სინამდვილეში
არ დაიჯეროთ, რომ ცხოვრებაში ვინმე თქვენს მაგივრად რამეს გააკეთებს, ის რაც თქვენი გადასატანია თქვენ უნდა გადაიტანოთ, თქვენ უნდა დაკარგოთ, თქვენ უნდა გეტკინოთ და ვერავინ ვერ შეგცვლით, თქვენს ამოსაღებ კბილს სხვა ვერ ამოიღებს. ვერავინ ვერ იქნება თქვენი ტკივლის თანაზიარი, არ დაიჯეროთ, რომ ადამიანებს ისე სტკივათ თქვენი დანაკარგის, როგორც თქვენ და არც თქვენ გტკივათ სხვისი, სამძიმარზე მისულები ჩვენ ყველანი ჩვენს დამარხულ ტკივილს ვტირით, ბევრი შვილმკვდარი დედა მინახავს სატირალში მოსული თავისი შვილი უტირია და წასულა, ყველა ადამიანი თავის ტკივილს ტირის, ვერ გეტკინება სხვისი გაჭრილი თითი ისე, როგორც სხვას სტკივა და თუ შენ გაიჭერი მაინც მოგეჩვენება, რომ შენი ჭრილობა უფრო ღრმა და მტკივნეულია, იმიტომ რომ შენთვის უპირატესი შენივე თავია. სიხარულიც ასეა, ტკივილზე უფრო მეტად ადამიანებს სხვისი სიხარულის გააზრება უჭირთ. სხვისი წარმატების შესახებ, რომ გავიგებთ კი გვიხარია, მაგრამ როგორ? ვაგრძელებთ ფიქრს- რა ბედი აქვს, გაუმართლა, რა ენაღვლება, მაინც მიზეზებს ვეძებთ. და არ არსებობს ადამიანი ასე, რომ არ ფიქრობდეს ან ერთხელ მაინც,რომ არ ეფიქროს, ყველამ ჩვენს გულებში, ჩვენს მოსიყვარულე გულებში ჩავიხედოთ.არადა იცით როგორ უნდა იყოს? როცა გაიგებ ადამიანის წარმატების შესახებ და გაგეხარდება შენმა ტვინმა უნდა შეწყვიტოს ფიქრი, იქ უნდა დამთავრდეს, აღარ უნდა მოჰყვეს ამას გაგრძელება თუ რატომ, რისთვის, ვისით და რის ხარჯზე, მაგრამ ეტყობა ადამიანის ტვინს, დიახ იმ ტვინს, რომელიც მთვარეზე გაფრინდა, გული გადაუნერგა, საოცრებები ჩაიდინა, ზუსტად იმ ტვინს არ შეულია არც სხვისი ტკივილის გაზიარება და არც სიხარულის, არ ძალუძს სრული სისრულით, რომ გაითავისოს თავისად გაიხადოს ის რაც მისი არ არის. და მაინც აბა სად იწყება ადამიანში „ადამიანი“ და სად მთავრდება?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი