დღეს ...


დღეს ყველაფრის ყიდვა შეიძლება და ყველაფრის გაყიდვა. სიცოცხლის ყიდვაც კი შეიძლება  თუნდაც ერთი დღით თუ ფული გაქვს. კი ნამუსიც იყიდება, ყველაზე გასავლიანი ეგ არის.  21-ე საუკუნე ყიდვა-გაყიდვის საუკუნეა. საკუთარი შვილის გაყიდვაც შეიძლება და ყიდვაც. შეგიძლია მიჰყიდო შენი შვილი ვინმეს ან მას უყიდო, მაგალითად  დიპლომი, მერე სახლი, მერე კარგი ადგილი, კარიერა შენს შტერ შვილს, რომელიც არაფრით გამორჩეული არაა და არც სულიერი ღირებულებები გააჩნია, იმიტომ რომ არ იცის ეს რა არის. ცხოვრება მისთვის ძვირიანი ნივთებით ფასდება და ლანგარზე დადებული ტორტის ნაჭერივითაა ტკბილი და მსუყე. „ეგეთი“ შვილები ყველგან და ყველას უყვარს. შტერები და ფულიანები, თავადაც მარტივად ყიდულობენ დაა მარტივად ჰყიდიან ადამიანებს. ესეთი „გამყიდველი“ „მყიდველი“ თუ შეგხვდა ცხოვრებაში ვერ გადარჩები თუ ფული არ გაქვს. იმიტომ რომ შენ „ჯაყო“არ ხარ ყველაფერზე წამსვლელი და ამიტომაც მოკვდები ასეც და ისეც. და მაინც მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეზე გული გწყდება ადამიანს უფულობის გამო, ფული ჯოჯოხეთს ვერ ანათებს, არ დაიჯეროთ, ის ნათურა, რომელიც ჯოჯოხეთს ანათებს გაყიდვიდან ამოღებულია. საკუთარ თავს მეტი ფასი დაადეთ და ნუ გაიყიდებით, ვაჭრობას ნუ ასწავლით შვილებს, თორემ ყველაფერზეა ფასდაკლება და შეიძლება ზუსტად იმან გაგყიდოთ ვისაც ოდესღაც თქვენ ყიდულობდით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი