ქალებზე
ყველაზე კრიტიკულები, დაუნდობლები და სასტიკები არიან ქალები. გვერდში დგომის გარდა გვერდზე გადგომაც ეხერხებათ, დაცინვა, გაკიცხვა, ჭორაობა, არ დანდობა, გაყიდვა, გაცვლა. ნუ...ნუ გაკიცხვათ ქვრივს, რომელიც იღიმის, შვილმკვდარ დედას, რომელიც ძაძებით შემოსილი არ დადის, იქნებ მას სახლში კიდევ ჰყავს შვილები და ვერ დამარხავს დანარჩენებსაც ცოცხლად, მეზობელს, რომელსაც დაულაგებელი სახლი აქვს, მოუწესრიგებელია, არ გაფინა კარგი სარეცხი, მეგობარს, რომელსაც თქვენნაირი კარგი შვილი არ ჰყავს, არ გაუმართლა, თანამშრომელს, რომელიც თქვენსავით ჭკვიანი არაა, მაგრამ უფრო მაღალი ხელფასი აქვს, ახლობელს, რომელმაც ისე გააჩინა შვილი ყოველგვარი „წესების“ დარღვევით, ნუ ცხოვრობთ სხვისი სახლებით, მანქანებით, კარიერით, ოჯახებით. სხვისი წაგებით მოპოვებული თქვენი გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ გამართლებაა და „იმ რიგში“ ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს და „ღმერთმა დამიფაროს“ ვერ გიშველით. იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით, თქვენი კილოგრამებით, თქვენი ბედით, თქვენი ცოდვებით თუ უცოდველობით, თქვენი ოცნებებით, თქვენი წარმოდგენებით და ისწავლეთ თანადგომა და არა მარტო გვერდით დგომა, მოსმენა და არა გაკიცხვა, დანახვა და არა ყურება, გვერდიდან, შორიდან, ჭუჭრუტანიდან. ძნელია იმ ცხოვრებით იცხოვრო, რომელსაც არ აღიარებ, არაა შენთვის მართებული და მისაღები, ამიტომ თუ არ შეგიძლიათ გაგება, უბრალოდ გაჩუმდით და თქვენი სივრცის ჰაერით ისუნთქეთ, არ არის აუცილებელი ყველაფერი გესმოდეთ და ხედავდეთ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი