21-ე საუკუნის დედები ანუ როგორები არ უნდა ვიყოთ (სიდედრი & დედამთილი)
სიდედრი - ჩემი შტერი შვილი, სიმწრით გაზრდილი და ვის გაჰყვა, ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, ინჟინრის დიპლომით. როგორ ვარიგებდი ჭკუას, მაკოს ქეთიმ აჯობა, იმ შავტუხელა დიდცხვირა ქეთიმ, ახლა პარიზშია სამოგზაუროდ და ეს ჩემი გრძელფეხება შვილი თავისმა მოკლეფეხება ქმარმა ბათუმის პლაჟზე ამოხრუკა და ბედნიერად სურათებიც გადაუღო. ჩემს შვილს, რომ ვკითხე რა მოგწონს მაგ ბიჭში, ისეთ ბიჭებს იწუნებდი, ეს იმათთან რას მოვა თქო, ესე მითხრა ჩემი მეორე ნახევარია ისე მგავსო. რა მოიგონეს ეს? აღმატებულ ხარისხში აყვანილი სიყვარული. „მეორე ნახევარი“ იქნება შვილი, რომ ეყოლება და ათასი რამე დაჭირდება, ეს აღმაფრენა უშველის? სიყვარული კი არა დედაჩემმა, რომ მითხრა რეზი კარგი ბიჭია ჩვენი ოჯახის შესაფერისიო წინააღმდეგობაც არ გამიწევია ისე გავყევი ცოლად. ეს ჩემი „შტერი“ კიდევ. ამდენი წელი ამას ელოდა? ესე გვიან გათხოვდე და გაჰყვე ვის? აღარც მინდა გავიხსენო ის დღე, ჩვენთან, რომ ამოიყვანა გასაცნობად, ელდა მეცა. ისეთი რაღაცეები ილაპარაკა ნახევარზე მეტი ვერც გავიგე ან რაში მაინტერესებდა, ის ვერ უზრუნველყო, რომ ცალკე გასულიყვნენ და ეს ჩემი „შტერი“ დედამთილთან ცხოვრობს, ახლა ბავშვსაც ელოდება, დედა მოუკვდეს ისევ მე თუ მივეხმარები, თორემ მაგის პატრონი არავინაა. ესეა საერთოდ ჩემი შვილისნაირი გოგოები, უმაღლესი განათლებით, ლამაზები, მაღლები ესეთ ბედში ვარდებიან. მოკლედ დარდისაგან აღარ ვარ. დედამთილი- გუშინ საღამოს მივედი ჩემს შვილთან, კარი თვითონ გამიღო, თან თეფში ეჭირა ხელში, რომ ვკითხე შენი ცოლი სადაა მეთქი, ბავშვს ზღაპარს უკითხავსო. ჩემი ქმარი საღამოს სამსახურიდან, რომ ბრუნდებოდა თეფშით ხელში მე ვხდებოდი კართან და ბავშვს უკვე ეძინა. თუ არ შეგიძლია იმუშაო და თან ოჯახს მიხედო, სამსახურიდან უნდა წამოხვიდე. ვერც დავინახე რას ჭამდა ჩემი შვილი, ისეთ სადილებს ამზადებს პირს ვერ დააკარებ. ბავშიც ვერ ვნახე. მე ყოველ შაბათს ჩემი შვილები თავად მიმყავდა დედამთილთან, ესენი კიდევ, ქალაქგარეთ გარბიან ბუნებაში. რა ქალაქში ბუნება არაა? მე თუ არ მიტარებია გივიკო ქალაქგარეთ ვერ გაიზარდა ტანადი და ახოვანი დედა შემოევლოს, სადარბაზოდან, რომ გადიოდა თვალს ვერ მოწყვეტდი ისეთი იყო, ხო ერთხელაც გავიდა და გადეყარა ქალბატონს. ისეთია ჰოლივუდის კინოვარსკვლავი გეგონება, ჩემი შვილის ხელფასი სულ მაგის სალონებსა და ჩაცმა -დახურვას ხმარდება, რომ დაბანო ალბათ ვერც იცნობ, თვითონ სამსახურში გასართობად დადის. ეს ჩემი შვილი ისეა შეყვარებული ბინდგადაკრულივით დაყვება უკან. ქალბატონის ინიციატივა იყო ცალკე გასვლა, თორემ ჩემი შვილი ერთი დღეც ვერ ძლებდა უჩემოდ. მოკლედ დარდისგან აღარ ვარ. დასკვნის სახით. ჩემი მეგობრის ბებია, როგორც იტყოდა: „ბებო, მთავარია სიყვარული, თორემ რაჟიკოს ცოლად, რომ გავყევი ერთი წყვილი ძირგამოხეული აზიაცკები ჰქონდა, მე კიდევ ფუთაში გამოკრული ერთხი ხელი გამოსაცვლელი კაბა, არც სახლი გვქონდა და არც ქონება გარდა ერთმანეთის სიყვარულისა და 57 წელი სიყვარულში გავატარეთ, სიყვარულით ავაშენეთ და მოვაშენეთ ის რაც გვაქვს. სიყვარული ადვლია ბებო, სიყვარულს მიზეზი არ ჭირდება, სიძულვილისთვის უამრავი მიზეზი არსებობს, მიზეზების ძებნას ყოველთვის ჯობია უმიზეზოდ გიყვარდეს“. თინა ბებოს 5 შვილი ჰყავდა სამი გოგო და ორი ბიჭი, ის არაჩვეულებრივი სიდედრი და დედამთილი იყო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი