მე, როგორც ასეთი


ყოველთვის მინდოდა იდეალური ვყოფილიყავი, არა იდელური არა ზეეეეიდეალური. არ დაიჯეროთ, რომ ეს სურვილი თანდაყოლი აქვს ადამიანს, ამ სურვილს გარემო ბადებს შენში და ის სტანდარტები, რომლებიც  კაცმა არ იცის და ალბათ არც ღმერთმა ვინ დააწესა. რა თქმა უნდა ბავშვობიდან იწყება იდეალისადმი სწრაფვა, შენი არა გარშემო მყოფი „კეთილი“  ადამიანებისგან წამოსული. სწორად დაჯექი კუზი ამოგივა, ეს არ ჩაიცვა არ გიხდება, ესე არ იქცევიან კარგი ბავშვები, ნუ მარცხვენ, არ იხტუნო, არ...ნუ...გეყოფა... და მსგავსები. მერე შენც „ავადდები“ იდეალურობის სინდრომით და გინდა კარგი ნიშნები, არა შენ არ გინდა გკარნახობენ, რომ გინდა, კარგი ნაკვთები, იდეალური პროპორციები და უმაღლესი განათლება, ამასთან უნდა იყო იდეალური შვილი, ცოლი, დედა, თანამშრომელი, მეგობარი, ნათესავი და თუ არ ხარ დამნაშავე  ისევ შენ ხარ. ესეაა მთელი ცხოვრება სულ ვიღაცას რაღაც უმტკიცებ, უკეთებ, ერგები და საბოლოო ჯამში ხვდები, რომ ძალიან შორს ხარ იმ იდეალისგან, რომელიც შენ, მხოლოდ შენ გინდა, რომ იყო და არა გარემოს და ადამიანებს ამ გარემოში. არავინ არ გპატიობს არაფერს და მერე არც შენ აღარ ინდობ საკუთარ თავს, თუმცა არიან გამონაკლისი „იდეალური ადამიანები“, რომლებიც სულ მართლები, კარგები, ლამაზები და წარმატებულები არიან, ოღონდ შენ მათ რიცხვს არ მიეკუთვნები. და ყველაზე საშინელი ის არის, რომ იგივე იდეალური ადამიანის გამოძერწვა გინდა შენივე შთამომავლობისგან და იგივესთვის იმეტებ, თითქოს ისინი კარგები თუ იქნებიან შენი დამსახურებაა და თუ ცუდები ისევ შენი ბრალი იქნება. ხოდა ნუთუ არ შეიძება, რომ უბრალოდ ვიცხოვროთ,ისე უბრალოდ და გვიყვარდეს საკუთარი „მახინჯი თავები“ და სხვასაც ვუყვარდეთ „მახინჯები“, ისე ვუყვარდეთ უბრალოდ, მარტვად და არაფრის გამო. და მაინც მომიტევეთ და უფალმაც მომიტევოს თუ კი რამ წყენა გიდევთ ჩემზე გულში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი