სხვისი ბედი
სიყვარულით გათხოვდა, ყველა წესის დაცვით, ჯერ დაინიშნა მერე ცოტა ხანი თავმომწონედ იარა დანიშნულმა ხელზე მოციმციმე ბრილიანტის ბეჭდითა და რვაგრამიანი ბაჯაღლოს „ბუბლიკით“. ქორწილიც ჰქონდა 400 კაციანი, თეთრი ქათქათა პრინცესული კაბა ეცვა, ისეთი ბედნიერი იყო დედამისის ალეწილი სახე არც კი შეუნიშნავს, რამდენს ეჩიჩინა არაა ეგ ბიჭი ჩვენი წრის და თავს ნუ იღუპავო. არ დაუჯერა, ხოდა 7 თვის ორსული სასწრაფომ წაიყვანა ჩალურჯებული თვალით. მაინც არ გაშორდა დედასთან გადავიდა საცხოვრებლად და სამი შვილი გააჩინა. თითქოს ყველაფერი აეწყო დალაგდა, ძველი ტკივილიც ალაგდა. მაგრამ ის გოგო, რომელიც დედოფალივით დაცურავდა საქორწინოდ მორთულ დარბაზში სადღაც გაქრა. გასუქდა, თვალებში სევდა ჩაუდგა, სიყვარულიც განელდა, გადანაწილდა სხვადასხვა ოთახებში, დაგვიანებაში, არმოკითხვაში, გულგრილობაში იმის მხრიდან. ვინ დაამთავრა და როდის მგონი არც ახსოვს, მაგრამ იმის შემდეგ, თითქოს გაცოცხლდა, გახდა, თმა შეიღება, სტილი შეიცვალა, ტატუ გაიკეთა, მანქანა, ბინა იყიდა, სიცილი გაიხსენა, ისევ ის ქერქეტა გოგო დააბრუნა თავის სხეულში. ყოფილმა მოუხშირა ბავშვების სანახავად მოსვლა და ერთი-ორჯერ დარჩა კიდეც, არ უთხრა დედამისს, მაგრამ ბავშვებს წამოცდათ. საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულს გააფთრებული დედა დახვდა სახლში, დაპირდა, რომ არ შეურიგდებოდა, მერე ჩანთიდან ჩუმად ამოიღო სამსახურში გაკეთებული ორსულობის ტესტი და ნაგვის ურნაში ჩააგდო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი