ქორწილი


ისე ვემზადები გეგონება ჩემი ქორწილი იყოს, არადა არ მიყვარს ქორწილები, არც ფრაზა „ეს ერთი დღე აქვს ქალს და...“ რატომ აქვს ეს ერთი დღე? ამ დღის მერე რაც დღეები იქნება არც ერთი აღარაა ქალის? ხო ნუ გასაგებია კაცს ისე არ უხარია ქორწილი, როგორც ქალს, მაგრამ მაინც ვერ ვიგებ ამ ფრაზის შინაარსს. ვემზადები, აფორიაქებული დავდივარ წინ და უკან, ვიცი უნდა შეგხვდე, არ გცალია, რომ წამიყვანო და შეხვედრა დავთქვით. ხან თმა ვერ გავიკეთე, ხან მაკიაჟი, არადა ძალიან მინდა მოგეწონო, დაღლილი ყოველდღიურობა მინდა გავიხადო და დაგანახო, რომ არ შეცდი არჩევანში, რომ მე ცოფიანი, არაადეკვატური და სულ გადათიშული კი არ ვარ მარტო, დედოფლობაც შემიძლია.  არადა არაა ეს დღე ჩემი, სხვისია და ვიჩემებ, როგორც იქნა გავემზადე თან მეშინია საახალწლო ნაძვის ხესავით არ ვბრჭყვიალებდე, სურათებს ვიღებ ყველა რაკურსიდან და ჩემს გოგოებს ვუგზავნი, თუ სიკვდილია ჯერ მათ მომკლან. მგონი გადავრჩი, მაგრამ რომელი მეგობარი მოგკლავს უკვე გამზადებულს. მივრბივარ, აი ისე სარა ჯესიკა პარკერის გმირი ქალი, რომ მირბის პარიზის ქუჩებში ჰაეროვნად და თან ვფიქრობ ემანდ არ გავიშხლართო სადმე თქო, ტაქსი რატომ არ გამოვიძახე? კარგით რაა მერე მთელი რომანტიკა ირღვევა თუ ცოტა არ ირბინეე, მოძრაობა არ შეაჩერე. როგორც იქნა მოვაღწიე შენამდე, შენ დგახარ ისეთი, მედიდური, ზურგიდანც კი ვგრძნობ შენს გულისცემას თუ ჩემსას? მოკლედ ვეღარ ვიგებ, ტრიალდები და მე განაჩენის მოლოდინში ვიყინები ადგილზე, ისეთი გამიღიმე კინაღამ მუხლები მომეკვეთა, გამოცდა ჩაბარებულია შენ განგმირული ხარ, ხელს მკიდებ და რასაც ჰქვია მიმაქროლებ.  ცხოვრებას ალამაზებენ ასეთი წუთები, მაგრამ  უნდა გვახსოვდეს, რომ კონკია 12 საათის მერე ისევ ცოფიანი, არაადეკვატური და გადათიშული გახდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი