იასამანი


ისეთი თქეში იყო, გეგონებოდათ სახლის სახურავს ვიღაცამ ქვები დაუშინაო. მოვიბუზე სავარძლის კუთხეში, ხის ფანჯრებიდან გარეთ დატრიალებული მიწის სურნელმა მაინც იპოვა გზა და ცხვირში დამიტრიალდა, თვალები დავხუჭე, გავინაბე, ასეთ დროს არაფერს არ ფიქრობ ადამიანი, წამიერად ითიშები და მერე რაღაც ძალა გაფხიზლებს ისევ. კარგია წვიმა, ღამეც, დღეც, კარგია თუ არ გადიხარ გარეთ, ფანჯრიდან უყურებ და ფიქრობ არაფერზე, არავისზე და გულის მხარეს რაღაც გევსება, დიდდება, მერე მთელს სხეულში გეფანტება ნაწილაკებად და სასიამოვნო სითბო გეღვრება. მხარის ტკივილმა გამაღვიძა, სავარძელში ჩამძინებია, მზის სხივებს ჩემი შიშველი ფეხის თითები გაეთბო, გავსწორდი, „დღეს კარგი ამინდი იქნება“, გავიფიქრე. ფანჯარა გამოვაღე და იასამანი, ჩემი იასამნის ბუჩქი აფეთქებული დამხვდა, ფეხზე ჩავიცვი, კარი გამოვაღე და ნაწვიმარ მიწაზე თითის წვერებზე  გადავირბინე. „გამარჯობა ლამაზო“, მივესალმე და ჩავეხუტე, სახეზე მომედო წვიმის წვეთებით დახუნძლული ბუჩქი, ისეთი სურნელი ჰქონდა გამაბრუა. არა, მაინც რა უცნაური „გოგოა“ ეს გაზაფხული, თავზეხელაღებული, ანცი და სულ სასურველი. ხოდა რა არის ბედნიერება? ალბათ ის რაც მხოლოდ შენთვის არის ფასეული, მხოლოდ ის, რაც შეიძლება სხვამ ვერც კი გაიგოს და დაინახოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი