიულად პირიქით მოხდა. გულიც მეტკინა… ყველაფერი არასწორად გააკეთე… სიყვარულის ხატიც დამიმსხვრიე… დამიმსხვრიე ნაწილებად… შენი ტყუილებით, გაუბედაობით, მოქმედებით თუ უმოქმედობით. მატკინე იმ ყველაფრით, რაც შენი პირიდან ამოვიდა და მატკინე იმ არაფრით, რისი გაკეთებაც შეგეძლო, მაგრამ არ გააკეთე. ხშირად ვფიქრობ, ალბათ არ მიგაჩნდი იმდენად ღირებულად, რომ სირთულეებს შესჭიდებოდი, რაღაცები დაგეთმო და გებრძოლა. იმასაც ვფიქრობ, რომ შეიძლება საკმარისად კარგი არ ვიყავი, რომ შენგან ეს ყველაფერი მიმეღო. თუკი ასე მარტივად აპირებდი უკან დახევას, რატომ ცდილობდი და რატომ გინდოდა შენი ნაჩუქარი შოკოლადებითა თუ უბრალო არაფრის მთქმელი მოქმედებებით რამეს მივმხვდარიყავი. ნუთუ შენი მიზანი ეს იყო, რომ იმედი მოგეცა და მერე არარაობასავით მომქცეოდი. არ ვიცი, შეიძლება მე ვანიჭებდი ამ ყველაფერს იმდენად დიდ მნიშვნელობას, რომ ილუზიებში გადავეშვი და რეალობის გაგება მიჭირს. მიჭირს გავიგო სად გადის ზღვარი სიყვარულსა და იმედგაცრუებას შორის, რადგან მეჩვენება თითქოს ისინი ერთად თანაარსებობენ. შენ შეიცვალე, მეც შევიცვალე, ჩემი მზერაც შეიცვალა და შენი ღიმილიც. შენთან შეხვედრაც შეიცვალა… ახლა უბრალოდ ნაცნობებივით ვართ. მაგრამ, რომ იცოდე რამდენიმე დღის წინ, როცა ამდენი ხნის შემდეგ გნახე, როგორი გაბრწყინებული თვალებით გიყურებდი ზურგით მიმავალს, როგორი ბედნიერი ღიმილითა და ინტერესით გეკითხებოდი, თუ რატომ არ ჩანდი, ნეტავ მაშინ მაინც თუ გააკეთებდი ერთ ბეწო რაღაცას მაინც ჩემთვის, წამით მაინც თუ დაივიწყებდი მომავლის შიშსა თუ სხვების აზრს და იმოქმედებდი. მაშინ, რომ შემოგეხედა ალბათ რაღაც ისევ გაიღვიძებდა შენში, თუკი, რა თქმა უნდა, რამე არსებობდა, რადგან მგონია, რომ ჩემს იმ გულწრფელ ღიმილს, ბედნიერებასა თუ ემოციას, რაც შენი დანახვით იყო გამოწვეული, ყველაფრის თუ არა რაღაცის შეცვლა მაინც შეეძლო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი