გამართლება


გაუმართლა და კარგ ოჯახში დაიბადა, დედა პროფესორი, მამა პროკურორი. არაფერი არ აკლდა, კარგი კვება, საუკეთესო ტანსაცმელი, დასვენება, მით უმეტეს, რომ ერთადერთი  შვილი იყო ოჯახში და რასაც ჰქვია ყველაფერი მის გარშემო ბრუნავდა. ათამამებდნენ, ანებივრებდნენ, აღმერთებდნენ. სკოლაში წარჩინებული მოსწავლე იყო, შედეგმაც არ დააყოვნა პირველივე წელს ჩაირიცხა, როგორც კი დაამთავრა მამამ კარგ ადგილას მოაწყო. გათხოვდა გრანდიოზული ქორწილი გადაუხადეს, ისეთი პატარძალი იყო ქალაქი 2 წელი ლაპარაკობდა. საჩუქრად ბინა და მანქანა მიიღო. მეგობრებში თავმომწონედ დადიოდა, დაქალებს ირონიულად გადახედავდა ხოლმე ნატანჯ სახეებზე და სულ უკვირდა რა საჭირო იყო ოჯახში ამდენი შვილი, როცა შეიძლებოდა თავისუფლად ეტარებინა დრო და საზრუნავი მხოლოდ თავისი თავი ჰქონოდა. პირველმა ქორწინებამ არ გაამართლა მეორედ გათხოვდა, მერე მესამედ. მის მეგობრებს უკვე სტუდენტი შვილები ჰყავდათ. ისინი დაბერდნენ ის კი ისევ ისეთი იყო, როგორც ახალგაზრდობაში, მაღალი მოხდენილი, წითური თმით, მოვლილი ხელებითა და კარგი თანამდებობით, რასაც ჰქვია შემდგარი ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობდა. ერთ დილას უჰაერობამ გააღიძა ძლივს მივიდა ტელეფონამდე, მეგობარს დაურეკა, მაგრამ მეგობარი წასული დახვა. ტელეფონზე მისი ქალიშვილი შეხვდა, გოგონა ხმაზე  მიხვდა ცუდად, რომ იყო და ერთ საათში ექიმთან ერთად დაადგა სახლში. ექიმმა გასინჯა, დაამშვიდა, წამლები გამოუწერა და წოლითი რეჟიმი დაუნიშნა. სანამ მეგობარი მოვიდა, მის შვილს ყველაფერი ეყიდა და უყურადღებოდ არ დაეტოვებინა. როცა გვიან საღამოს ყველა წავიდა და მარტო დარჩა შეეშინდა, განა იმის მარტო რომ იყო, იმის მხოლოდ საკუთარი თავისთვის, რომ იცხოვრა და სინამდვილეში ვერ გაიგო რა იყო სიყვარული, ის მთავარი სიყვარული, რომელმაც დღეს წამალი მოუტანა, არ მიატაოვა და დაეხმარა, ის სიყვარული რაც თვითონ იყო თავისი მშობლებისთვის და მან ვერ გააგრძელა ეს სიყვარული. ცხოვრებას მოაქვს დღეები, როცა იღვიძებ  და იცი, რომ ვერაფერს ვერ შეცვლი შენში და უკვე დაგვიანებულია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი