წითელი ცხელი მწარე წიწაკა


ჩემმა კლასელმა თეკომ მიხრა, რომ ენტონი კიდისივით უნიჭო ვიყავი. პირველად მაშინ დავარტყი გოგოს ხელი. იმავე დღეს ვიჯექი დირექტორის კაბინეტში და მაგიდის ქვემოდან გამოყოფილ მის ფეხსაცმელებს ვუყურებდი, რომლებიც საგულდაგულოდ გაეპრიალებინა.   სკოლიდან გარიცხვის კანდიდატი პირველად არ ვყოფილვარ. ჩემი პირადი საქმე სავსე იყო უარყოფითი შეფასებებით. თვე არ გავიდოდა, დირექტორის კაბინეტში თავი არ ამომეყო და ისე შევისწავლე ის ოთახი, რომ ერთხელ, როცა ოთახის რემონტის დეტალების დასაზუსტებლად მუშები მაინცდამაინც ჩემი „საქმის“ განხილვის დროს შემოვიდნენ და დირექტორს უთხრეს, კაბინეტს ოცდათვრამეტი კვადრატული მეტრი თავისუფლად ეყოფაო, დარწმუნებული ვიყავი, დააკლდებოდათ. მე კი ბედი მწყალობდა. დატუქსვებისა და ხელწერილების დაწერის შემდეგ სკოლაში მტოვებდნენ. ამაზე ღიად არავინ საუბრობდა, მაგრამ ყველამ ვიცოდით, რომ ჩემი „მფარველი ანგელოზი“ ჩვენი ქიმიის მასწავლებელი მანანა იყო, რომელიც ჩემ მეზობლად ცხოვრობდა და რომელიც ყოველთვის ისე მიყურებდა უსწორმასწოროდ წასმული ლაინერის „სტრელკებიანი“ თვალებით, როგორც შუახნის გასათხოვარი ქალები უყურებენ ახლადწვერულვაშამოსულ ჭაბუკებს. სიმართლე გითხრათ, სულაც არ მსიამოვნებდა ეს ამბავი. რამდენჯერმე ჩხუბიც კი მომიწია უბანში მაგის გამო, რადგან შეყვარებულებად მოგვიხსენიეს. ყველაზე უარესი ის იყო, რომ, როცა უბანში ოდნავ მაინც ავუწევდი ხმას, ზუსტად მაშინ გააღებდა მანანა მასწავლებელი ფანჯარას და დაყვავებით მარიგებდა ზევიდან ჭკუას, რომ არ უნდა მეჩხუბა, რომ ჩემი ჭკუის პატრონი ქუჩაში არ უნდა ვმდგარიყავი.  ეს კი მასთან რაიმე კავშირის უარყოფას დამაჯერებლობას უკარგავდა. ამიტომ სულ ვცდილობდი, მაქსიმალურად თავი შემეკავებინა სახლის სიახლოვეს ნებისმიერი კამათისგან. თუმცა ისიც ვიცოდი, ამჯერად არ გამიმართლებდა. თეკოს რომ ხელი დავარტყი, იქვე მყოფ მანანა მასწავლებელს ჩვეული მზერით აღარ შემოუხედავს და მივხვდი, დრო იყო, სერიოზულად გამომეყენებინა ის ჭკუა, რომელზეც ასე დაჟინებით მიმითითებდა ჩემი გადამრჩენელი. ბოდიშის მოხდაზე დავფიქრდი, მაგრამ ენტონი კიდისის შეურაცხყოფას რომ არავის ვაპატიებდი, ეგეც უნდა გამოკვეთილიყო ჩემს შემდეგ მოქმედებებში. დირექტორი კი საგულდაგულოდ გაპრიალებულ ფეხსაცმელებს არ აჩერებდა, ურიტმოდ აქანავებდა მაგიდის ქვეშ და აზრებს მიფანტავდა. მეგონა, ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ განეწყო, მაგრამ ზუსტად იმ დროს შევამჩნიე, რომ დირექტორის გაპრიალებულ ფეხსაცმელებს ელვა-შესაკრავი გაკერილი ჰქონდა და უშნოდ გადაჭრილ ძაფებს თავი რომ არ ამოეყოთ, ვერავინ იფიქრებდა, ელვა-შესაკრავი შეკრული რომ არ იყო. ღრმად ჩავისუნთქე და მხრებში გავსწორდი. ძალების გათანაბრებას ვგრძნობდი. უკვე სამი სამზე ვიყავით - დირექტორი, ქიმიის მასწავლებელი მანანა და თეკო  -ჩემი  ენტონი კიდისის და მტრის ბანაკში შეპარული ახლართული თავამოწვერილი ძაფების წინააღმდეგ. განაჩენის გამოტანის მოლოდინში გავინაბე. მაგრამ დირექტორი არა და არ ჩქარობდა გადაწყვეტილების მიღებას. მონდომებით ჩაჰკირკიტებდა ტელეფონს და ბედნიერი სახით უსვამდა ცერა თითს ეკრანს. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც კისერში ყულფწაჭერილი სიკვდილმისჯილი ფეხქვეშ საყრდენის გამოცლის მოლოდინში.

      მოულოდნელად დირექტორი ფეხზე წამოდგა, ფანჯარასთან მდგარ სკამთან მივიდა, სკამზე გადაკიდებული გაუთოებული პერანგი აიღო და კაბინეტის უკან პატარა უთახში გაუჩინარდა. იმ ოთახში არასდროს შემიხედავს, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, იქ ჭერამდე თაროები იყო, ალაგ-ალაგ საქაღალდეების კოშკებით, კიდევ პატარა მაცივარი, დღესასწაულებზე მორთმეული შოკოლადების და შამპანურების შესანახად, და ცარცით სავსე ყუთები. ყოველთვის, როცა ცარცი გვითავდებოდა კლასში, მასწავლებელი დირექტორთნ გვაგზავნიდა, მას კი უკანა ოთახიდან ორ-ორი ნატეხი ცარცი გამოჰქონდა. დირექტორი უკან გამოცვილი პერანგით დაბრუნდა. ჰალსტუხი აიღო და ისევ შებრუნდა. კარი აღარ დაუკეტავს.

- შენ რაზე დაგიბარე? - გამომძახა.

- ენტონი კიდისის გამო. - მხრები ავიჩეჩე. 

- ეგ ჩვენთან სწავლობს?

- არა, ჩვენთან თეკო სწავლობს. 

- აბა, ეგ სად სწავლობს?

- არ სწავლობს. მღერის.

- სად მღერის?

- „წითელ - მწარე - ცხარე -  წიწაკებში“.

- ეგ სახელი თვითონ მოიფიქრა?

- აბა, მე რა ვიცი. - უკვე მაღიზიანებდა დირექტორის კითხვები და მერჩია, პირდაპირ ეთქვა, რომ ხვალიდან შემეძლო, სადაც მინდოდა იქ მივბრძანებულიყავი იმიტომ, რომ სკოლიდან გარიცხული ვიყავი. 

      უკანა ოთახიდან დაბრუნებული დირექტორი გასასვლელ კართან, მაღალ კარადასთან მივიდა. კარადის გვერდით მდგარ  სკამზე ფეხით შედგა და კარადის თავიდან გადამალული ყვავილების თაიგული ჩამოიღო. ყვავილები იღლიაში ამოიჩარა. კარი გააღო და მანიშნა, გავდივარ და შენც შენი გზით წადიო. სწრაფად გადაკეტა კაბინეტის კარი. თვალის დახამხამებაში ისე გაქრა სკოლის შენობის უკანა გასასვლელიდან, გაოგნება ვერ მოვასწარი.

      კლასში დაბრუნება აღარ მინდოდა. ფეხს ვითრევდი კიბეებზე, რომ რაც შეიძლება მეტი დრო გამეყვანა, სანამ მესამე სართულზე ავიდოდი. დრო კი აშკარად ჩემ წინააღმდეგ იყო. კართან რომ მივედი, შევყოვნდი. ვერ გადამეწყვიტა, კარი ფეხით გამეღო და უწმაწური სიტყვებით გამემყარებინა ჩემი პოზიცია, რომ ენტონი კიდისს არავის დავაჩაგვრინებდი, თუ ზარის დარეკვამდე ტუალეტისთვის შემეფარებინა თავი და ყველა რომ წავიდოდა, მერე წავსულიყავი სახლში. უცებ საკლასო ოთახის კარი თეკომ გააღო. სახელურზე ხელის გაშვება ვერ მოვასწარი და ინერციით წინ წასული მას ჩავეხუტე. გაოგნებისგან გავშეშდით. ყელზე წამწამების შეხება რომ ვიგრძენი, ისეთმა ჟრუანტელმა დამიარა, კინაღამ დამავიწყდა, ვის ვეხუტებოდი და სად ვიყავით. ჩახველების ხმამ გამოგვაფხიზლა. დენდარტყმულებივით უკან გადავხტით. მე ჩემს ადგილზე დავჯექი. არავინ ხმას არ იღებდა. ჩათვალეს, რომ კვლავ გადავრჩი გარიცხვას, რაც იმდენად უინტერესო იყო, რომ ერჩიათ, ხაზვის მასწავლებლის მოყოლილი თუთიყუშების ამბებისთვის ესმინათ. უკნიდან ბიჭებმა ქაღალდის ნაგლეჯი გადმომიგდეს მერხზე. „ შენი ტურფა შეუძლოდ გახდა და წავიდა.“- ეწერა ქაღალდზე.  დავკუჭე და უკან ვესროლე. მორიგმა შენიშვნამაც არ დააყოვნა.

      სახლში გვიან მივედი. ხან სად ვიბოდიალე, ხან სად. დედაჩემი წნევის აპარატით მომარჯვებული დამხვდა. მამაჩემს ფანჯარა გამოეღო და  სიგარეტს ისე ექაჩებოდა, ლამის სამ ნაფაზში ფილტრამდე ჩადიოდა. მე რომ დამინახა, ფანჯარა დაკეტა, დედაჩემის გვერდით დადგა. დედაჩემმაც ყურებიდან ფონენდოსკოპი ნერვიულად მოიხსნა და ფეხებთან მესროლა. სხვა დროს მანანა მასწავლებელიც ესწრებოდა ხოლმე ასეთ ოჯახურ კონფლიქტებს. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მოჰქონდა ამბები ჩემებთან, თვითონვე მიცავდა მათგან. ჯერ დაბეჯითებით მტკიცებას დაიწყებდა, ჩემი საქციელი ჩემი გარდატეხის ასაკის ფსიქოლოგიური თავისებურებების გამოვლინება რომ იყო, მერე კი დედაჩემს და მამაჩემს არწმუნებდა, ჩემი ჭკუის პატრონს მალე ასეთი საქციელი მომბეზრდებოდა და უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით დავკავდებოდი. ბოლოს იმასაც აღნიშნავდა, რომ ქიმიის პედაგოგობაზე არანაკლებ ფსიქოლოგობა იყო მისი მოწოდება და იქამდე არ გავიდოდა ჩვენგან, მანამ დასაწოლად არ წავიდოდი. მეც მოჯადოებულივით მალევე მეძინებოდა. ძილ-ბურანში მესმოდა წასვლის წინ რამდენჯერმე რომ უხდიდნენ დედაჩემი და მამაჩემი მადლობას. ისიც, თავის მხრივ, დირექტორთან ყველაფრის მოგვარებას ჰპირდებოდა, ოღონდ როცა ამას ამბობდა, ჩურჩულებდა.

- ეს გინდოდა? - კბილებიდან გამოსცრა მამაჩემმა.

- თუ ჩემი სიკვდილი გინდა, აიღე დანა და ახლავე მომკალი. - ასლუკუნდა დედაჩემი.

- არავისი სიკვდილი არ მინდა, საიდან მოიტანეთ? კი, ზედმეტი მომივიდა, მაგრამ ღირსი იყო!  - ვაიმე! ეს ჩემი შვილი არ არის! მომაშორეთ... - სლუკუნიდან კივილზე გადავიდა დედაჩემი. - ეს რა მესმის? ღირსი იყოო ... არა, ეს ჩემი შვილი არ არის! წადი !

- არავის ვაპატიებ ენტონი კიდისის ცუდად მოხსენიებას. არასდროს!

- ვინ ჩემი ფეხებია, ბიჭო, ენტონი? რას ბოდავ ? - ახლა მამაჩემი აღრიალდა. - წაეთრიე ახლა აქედან და ბოდიში მოუხადე იმ შენს კლასელს და მანანას, თორემ თუ სკოლიდან გაგრიცხეს, სახლიდანაც ააცვამ, გაიგე?

      უხმოდ გავტრიალდი. მიკეტილი კარის მიღმა კიდევ კარგა ხანს მესმოდა დედაჩემის ტირილის ხმა. არ მინდოდა ბოდიშის მოხდა არავისთვის. მერჩივნა, სკოლიდან გავერიცხე, ვიდრე უკან დამეხია. მერჩია, ისევ მანანა შემოსულიყო და იმას მოეგვარებინა ყველაფერი. ან სახლიდან იმაზე ადრე წავსულიყავი, ვიდრე გავარკვევდი, მართლა გამრიცხეს თუ არა. ბოლო-ბოლო თითქმის ყველა წარმატებულ უცხოელს ხომ ეს გზა ჰქონდა გავლილი?! მაგრამ ზუსტად ისიც ვერ გავიხსენე, მათ შორის ენტონი კიდისიც თუ იყო და ახლა იმაზე დავიწყე ფიქრი, ენტონის თუ ბავშვობა ქუჩაში არ ჰქონდა გატარებული, ჩემი მხრიდან ზედმეტი ხომ არ იქნებოდა ამხელა თავგანწირვა. დავიბენი. ალბათ კიდევ ბევრს ვიფიქრებდი სახლიდან წასვლაზე, მანანა მასწავლებლის სახლიდან ჩურჩულის ხმა რომ არ გამეგო. სმენა დავძაბე, მაგრამ მაინც ვერ გავარჩიე სიტყვები, რას ლაპარაკობდნენ. კარის მხარეს გადავინაცვლე და ნელ-ნელა ყური მივადე კარს. არც ამჯერად გამიმართლა. კარი ისევ მოულოდნელად გაიღო, მე კი ისევ ვერ მოვასწარი თავის შეკავება და ახლა მანანა მასწავლებელს ჩავეხუტე.   წამწამების ყელზე შეხებამდე ვინ მიმიყვანა?! ძლიერმა ხელმა კისერში ისე მომიჭირა, სუნთქვა შემეკვრა. ხელმა ჰაერში ამწია და უკან გადამსვა. ხმის ამოღება ვერ მოვახერხე. რამდენჯერაც პირი გავაღე, ავხრიალდი.

- არაფერი დაუშავო, გაუშვი! - ჩურჩულით, მაგრამ მკაცრად უთხრა მანანა მასწავლებელმა ჩემს ზურგსუკან მდგომს. მერე მე მომიტრიალდა. - აქ რას აკეთებ?

- მე? მე მოვედი... არა არ ვაპირებდი.... - ენა დამება და ავბლუყუნდი.

- ხო, შენ. რას არ აპირებდი? - ხმა უფრო გაუმკაცრდა მანანა მასწავლებელს, თუმცა ისევ ჩურჩულებდა.

- მოსვლას და ბოდიშის მოხდას. - რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ამაყად ვუპასუხე. კეფაშიც ისევ წამეჭირა ის მძიმე ხელი. აშკარად ხმამაღლა მომივიდა თქმა. კვლავ ავხრიალდი.  მანანა მასწავლებელმა ისევ ანიშნა, გაუშვიო. ერთი გავიფიქრე, რაც არის არის, მივტრიალდები და მუშტს სახეში ავარტყამ, ამას როგორ უნდა შევარჩინო ასე მწარედ ხელის კისერში წავლება-მეთქი, რომ თავად გადმოინაცვლა ჩემ წინ. თვალები შუბლზე ამივიდა მის დანახვაზე.  ჩემ წინ არც მეტი, არც ნაკლები, ჩვენი სკოლის დირექტორი იდგა.

- შენ მიდიოდი, მე მგონი, ხო?! - კარისკენ მიუთითა დირექტორს მანანა მასწავლებელმა. ასეთი მკაცრი არასდროს მენახა.

- კი, მივდივარ და პირველი რასაც გავაკეთებ, შენი სამსახურიდან გათავისუფლების განცხადებას დავწერ. ამოვიდა უკვე ყელში შენი უარი. მეც ადამიანი ვარ და მოთმინება გამაჩნია, მაგრამ აივსო უკვე. - ერთი ფეხი გადადგა კაცმა კარის ზღურბლზე, გაჩერდა, შემოტრიალდა და ისევ ჩურჩულით გააგრძელა, - და ამ ლაწირაკსაც მოგაყოლებ ზევიდან. აწი ვისთანაც გინდა, იმასთან დააფარე ხელი ამ ხულიგანს. - ნელ-ნელა სიბრაზისგან ხმას აუწია და ბოლოს ისე ხმამაღლა დაიყვირა, - ბიჭოს?! არ გამომიყვანა წყობიდან?! - რომ მანანა მასაწავლებელმა ლეოპარდივით ისკუპა და გაშლილი ხელი მიაფარა ტუჩებზე დირექტორს.

- სუ! ჩუმად! არ გაიგოს, თორემ... - თვალები აუწყლიანდა ჩემს კარის მეზობელს.

- გაიგოს, ერთი მაგის კარგიც... - ვეღარ დააბოლოვა, პირზე ისევ ხელი მიაფარეს. თუმცა უკვე გვიანი იყო. საძინებლიდან ვიღაცის ლანდი დაიძრა და ჩვენკენ წამოვიდა. სიბნელეში რაც გავარჩიე, კაცის სილუეტი იყო. დინჯი ნაბიჯებით მოიწევდა ჩვენკენ. სამზარეულოსა და გასასვლელს შორის დადგა. ჯერ სიგარეტს მოუკიდა. სანთებელა რომ სახესთან აანთო, მისი ნაკვთები მეცნო, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. გონებაში თითქმის ყველა მეზობელი კაცი გადავათვალიერე. სხვა იყო. თან ნაცნობი. მაგრამ ვინ? მეორე ნაფაზის შემდეგ ცალი ხელი ზურგსუკან წაიღო და პისტოლეტი ამიღო. ეზოდან შემომავალ შუქზე წამით გაანათა იარაღის გაპრიალებულმა მეტალმა. ლულა დირექტორის შუბლს მიებჯინა. დირექტორს ოფლმა დაასხა და აკანკალდა. ხრინწიანი ხმით ძლივს ამოილუღლუღა:

- არ მომკლა რა, გთხოვ?! - დაიღრიჭა. მეორედ გაიელვა ეზოდან შემომავალ შექზე იარაღის გაპრიალებულმა მეტალმა და დირექტორი ჩაიკეცა.

- მოკალი? - მანანა მასწავლებელი მივარდა ძირს გაშოტილ კაცს, მაგრამ ყელზე თითები რომ მიადო და დარწმუნდა, პულსი ესინჯებოდა, გულზე მოეშვა. ასეთი უემოციო არასდროს მინახავს მანანა მასწავლებელი. არც მაშინ უთქვამს რამე, როცა სილუეტმა დირექტორს ფეხებში ხელი წაავლო და ოთახში გააფორთხიალა. თითქოს კმაყოფილიც კი იყო, ყველაფერი ასე რომ შემობრუნდა. მაინც არ მასვენებდა იმაზე ფიქრი, ვინ იყო ეს სილუეტი? საიდან მეცნობოდა? და თუ მეცნობოდა, რატომ აქამდე არ მინახავს მანანა მასწავლებელთან მოსული, მითუმეტეს, ერთ სართულზე ვცხოვრობდით. არც სხვას ეყოლებოდა შემჩნეული, თორემ აქამდე მოაღებდნენ პირს უბნის ბიჭები და დამცინებდნენ.

      კიდევ ბევრს ვიფიქრებდი ალბათ, მოულოდნელად თავზე ტომარა რომ არ ჩამოეცვა და მეც იმ ოთახში არ გავეყვანე სილუეტს, სადაც რამდენიმე წუთის წინ დირექტორს მიაფორთხიალებდა. დაყვირება მოვინდომე, მაგრამ მიმიხვდა სილუეტი. კისერში ყრუ ტკივილმა გონება დამიბინდა და ჩამობნელდა.

      არ ვიცი, გონებაზე მალე მოვედი თუ არა. თვალების გახელამდე საუბარი ჩამესმა. მანანა მასწავლებელს კაცის ხმა არწმუნებდა, რომ არასრულწლოვანი ვიყავი და ამის გაკთება ჯერ არ შეიძლებოდა, რადგან დაიჭერდნენ. თავის მხრივ მანანა მასწავლებელი სთხოვდა, ისეთ ქვეყანაში გაქცევაში დახმარებოდა, სადაც ვერავინ გვიპოვიდა. თავი მისკდებოდა, აზრებს თავს ვერ ვუყრიდი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, მე რაში ვჭირდებოდი მანანა მასწავლებელს, ან რისთვის ვიყავი პატარა, რის ჩადენას აპირებდა, რის გამოც დაიჭერდნენ? ყველაზე მეტად კი, ის უცნობი მაინტერესებდა, ვინ იყო. თითქოს მისი ხმაც მეცნობოდა.

- მოხსენი უკვე. - უთხრა უცნობმა. 

      ჯერ ისევ ღამე იყო, მაგრამ ოთახში ანთებული შუქის დანახვამ თვალი მომჭრა და თავი დავხარე. დირექტორი ჩემ გვერდით, სკამზე იყო მიბმული. ის უკვე გონზე იყო. ცდილობდა, ხელები გაეთავისუფლებინა თოკებისგან, მაგრამ არ გამოსდიოდა და ჭარხალივით უწითლდებოდა სახე სიბრაზისგან. მანანა მასწავლებელი ჩემ წინ იდგა. ნამტირალები ჩანდა. უსწორმასწოროდ წასმული ლაინერის „სტრელკები“ გადღაბნოდა და უპეები ჩაშავებოდა. უცნობი არ ჩანდა. ჩემს ზურგსუკან გადაენაცვლა.

- არ მინდოდა ასე მეთქვა, მაგრამ ... - დარცხვენით დაიწყო ლაპარაკი ქალმა. - მეც მიყვარხარ და თანახმა ვარ შენთან ერთად ვიცხოვრო. მამაჩემიც დავითანხმე. ამერიკაში წაგვიყვანს და იქ დავიმალებით მანამ სრულწლოვანი გახდები. ისეთი ბედნიერი ვარ... ისეთი... - უცებ მეცა და კოცნა დამიწყო.

- რას აკეთებთ, მანანა მასწავლებელო?! შეიშალეთ?! - ძლივს მოვიშორე გაშმაგებული ქალი.

- ეეე, შენ ჩემს შვილს წესიერად ელაპარაკე, თორემ გაგიხვრიტე შუბლი!

       ყველაზე მძაფრსიუჟეტიან ფილმშიც შემეძლო ხოლმე ამომეცნო რეჟისორის ჩანაფიქრი, მაგრამ ახლა მართლა საოცრება ხდებოდა. სრული გადატრიალება. საფეთქელთან მობჯენილი ლულის მეორე მხარეს ენტონი კიდისი იდგა. თავიდან გადავაწყვე გონებაში, მისი საძინებლიდან გამოსვლა, სიგარეტის მოკიდებისას სანთებელის შუქზე დანახული სახის ნაკვთები, ყველა მისი მოძრაობა, ხმის ტემბრი... ის იყო! ნამდვილად ენტონი კიდისი იყო! მაგრამ მანანა მასწავლებლის მამობას ნამდვილად არ ველოდი.

- მატყუებდი? - მანანა მასწავლებელი აფსლუკუნდა.

- რას გატყუებდით?

- რომ გიყვარდი, მატყუებდი? რასაც მეუბნებოდი, მართალი არ იყო?

- როდის გეუბნებოდით? საიდან მოიტანეთ?

- დილა შენით იწყებოდა და ღამე დაუმშვიდობებლად რომ არ იძინებდი, დაგავიწყდა? დაგავიწყდა, რომ მეუბნებოდი, შენი შვილების მამა მინდა ვიყოო? ყველაფერი ტყუილი იყო?

- აკი მითხარი, ყველაფერი გარკვეულიაო, ამხელა გზაზე ამისთვის ჩამომიყვანე? - ენტონის ხმაში სიბრაზე გაუკრთა.

- ეგრე იყო, მა, შენც ხომ გაჩვენებდი ნაწერებს? შენ მაინც რა გჭირს? - ფსლუკუნიდან ბღავილზე გადავიდა მანანა მასწავლებელი.

- მე არ ვყოფილვარ, რეებს მაბრალებთ? რანაირად უნდა შემყვარებოდა ამხელა ქალი? ან რას ჰგავს? ეს რანაირად უნდა შეგიყვარდეს? - სილა რომ გამაწნა მანანა მასწავლებელმა, მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდა.

- არამზადა! - მუშტები დამიშინა.

- არ გაინძრეთ! - დირექტორმა დაიყვირა. თოკებიდან გაეთავისუფლებინა ხელები, ენტონის პისტოლეტი ხელში ჩაეგდო და გვიმიზნებდა. - თუ ძალიან გაინტერესებს, იმ მესიჯებს მე გწერდი, ქალბატონო. ისე ნუ მიყურებ, თითქოს უცოდველი იყო. გეტყობოდა მესიჯებში, რა კახპაც იყავი ,- ზიზღს აფრქვევდა ლაპარაკისას, - ძალიან კი გავერთე, სიმართლე გითხრათ, კარგი ყოფილა ამ შტერის სახელით ქიმიის მასწავლებლის შებმა. როგორ უცებ გაები?! ლაწირაკებთან უკომპლექსო ხდები, არა?! გეგონა, გაპატიებდი უარს? ზედ გადაგყევი, სკოლაში მოგაწყე, ამ ლენჩის გამოხტომებს ვიტანდი და არ ვრიცხავდი სკოლიდან შენ გამო, შენ კი რით გადამიხადე სამაგიერო? რა დამიწუნე? რა აქვს ისეთი, ჩემზე რომ უარი თქვი? - სულ ძლივს ითქვამდა გაცეცხლებისგან , - ხოდა, ახლა საიქიოს რომ გაგისტუმრებთ, იქ ვერავინ მოგაგნებთ ახალდაქორწინებულებს...

      სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული დირექტორს, თვალები მაღლა აატრიალა და წაიქცა. მის უკან ტაფამომარჯვებული თეკო გამოჩნდა.

- ყველანი უნიჭოები ხართ! - ტაფა დაბლა დააგდო და წავიდა.

 

       * * *

      დალასამდე კიდევ ორი საათის გზა იყო დარჩენილი. საგასტროლო ავტობუსი რწევა-რწევით მიიწევდა წინ ასსამოცდამეთხუთმეტე გზატკეცილზე. დალასში დიდი კონცერტი იყო დაგეგმილი. წითელ ცხარე მწარე წიწაკებს ათასობით გულშემატკივარი ელოდა ქალაქში. დამღლელი დღის შემდეგ საკონცერტო ტურნეებს მიჩვეული ჯგუფის წევრები ვიწრო საწოლებზე იწვნენ და დაბალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორს უყურებდნენ. მხოლოდ ენტონი კიდისს ეძინა, თუმცა აშკარა იყო, სასიამოვნო სიზმარს არ ნახულობდა. ლუღლუღებდა და ხელებს იქნევდა. მასთან ჩედ სმითი მივიდა, მისკენ დაიხარა და ენტონის გაღვიძება სცადა. ხელის შეხებაზე ენტონი ფეხზე წამოხტა, მაგიდას დაეჯახა და წყლით სავსე ჭიქა ძირს გადააგდო.

- Are you ok? - ჰკითხა სმითმა.

- F*ck, what the dream was it?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი