*** (ვერ ვიტყვი ყველას)
ვერ ვიტყვი ყველას მეთქი, მაგრამ ადამიანთა გარკვეულ ნაწილს ერთხელ მაინც ჰქონია შეხება ტანსაცმლის ბაზრობასთან, ოო დანტეს ჯოჯოხეთის წრეებთან ჯოჯოხეთის ეს წრე რა მოსატანია. ძალიან „სვეცკოებისთვის“, რომლებიც მხოლოდ „ბუწიკებში“ დადიან და მხოლოდ ნაღდ „ზარა“-ს, „ეიჩ ენდ ემ“-ს, |მარქს ენდ სპენსერ“-ს, „მანგო“-სა და მრავალ ამაზე უფრო ძვირიან მაღაზიას აღიარებენ, მათთვის ალბათ უცხოა ის გარემო რასაც „ბაზრობა“ ჰქვია. ეს არის ადგილი სადაც ყველა ბრენდია „დიორი“, „შანელი“, „გუჩი“, „ვერსაჩე“, თან ნაღდი. ტანსაცმელი ისეა განლაგებული, რომ არ უნდა შეეხო, მხოლოდ შეათვალიერო და ინტუიციით მიხვდე რა გიხდება, თუ ინტუიცია არ გაქვს, „მაშინ რას იღებდი?“, „ამხელა გოგო ხარ და შენი ზომა არ იცი?“. თუ ერთი რამ მაინც მოიზომე და არ მოგეწონა შენს ისედაც გაჭირვებულ ტანზე და უკან დაუბრუნე გამყიდველს, იცოდე, რომ იმ წუთიდან შენი ლანძღვის წამზომი ჩაირთო და ვერა სულიერი ვერ გადაგარჩენს. „მესამე წრეს არტყამს“ გადაულაპარაკებს გვერდით მდგომს. არადა ამ წამს შევდგი ფეხი. რატომ ის ფეხი არ მომტყდა აქ, რომ შემოვედი. ფიქრებში გართული ისევ ძველ ტანსაცმელს ვიცვამ და ჯერ კიდევ ჩაუცმელს ჯადოსნური ფარდა გადამიხსნა გამწარებულმა გამყიდველმა. ნახევრად შიშველი იქით ვუხდი ბოდიშს, რომ არ ვიყიდე. მივდივარ მეორე სექციასთან, „აბა რა გნებავთ?“, „იცით ვეძებ“, „ხოდა რას გენაცვალე?“, უკვე ვიბნევი. ჩემთვის გულში, “ რას ვეძებ და ჯანდაბას“. „ეს შარვალი რა ღირს?“, „ეს არაა შენი ზომა“ და იწყება, ხვდება რომ ისე ვდგავარ, არ ვიყიდი იმიტომ რომ სახეზე მაწერია არაფერი მომწონს.“დღეს რა დღე მაქვს, ვერაფერი ვერ გავყიდე, ალაგება -დალაგებამ დამღალა“.ვდგავარ და ვფიქრობ სად გავიქცე. რაღაც ვიპოვე, „ თუ შეიძლება, რომ ჩავიცვა?“. „კი ბატონო“. ისევ სამალავში ჩავიცვი და აშკარად არაა ჩემი სტანდარტების ადამიანისთვის, იხსნება ფარდა და ისეთი შეძახილით მხვდება სამივე რიგის გამყიდველი ჩემსკენ იხედება, თურმე ჩემს ტანზეაა შეკერილი და რომ არაჩვეულებრივად მაზის, ფერი ისე მიხდება სახეზე, რომ მხოლოდ ეს უნდა ვატარო (ფერი შავია), არადა შარვალი მაცვია და არც იმსიგრძე ფეხი მაქვს, რომ სახემდე მოვიდეს ან ფერი, ან ფეხი. აგრძელებს „ეს შარვალი მარტო მე მაქვს, დაიარე მთელი ბაზრობა თუ გინდა, ჩინური კი არაა ნაღდი თურქულიაა, ორი დღის ჩამოტანილია“. არადა ვიცი მატყუებს. „არ მიხდება ქალბატონო, ჩემი ზომაც არაა“. „გაიწევს გენაცვალე, აბა ჩაჯექი“. „ქალბატონო, რომ ჩავჯდე გაიხევა“. შეშინდა „თუ ესე ვიწრო გაქვს როგორ ჩაიცვი?“. გამწარდა „ხოდა გაიხადე“ და იწყება ისევ „დღეს ვინ დამთარსა, ვერაფერი ვერ გავყიდე“. უკვე გამოვრბივარ თავგუდმოგლეჯილი აღარ მინდა არაფერი. საკუთარ თავს ვეჩხუბები, რა მინდოდაა? რას მოვეთრეოდი. აწითლებულმა, უკან მივიხედე, კიდევ ერთხელ შევავლე თვალი მოზურზუტე ხალხს, „ჩემი ფეხი არ იქნება აქ“ საკუთარ თავს პირობა მივეცი და სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას. ერთ კვირაში დამავიწყდა პირობა და ისევ კუპრში მოხარშულივით გამოვვარდი იქიდან, ოღონდ ამჯერად უკვე მე გავიმარჯვე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი