დედას


არ მიყვარს დღესასწაულები, არ მიყვარს სახელების დარქმევა დღეებისთვის, მუსიკისთვის, მომენტისთვის. ეს ჩვენი დღეა, ან ეს ჩვენი მუსიკაა... არც დედის დღე, მამის დღე, შვილის დღე, რაღაცის დღე. რა საჭიროა ეს დღეები, როცა შეიძლება მიზეზის გარეშე გიყვარდეს დედა. არ აწყენინო, უბრალოდ ისე გაახარო. უბრალოდ დაურეკო და უთხრა, „დე მიყვარხარ“, უბრალოდ ჩაეხუტო, თუნდაც არ უყვარდეს ჩახუტება, მოფერება, რატომ არ შეიძლება „ბრალის“ გარეშე უბრალოდ მოიცალო და ჰკითხო რამე, მოაყოლო. მერე რა, რომ ზოგჯერ მშობლები ისეთები არ არიან, ჩვენ რომ გვინდა და არც ჩვენ არ ვართ ისეთები მათ, რომ უნდათ. ალბათ კლასში ყველაზე ასაკოვანი მშობლები მე მყავდა, როგორც იტყვიან გვიანი ბავშვი ვიყავი და ჩემს კლასელებს ლამაზი, ახალგაზრდა და გაპრანჭული დედები ჰყავდათ. მეხსიერებაში კი რატომღაც ის ფერადოვნება აისახება ხოლმე რაც თვალს გჭრის, მახსოვს ერთხელ დედამ პომადა წაისვა და ისე გამიკვირდა აღმოვაჩინე, რომ ძალიან უხდებოდა. არც მიკითხავს არასოდეს რატომ არ იპრანჭები მეთქი. როცა ვეუბნებოდი მამა რა სიმპათიური იყო თქო. არც მე ვიყავი ცუდი გოგოო ესე ამბობდა. ხომ არიან ქალები, იმ გაგებით, რომ ქალურები არიან, დედაჩემი არა, დედაჩემი არის მხოლოდ და მხოლოდ დედა, მთელი თავისი არსებით, თავგანწირვით, სიძლიერით, მხოლოდ იმისთვის დაბადებული, რომ იყოს დედა, მაგრამ ხშირად მეკითხება ხოლმე , ’’ხომ არ ვიყავი ცუდი დედაო? ვეცადე რაც შემეძლო ყველაფერი გამეკეთებინაო“. სხვადასხვანაირი საზომი აქვს ცხოვრებაში ყველაფერს. ზოგისთვის დედა ისაა ვინ დილით ღუმელს ანთებს, ზოგისთვის კი ის ვინც შვილისთვის ძვირიან ნივთებს ყიდულობს, მაგრამ ალბათ მთავარი მაინც ისაა, რომ შვილები უმადურები არ ვიყოთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი