8 მარტი


როგორც წესი ყველაფერი იწყება 7 მარტს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მილოცვები ქალების მხრიდან არის, ამას ქალური სოლიდარობა ჰქვია. ისეთ რამეებს უსურვებენ ერთმანეთს რასაც „ კაცი ვერ გაიგებს“. ის ვინც ამ დღეს საქეიფოდ მიდის დილიდანვე იწყებს მზადებას სიტყვებით: „ყველა დღე კაცებისაა და ეს ერთი დღე, ხომ შეიძლება ჩემს თავს მივხედო“. საღამოს რესტორანში მიდის დაქალებთან ერთად, გარკვეული დროის მერე იწყება იმ კაცის ლანძღვა ვისი ფულითაც მიდის, ვისაც თავისი შემოსავალი აქვს არც ის აკლებს , ქმარი ან შეყვარებული ვისაც არ ჰყავს ისიც კაცებს ლანძღავს, რომლებმაც ვერ მოინადირეს მისი გული, არის ისეთი კატეგორია, რომელიც ამაყობს თავისი მეორე ნახევრით და თან დასძენს, რომ თავად არის კარგი და იმსახურებს ასეთს. ხანდახან მგონია, რომ ქალების ცხოვრება სამ მარტამდე არ არსებობს, სამ მარტს იწყება რვა მარტის ჩათვლით გრძელდება და მერე ისევ ქრება. რატომ დაგვყავს ყველაფერი თარიღებამდე? რატომ ვაჩვევთ მამაკაცებს, რომ ზუსტად ამ დღეს გვჭირდება ყურადღება, საჩუქარი, მოფერება, ბავშის დატოვება, ის რომ მხოლოდ 8-ში ვართ ქალები და ყოველ „ჩვეულებრივ დღეს“ შინამოსამსახურეები, ძიძები, ოჯახში შემომტანები. იყოს „8 მარტი“, მაშინ როცა მეგობრებს ხვდები, როცა საყვარელი ადამიანი საჩუქარს გიძღვნის, როცა შენი შვილი გეტყვის „მიყვარხარ“. იყოს ყველა დღე შენი და იყავი ქალი, ყოველთვის, სადაც არ უნდა იყო, ბოსტანში, ყანაში თუ კაბინეტში და არა მხოლოდ 8 მარტს. და მაინც გილოცავთ სიტყვიერად, არა სურათით, არა ლექსით და არა დაზეპირებული ფრაზებით. გილოცავთ და იყავით ქალები სადაც არ უნდა იყოთ, ეს არის შინაგანი მდგომარეობა და არა სტატუსი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი