შენ


კარი გავაღე მარტო შენი ფეხები და იასამანი ჩანდა, შემოხვედი და მომაყარე ბუზღუნით, ჩავიხუტე ეს ცივი და რაღაც გამაბრუებელი სურნელი, წამებში წარმოვიდგინე  როგორ გაძარცვე იასამნის მოქუჩქუჩებული ბუჩქი  და მომიტანე. ავცეტდი უცებ, რა გამეხარდა უფრო არ ვიცი იასამანი თუ ის, რომ გახსოვდა. როდის იწყები შენ ან მე როდის ვიწყები? ჩვენ, ორი სხვადასხვა სასმისი, დღე და ღამე, დასავლეთი და აღმოსავლეთი, პოეზია და პროზა, ცეცხლი და უფრო ცეცხლი. და  სიყვარული? ის არ ჰგავს კონკიას ამბავს და ჯულიეტას ტრაგედიას. სიყვარული ჩემთვის არის გაღებული ფანჯარა ქარიშხლის დროს, მიძინებული ტალღები, თაკარა მზე, სრული ქაოსი, ანარქია, კოცონი, მთა, ხეებით დაფარული ცა. რატომ? იმიტომ რომ დილით მაგიდაზე დადგმული შვრიის ფაფის, ლოგინში მორთმეული ყავის, თითზე ბრილიანტის ბეჭდის, ფეხზე მანოლა ბლანიკის, ტანზე ვერა ვონგის „სიყვარული“ ძალიან, ძალიან, ძალიან ადვილია. ალბათ იკითხავთ რატომ იტანჯავ თავსო? და ვინ გითხრათ, რომ ვიტანჯები?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი