ახალი წელი
სულ ვფიქრობ ჩემს შვილებს ახალი წლის მიმართ რა დამოკიდებულება ექნებათ, რა გრძნობას, ასოციაციას გააღვიძებს ეს დღე მათში. თოვლის პაპა-ბაბუისთვის მიწერილი ბარათები გაახსენდებათ თუ კართან დადებული საჩუქარი თუ ის, რომ წერილი სადღაც დაიკარგა და თოვლის პაპა-ბაბუამ ის არ მოიტანა რაც დააბარეს მარტო იმიტომ რომ მათემატიკაში დაბალი ქულა მიიღეს ან თემა არ გამოუვიდათ. ჩემთვის ახალი წელი ეს იყო ნაძვის ხე, ფერადი სათამაშოები, ბევრი წვიმა , მანდარინები და ჩურჩხელები, ზაფხულშიც კი როცა ჩურჩხელას ვხედავ გემოს მაგივრად ახალი წელი მახსენდება და გოზინაყი მხოლოდ ახალ წელს არის გემრიელი, შუშხუნების მწარე სუნი ცხვირის ნესტოებს, რომ მიწვავდა, გახსნლი შამპანურის ჭიქებიდან გადმოსული ქაფი, მამა მაგიდასთან კამფეტებით ხელში, თავსაფარწაკრული მოფუსფუსე დედა და მე მაგიდის ქვეშ, ან სახლის კართან ატუზული რაღაც რიტუალის შესრულების დროს, რამე კარგის მოლოდინში. სინამდვილეში თვითონ ახალი წელი კი არა, ის რაც ახალ წლამდეა ის არის რაღაც მაგიური, ისედაც ცხოვრებაში შედეგი არასოდეს არაა პროცესზე საინტერესო. მოლოდინის წუთებია ყველაზე სანუკვარი რასაც მიზნამდე მივყავართ. სულაც არ მიყვარს ახალი წელი და თითქმის არავის არ უყვარს, მაგრამ რაღაც აქვს ამ დღეს, ან იქნებ დღეს კი არა...მაგრამ ნაძვის ხე, სათამაშოები თითქოს ისევ ის პატარა უზრუნველი ბავშვი ხარ და წინ რა გელოდება არ იცი. დაორთქლილი ფანჯრები, ბურუსში გახვეული ლამპიონები, მშიერი ოჯახის წევრები და ოჯახის დიასახლისის შეძახილი ჯერ „ახალი წელი არ დამდგარა“ და შენ რაღაც კარგის მოლოდინში, თითქოს ეს ერთი ღამე მთელს შენს მომავალს წყვეტს, ამ ერთ დღეს, მერე მეკვლეს და მერე „ბედობას“ ბრალდება შენი იღბალი თუ უიღბლობა. თითქოს მთელი წელი ამ ერთ დღეშია ჩატეული, მთელი 12 თვე 12 საათშია მოქცეული. ხოდა ვერ ავხსენი რა აქვს ამ დღეს ისეთი ან ასეთი, რა გვიხარია ან რას ველოდებით? იმედი არ მოგიშალოთ ღმერთმა, ყველა სურვილი აგსრულებოდეთ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი