მარტო კაცის გზა
რადგანაც ცოტა ნოსტალგიის ხასიათზე ვარ, დავუბრუნდები ძველ დროსა და ჩანახატებს! ასე იყო გუშინდელი ამბავი... დილით თვალებაწითლებული, შუალედურის საწერად წავედი უნივერსიტეტში. ასაკი აშკარად მემატება – თვალები ვეღარ უძლებს კომპიუტერთან მთელი ღამის მუშაობას. საღამოს არასტანდარტულად, დღის შუქზე გამოვედი იქიდან. რაღაცნაირად არაფერი მეხალისებოდა. ერთ ძვირფას მეგობარს უარი ვუთხარი ნახვაზე წერის გამო, მაგრამ ვერ ვიყავი ჯანზე წერისთვის. – საჯაროდ მას ბოდიში! – წამოვედი სახლში. უნივერსიტეტის კარებთან ერთმა ახალგაზრდა ისტორიკოსმა ჩამიარა, ლექციის ჩასატარებლად მიიჩქაროდა ალბათ. ჩემი Facebook მეგობარია, პირადად არ ვიცნობ, თუმცა რამდენიმე საერთო მეგობარ/ნაცნობი გყავს.. ერთხელ, პატარა შეხვედრაზე, მომხსენებელი იყო და იქ შევხვედრივარ. ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა "გადაეშვა" ბოლომდე საყვარელ საქმეში. როგორ გაიღო ბევრი საფასური და გაუმართლა... (გ.ჯ) დღეს უახლესი საქართველოს მცოდნე და წამყვანი სპეციალისტია, ინტერესი კი იქ დიდ ოჯახში იპოვა..ოჰ, გამიხარდა! მართლა საამაყო ადამიანია და საჯაროდ მადლიერება და დიდი პატივისცემა მას და მის მოღვაწეობას! მერე ერთ კარგ ახალგაზრდას დავურეკე, მოვდიოდი გზად – იმ ქუჩებზე, ბევრის შემოქმედებაში რომ არის ნახსენები. ვსაუბრობდით მაძიებლობაზე და მარტოკაცის ბედზე! როგორ მარტივად სხვაფერდებიან ადამიანები.. როგორ მარტივად წირავენ პირადი მეს გამო... და მახსენდებოდა მისი ასაკის დრო, როგორ მტკიოდა და მაწუხებდა ეს ფიქრებდი... გაჩერებასთან სახეში ჩემი და შემეფეთა. აგვიანდებოდა, „აუ, წყალი მინდაო“ და ჩემი საყვარელი ბოთლი გავატანე! (ფოტოებში ხშირად შეხვდებით მასაც და ბოთლაც :) ). მერე გზა მარტომ განვაგრძე! გამოვუყევი გზას... ვიღაც ნაცნობის ხმა შემომესმა. პოეტი იყო. პოეტს მინდვრის ყვავილებით გაკეთებული თაიგული მიჰქონდა საჩუქრად. მის თანმხლები კი ამ ყვავილებზე „ზეძეცკური“ ტონით საუბრობდნენ „ჭკვიანურ სისულელეებს“. ბოტანიკის ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ ასე იყო. მოვუყვებოდი გზას და ვატყობდი, რომ ძველი სიარულის მანერა შემცვლოდა, ფერი ეცვალა იმ მანერის ავტორსაც და მეც... დავაკვირდი და ჩემი ძვირფასი მასწავლებლისნაირ მძიმე ნაბიჯებს ვდგამდი. რაც უფრო ვუახლოვდებოდი ადგილს, მით მიმძიმდებოდა ეს ნაბიჯები და მას ვემსგავსებოდი... ნაბიჯების სიმძიმე... არადა, მასწავლიდა: მსუბუქი იყავი, არ დაიმძიმო თავიო. მოვდიოდი, ერთი ახალგაზრდა, ქუჩის დიალოგალზე შემეჩეხა. თვალი თვალში გავუსწორეთ. ახალგაზრდა, ვის ხელშიც მთელმა ახალგაზრდობის თაობამ გაიარა... გამახსენდა, ერთი დანახვით როგორ შემიყვარდა... რადგან ჩემს ბიძაშვილს ჰგავდა ძალიაან.... არ გავჩერდი, იმდენად დამძიმებული ვიყავი, არ მყოფნიდა ძალა ჩვეული შემართებით, როგორსაც ის მიცნობდა, ისე მელაპარაკა და არც ეს დამძიმებული ნათიას სახე არ მინდოდა მის ხელში ჩავარდნილიყო. ხოდა, საჯარო მადლიერება და საყვედური მას! ახალგაზრდებთან მომუშავე ადამიანს ორი რამ ევალება: აპოვნინოს საკუთარი პიროვნება (იდენტობა) და გააზრებინოს ის სივრცე-დროითი განზომილება ქვეყანაში, დაანახოს სახელმწიფოებრივი რეალობა! პირველი ათიანზე შეძლო, მეორეში კი... ამიტომ გამოვუყევი გზად. სულ რაღაც ოც მეტრში მომტირალი ქალი შევნიშნე... თვალებში შევხედე და აღმოხდა: „დამეხმარე, შვილო, პროფესორი ვარ!“ წამიერად გავშეშდი. გავიყინე. მექანიკურად ჯიბეზე მოვისვი ხელი. ვიცოდი, რომ ოცი თეთრი მქონდა. იმ დროისთვის ბოლო ოცი თეთრი იყო. დილით ლარი და სამოცდაათი თეთრი მქონდა სულ, ყავა ვიყიდე – წნევა მივარდებოდა და შუალედურზე ვერ გავიდოდი – და ასე შემომრჩა ოცი თეთრი. მივეცი. როგორც ჯირკვი, ისე გავხდი. ხელზე რომ დავაკვირდი, არ ჰგავდა მათხოვრის ხელებს... „ხელი და თვალი სარკეაო“... ცრემლები ვერ შევიკავე და მეც ავტირდი. მეტროს წინ ვიღაც ახალგაზრდა გოგო შემეჩეხა: „ვიდეოს ვიღებთ, შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ?“ „ამ სახით?“ – ჩამეღიმა. „იცით, ჩვენ ყველაფერი გვაქვს და გაგალამაზებთ!“ – მპასუხობს მთელი სიმსუბუქითა და ქარაფშუტობით. „...“ – პასუხგაუცემლად ავერიდე. უარესად მომიკვდა გული. ორმოცდაათი მეტრის მოშორებით პროფესორი ქალი შველას ითხოვს, ეს კი... იქნებ სჯობს ამ ახალგაზრდა გოგოსნაირი განზომილებაში ყოფნა... რა სჯობს, ღმერთო! მოვდივარ, ხალხის ყოფით საუბარს ყურს ვუგდებ... აშკარად შუახნის ხალხში იგრძნობა „ჩვეული სუნი“ – იმედს არ აძლევთ, მაგრამ შეჩვეული რომ ურჩევნიათ... და აქეთ ახალგაზრდობა... ყურში სიტყვა ნიჰილიზმიც მესმის.... ორმოცი წუთის ლოდინის შემდეგ ავტობუსში ასული „თათხავს“ მძღოლიდან დაწყებული სამშობლოთი დამთავრებულს – ყველაფერს. აქეთ ეს მძღოლი ეჩხუბება მის ზრდილობაზე და უმატებს: „ეგა ეგ უზრდელობა თქვენი ევროპა!“ სიტუაცია ისე იძაბება, ლამის დედა აგინოს. არ ჩუმდება ეს ახალგაზრდა, როგორ გაჩერდეს... საღამოს სახლში მისვლა და დასვენება უნდა, ორმოცი წუთი ელოდება. იქით მძღოლის არაადეკვატური გამოხტომა და ჩვენი დღევანდელობის რეალური, შიშველი სახე! ამ დროს გზის შუაში, ამაყად გადმოჰყურებს სამების ტაძარი... მე ლამის ხუთი კილომეტრი გამოვიარე ამ დასახრაკავი ფეხსაცმლით, რომელიც ჭირისდღესავით მძულს... მაგრამ ჩემს თავს ვაჯობე და მოვირგე... მყესი მტკივა, ვატყობ, ისე, რომ თვალებში მებინდება... მოვიდა ავტობუსი და წამოვედი... ამ დღის „გაკვეთილის“ ბოლოს, როგორც ყოველთვის, „ნაგუმ“ თავის სათქმელი ფაქტით უთხრა ერთი კვირის შემდეგ ძვირფასს ადამიანს! არც მას შეარჩინა უმიზეზო დამცირება... შედეგმა თქვა თავისი სათქმელი... და ამ ამბავში, ჩემს ცხოვრებაში რა მიყვარს, იცით? ღირსეული გზა მიყვარს! ხანდახან ბევრს რომ იბრძვის და ხანდახან უბრალოდ ჩუმად რომ ელოდება ჩაკარგული! მარტოკაცის გზა მიყვარს ჩემში! უცბად რომ შეუძლია „აბრახუნოს“ და უცბად ისე გაუჩინარდეს, თითქოს არც არსებობსო... მოვდიოდი გზაზე და ერთი მწერლის ინტერვიუ მახსენდებოდა, მე დამარცხებული მწერალი ვარო... არ ვიცი რა სჯობს სხვაგან მყოფი გულმკვდარი ცხოვრება თუ აქ ყოფნა და ამ ყველაფრის შემყურვალეს გულის დაღვა.. არ ვიცი რა სჯობს და არ ის ვიცი რა მიქადის, მაგრამ ზუსტად ვიცი, მიყვარს გზა...არაფერი რომ მიჭირავს ამ გზაზე..... მაძიებლებსა და მარტოკაცებს გაუმარჯოს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი