კრემიანი ფუნთუშა
წელს ზამთარი ისეთი ძუნწი გამოდგა თოვლი არ გვაღირსა, როგორც იტყვიან ღარიბი კაცის ზამთარია არც ისე მკაცრი, მაგრამ ეს რამდენიმე დღეა ისეთი ყინვა დაიჭირა ძვალსა და რბილში ატანს. დღეს წასავლელად გავემზადე, დედაჩემმა ჩემი შიშველი კოჭების შემხედვარემ ვეღარ მოითმინა და შემომჩივლა: „ერთი ამიხსენი, ეს ასეთი მოდაა თუ შენ დადიხარ მარტო ასე?“. მე ავქაქანდი, მერე დედაჩემი აქოთქოდა და სახლიდან რასაც ჰქვია შურდულივით გამოვვარდი. გარეთ ისე შემცივდა სიბრაზემ წამში გადამიარა და ვინანე დედას, რომ არ დავუჯერე. რა ტრიპაჩობაა ახლა ეს? ჩაიცვი რა, „ზამთარს ეკონკე და ზაფხულს ეკოხტეო“, მაგრამ ეს ანდაზა აშკარად არაა ჩემზე. მოვიარე ქვეყანა და გაჩერებაზე ისე მოუჭირა ყინვამ, ჩემმა გაყინულმა ფიქრებმა იარეს, იარეს და ცხელ ჩაისა და კრემიან ფუნთუშებს მიადგნენ, აუუუუფ... დიდი ნერწყვი გადავყლაპე ისეთი, ჩემს წინ მდგომმა ქალმა ტუჩებმოპრუწულმა გამომხედა. ჩემი ტვინი კი აგრძელებდა, რა მაგარია ჩაი და ცხელ-ცხელი ვანილიანი კრემით გამოტენილი ფუნთუშები, სამ ცალს რომ შეჭამ და მერე საკუთარი თავიც გძულს და ფუნთუშაც, ნახევარსაათიანი სინანული ცალკე გჭამს და მიღებული კალორია ცალკე, მაგრამ სამაგიეროდ რა სიამოვნებაა, აბა ზაფხულში ჩემმა მტერმა ჭამა ცხელი და კალორიული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი