ცხოვრების ფერები ..
ცხოვრების ფერები ...რა შეიძლება ადამიანს არ დაავიწყდეს არასოდეს და ინახავდეს, მაშინაც კი როცა ის უკვე უძლურია დროსთან ჭიდილში? ღმერთი, ალბათ ყველაზე ხშირად მას ვახსენებთ და მას მივმართავთ კითხვებით, დედის გაკეთებული საჭმლის გემო, მამის ხმა, შვილის დაბადება, მეგობრის მიერ გამოწვდილი ხელი, როცა შენ წაქცეული და უიმედო ხარ, ბედნიერი წუთები, მუსიკა, რომელიც რაღაც პერიოდს გახსენებს, პირველი ხელფასი, რომელიც მომენტალურად ქრება, ის ადგილი, სადაც დღესაც, რომ გაიარო დეტალურად აღწერ სად რა და როგორ დგას. როცა პირველად გაიგე, რომ სიკვდილი არსებობს და შეგეშინდა, თუმცა დრო, რომ გადის მერე სიცოცხლის უფრო შეგეშინდა, საყვარელი ადამიანის სახე, როცა ის პირველად დაინახე, შეიძლება არ გახსოვდეს, რა ეცვა, რა რიცხვი იყო, მაგრამ მისი თვალები გემახსოვრება ყოველთვის. როცა გაიგე, რომ თურმე ფულით ყველაფერს ვერ იყიდი და გაგეხარდა, რომ არ იყავი ფულიანი, მაგრამ მდიდარი იყავი. გულისტკენა, ცრემლები, თეატრის ბილეთზე გაკეთებული წარწერა, საყვარელი ფრაზები, ფილმები, პირველი მანქანა, გულიდან წამოსული ტკივილი, სარეველა ბალახივით მოდებული მთელს სხეულში, სიცარიელის შეგრძნება, ტკივილი, შიში...რამდენი რამის დავიწყება არ შეიძლება და რამდენი რამ გვინდა გვახსოვდეს, მაგრამ არ გვამახსოვრდება, არ ვიმახსოვრებთ, არ ვიტოვებთ ჩვენში და გონებიდან ვაქრობთ, არადა ყოველი ერთნაირი დღე, როგორი სხვანაირია, ყოველი დღე რაღაცა სამახსოვროს გვიტოვებს, საჩუქარს, ერთად გატარების შანსს, რაც არ უნდა შორს ვიყოთ ერთმანეთისგან, გონებით, ხომ მაინც ერთად ვართ. ..................................... კარგია, როცა გვეღვიძება, ეს უკვე თავისთავად კარგია, კარგია როცა გვეღვიძება და გვეღვიძება სასიამოვნოდ. როცა არაფერზე ფიქრობ, მაგრამ მაინც ფიქრობ, არაფერზე, როცა სხეულს არ უნდა ადგომა, დადგომა, განა იმიტომ რომ ცუდად ხარ, არა, უბრალოდ სადღაც ხარ სივრცეშო გამოკიდებული და გინდა დიდხანს იყო ასე. არ თქვან ადმიანებმა, რომ ისინი არ ოცნებობენ. ყველა ოცნებობს, ზოგი მანქანაზე, ზოგი სახლის რემონტზე, ზოგი თმის გადანერგვაზე, შვილების მომავალზე, ახალ კაბაზე, დასვენებაზე.... და კიდევ ბევრ რამეზე, სასიამოვნოზე თუ უსიამოვნოზე, ვისთვის სასაცილოზე და ვისთვის მნიშვნელოვანზე. რამდენი შეუძლია ადამიანის გონებას, რა უკიდეგანოა ის და რა მდიდარი, რომ ასე შორს მივყავართ. სასიამოვნოა, როცა სასიამოვოდ გეღვიძება, არ გაბადია არაფერი და მაინც ბედნიერი ხარ, არა იმიტომ, რომ გიჟი ხარ, არა, უბრალოდ იმიტომ რომ ცოცხალი ხარ და ისინი ვინც გიყვარს კარგად არიან. კარგია როცა გეღვიძება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი