დაბადების დღეს გილოცავ მა
ჩემი ძმის გარდაცვალების შემდეგ მამაჩემი ორმოცი დღე არ გამოსულა ოთახიდან, ორმოცი დღის შემდეგ დედა შევიდა და ჰკითხა: „ სამსახურში არ აპირებ გასვლასო?“ „ვისთვის ვიმუშაოო? „-მამაჩემმა. მე თურმე დედაჩემს გავუძვერი ფეხებში და ავიტუზე კუთხეში. „აი ამისთვისო“- დედას უთქვამს. როგორ უნდა ვთქვა მამებს უფრო უჭირთ შვილის წასვლა, ვიდრე დედებს მეთქი, მაგრამ ქალები ვერ ღალატობენ ვიღაცას რაღაცას, შეუძლიათ იტირონ, ილაპარაკონ, კაცებს კი უჭირთ, მეტად უჭირთ მამებს და რომ ამბობენ ქალის ხვედრი მძიმეაო, მგონი კაცის ხვედრი უფრო მძიმეა. რაღაცას რომ არ დავუჯერებდი „შვილებს გეფიცებიო“ ესე ამბობდა, „სად გყავს შვილები“ -თქო, „ბესიკიო?“, როგორც ცოცხალს ისე იფიცებდა . ოთხი კლასის განათლება ჰქონდა, მეტი კლასი არ იყო სოფელში, მეორე სოფელში კი ვინ წაიყვანდა ომი და გაჭირვება იყო, ვის ეცალა მამაჩემის სწავლისთვის შვიდი და -ძმა იზრდებოდა ოჯახში. სულ მეუბნებოდა არ თქვა საშუალო განთლება, რომ არ მაქვსო. მე რომ ჩვაბარე სტუდბილეთი მაშინვე არ მომცეს დრო უნდოდა დამზადებას, ხოდა სანამ არ ავიღე არ სჯეროდა, სტუდენტი, რომ გავხდი. უხაროდა მე რომ ვერ ვისწავლე შენ მაინც იქნები ნასწავლიო. არადა ბევრ „ვითომ“ წიგნიერზე მეტად განათლებული და თანამედროვედ მოაზროვნე იყო. არც ერთი ჩემი მეგობრისთვის მამაჩემის სახლში ყოფნა დაბრკოლება არ იყო და გვქონდა ერთი ამბავი, მამაჩემიც გვიძლებდა ამდენ თხას ერთად, ცალი ყურით ისმენდა ჩვენს ისტორიებს და ყველაფერი იცოდა, ვინ ვის ხვდებოდა, მათი წარმომავლობა, საცხოვრებელი ადგილი, ბოლოს ოჯახშიც იხმობდა, დაელაპარაკებოდა, გააცილებდა და კარგი ბიჭიაო დააყოლებდა... რატომ ვწერ ამდენს მასზე? მენატრება და მერე რაც მახსოვს არ მინდა დამავიწყდეს და თუ დამავწიყდება, ასე მაინც გავიხსენებ. სულ ვფიქრობ, რომ რაღაც ვერ გავუკეთე, მეტი შემეძლო და ვერ შევძელი, სულ უკმარისობისა და დანაშაულის გრძნობა მაქვს. ცხოვრებაში ორი დღე აქვს ადამიანს, მხოლოდ ორი დღე, ნამდვილად მისი და შემცილებელიც არავინ, არ ჰყავს დაბადებისა და გარდაცვალების დღე. დანარჩენი დღეები მანძილია ამ ორ დღეს შორის. დღეს შენი დაბადების დღეა მა, ისევ უშენოდ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი