სესილი


იმას თუ რა დამემართა მხოლოდ დარჩენილი მუცელი მახსენებდა. 
-წესით სამნი უნდა ვბრუნდებოდეთ სახლში- შენმა სიტყვებმა თითქოს სხეული დამისერა. ნაბიჯების სიმსუბუქის მიუხედავად შინაგანი სიმძიმე მუხლებში მამტვრევდა. მინდოდა გავმქრალიყავი, ან გამომეტოვებინა ის ღამე და ის დილა. ესეთ დროს არ გინდა არაფრის თქმა, იმიტომ რომ დუმილი ყველაფერს ამბობს და გტკივა ... ერთმანეთს ვერ ვუყურებდით, მაგრამ ორივე ერთი და იგივეზე ვფიქრობდით, ეს ის მომენტია როცა ზუსტად იცი შენი საყვარელი ადამიანი რას განიცდის. 
-დედასთან გავიაროთ უნდა უთხრა. კარი ჩემი გასაღებით გავაღე „მა როგორ ხარ?“ „ვა ნატულიკ, ლიზი სადაა?“ „სახლში. დედა სადაა?“ - კითხვაზე კითხვით უპასუხე. „აქ ვარ“ . „დე ეხლა არ ინერვიულო მე კარგად ვარ, გუშინ ვიმშობიარე და მკვდარი გავაჩინე“. მივაყარე...დედაჩემის გაოგნებული და გაფითრებული სახე არ დამავიწყდება. აბაზანაში შევვარდი, პირსახოცი მივიფარე სახეზე და ავღრიალდი, მერე ცრემლები უცებ შევიმშრალე და გამოვედი. იყო კითხვები და იყო პასუხები...წამოვედით.
-აფთიაქთან გააჩერებინე რა- ისე გითხარი საკუთარი ხმის შემეშინდა.
მანქანა გაჩერდა, გადმოვედი, ხელებით მუცელი დავიფარე, არ ვიცი რატომ? შევედი აფთიაქში. რეცეპტი გავუწოდე ახალგაზრდა გოგოს .
-დოსტინექსი, სამი აბი?-მკითხა
-დიახ.
მოვიხედე და წყვილი შევნიშნე, გოგოს  შესამჩნევი მუცელი ჰქონდა. 
-თუ შეიძლება ფიზიოლოგიური ხსნარი, სტერილური ბამბა და 3% „პერეკისი“. მოკეცა ქაღალდი და ჯიბეში ჩაიდო. 
„ახალი გაჩენილი ჰყავს“ - გავიფიქრე. რაღაც გამიწყდა შიგნით გულთან, ჩავიდა მუცელში დატრიალდა და უკან დამიბრუნდა. „დრო, რომ უკან ბრუნდებოდეს“- გავიფიქრე. ამ დროის მანძილზე არც ერთხელ არ მიკითხავს „რატომ?“  ყოველთვის არის პასუხები კითხვებზე, თუნდაც გამოსავალი არ იყოს. დრო კი ისევ მიდის და არავინ არ თქვას, რომ ტკივილი ნელდება უბრალოდ ტკივილს ეჩვევი და ის შენი ნაწილი ხდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი