ათასჯერ თქმულზე
ცხელი კექსის ამინდია და კიდევ ისეთი, რომ არ თენდება, ნაცრისფერი, შემოდგომური, სევდის მიზეზის მომცემი, აი ისეთი სამი ზომით დიდი პიჟამა, რომ გაცვია, თმააწეწილი ხარ და მეგობართან ერთად ოხშივარმოდებულ გატეხილ კექსს მიირთმევ. მე „ყავისტი“ ვარ. ჩემს მეგობრებს...ზოგს ჩაი, ზოგს მოჰიტო, ზოგს უშაქრო ყავა, ზოგს ყავა შაქრით, ზოგს ლუდი, ზოგს წყალი, ზოგს „ფრეში“, ზოგს რძიანი ყავა უყვარს... რა უცნაურია, ჩვენ არაფრით არ ვგავართ ერთმანეთს და სულ ვფიქრობ რა არის ის რაც გვაახლოვებს ადამიანთან, რომელიც მერე საჭირო ხდება შენთვის, ძალიან ახლობელი, შენი... ის მეორე ადამიანი, რომელიც წლებია გიცნობს ისეთს ულვაშები, რომ გქონდა და მაინც გეუბნებოდა რა ლამაზი ხარო და ის მეგობარიც, რომელსაც ვერ წარმოუდგენიხარ ულვაშებიანი და ფიქრობს ეს გადაპრანჭული „სწერვა“ რა აუტანელი ვინმე იქნებაო. რა ჰქვია იმას რაც ორ სხვადასხვა ადამიანს ხდის ერთს, როგორ ნაწილდები შენ და როგორ გრძნობ კომფორტულად თავს და ზუსტად იცი, რა დროს რომელი მეგობარი უნდა „გადაშალო“ რომ შველა იპოვო, მიახტე, გალანძღო, ჩაეხუტო, სხვაზე „დაგროვილი“ იმ ადამიანს შეაყარო სახეში ვინც იცი, რომ გაპატიებს და იცის რა გტკივა. ისინი წაკითხულ წიგნებს გვანან, რომლებსაც უბრუნდები, მათ ეცრიცებათ გვერდები და შენთან ერთად ეტყობათ წლები, მაგრამ შინაარსი არ ეცვლებათ. და მაინც რანაირად გათენდა დღეს ოქტობრის ოცდათერთმეტი, შემოდგომურად ნაცრისფრად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი