მამაჩემი


ყველაზე ძნელია იმ ადამიანებზე წერა ვინც გიყვარს, გეძნელება. მე კიდევ იმიტომ ვწერ, რომ არ დამავიწყდეს, ჩემს გონებას არ დაავიწყდეს ის რაც ძვირფასია, ის ვინც ძვირფასია. მამაჩემი არ ჰგავდა სხვებს, განა იმიტომ რომ კარგი იყო ან ცუდი, არ ჰგავდა ჩემი მეგობრების, კლასელების, ჯგუფელების მამებს, დირექტორებს, ლექტორებს, ინჟინრებს შემდგრებს, ერთი ჩვეულებრივი ოჯახის შვილი იყო. ოთხი კლასის განათლება ჰქონდა, ომგამოვლილმა ბავშვმა მეტი ვერ მოახერხა და ძალიან უნდოდა, რომ მე არათუ საშუალო უმაღლესი დამემთავრებინა, ეტყობა თავად ესირცხვილებოდა, სულ მეუბნებოდა არ თქვა, რომ ოთხი კლასის განათლება მაქვსო. რომც მეთქვა ვინ დაიჯერება არ ეტყობოდა ისეთი იყო.  დიდი ცხოვრებისეული სკოლა ჰქონდა გამოვლილი. მამა რაც იყო ისეთივე წავიდა, ხომ არიან ადამიანები ზენიტში მყოფები და მერე ჩავარდნილ-დავარდნილები, მამაჩემი როგორი ადამიანიც იყო ისეთად წავიდა, არაფერმა არ შეცვალა, თვითონ კი ბევრი რამ შეცვალა ან ცდილობდა შეეცვლა. უთვალავი რამის სწავლა შეიძლება, მაგრამ ის რაც გენეტიკურად დევს ადამიანში და რაც გადაეცემა მშობლისგან შვილს იმას ვერ ისწავლი, ასეთი ან ხარ ან არ ხარ. ხოდა ბევრჯერ მიფიქრია მამაჩემი, რომ სხვანაირი ყოფილიყო მეც ხომ სხვანაირი ვიქნებოდი? შეიძლება ადრე მინდოდა კიდევაც, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ   სტატუსი, წოდება, მიღწევა, ფული, ეს ყველაფერი ხომ თანაბრდება სიკვდილის დროს და მამაჩემის გვერდით ზუსტად იგივე სიმაღლის სამარეში სავარაუდოდ უკეთესი ქვით მოპირკეთებულში, წევს ვიღაცის სტატუსიანი, ფულიანი, წოდებიანი მამა და იგივე მიწა აყრია, არა შეიძლება უკეთესი ხარისხის, მაგრამ „იქ“ გასატანებლის გარეშე, ისევე როგორც მამაჩემი.  არიან მამები, რომლებიც „მამები“ არიან. ჩემთვის მამაჩემი...ადამიანი, ვისთვისაც ჩემით იწყებოდა და მთავრდებოდა ყველაფერი. ხოდა ჩემთვის „აქ“ დამთავრდა მამაჩემი და დაიწყო ტკივილამდე მონატრება,  ეს მონატრება მძიმდება, ისე, რომ ხანდახან მიჭირს მხრებში გასწორება, არადა მინდა. (მამა, მამაჩემი...ბევრჯერ მინდა გავიმეორო).

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი