დაბადება


5 марта 2018 г.

        საშინელი და ხანგრძლივი ტკივილი, რომელიც თავიდან იშვიათია. შემდეგ ხშირდება და უფრო მძაფრდება, ისე გტკივა, ისე გტკივა, რომ ყოველი შემდეგი შემოტევისას ფიქრობ:- მორჩა, ეს დასასრულია. მეტს ვეღარ გავუძლებ, მორჩა, ვკვდები!  ვეღარ იკავებ თავს,  ჯერ შეკავებული კვნესა, შემდეგ კი კივილი არღვევს  მკერდს და ამოდის ყელში, იჭერ, ცდილობ შეიკავო თავი, არა, ეს იმდენად მწარე და გაუსაძლისია, შენდა უნებურად შეჰბღავი  ღმერთს და ითხოვ შველას. 
         გახსენდება ის, ვისაც მუდამ ახსოვხარ.  ახლაც გარეთ დგას და ნერვიულობს. ახსენდება თითოეული წამი შენი დაბადების, ის ტკივილი რასაც განიცდიდა და სტკივა შენთან ერთად. მერე ახსენდება ის, რამაც დაავიწყა ყველაფერი და მშვიდდება, იცის რა სიხარულიც გელოდება.. 
          შენ კი ბღავი და ითხოვ შველას...  დედა, დედიკო, მიშველე!  დამეხმარე გთხოვ!
დედა, დედიკონა, მოდი!  დამეხმარე, მტკივა დე!
           ტკივილი ხშირი, ძლიერი და ინტენსიური ხდება. მიყავხარ სადღაც შენთვის უცნობ სამყაროში ექიმს. აყავხარ სამშობიარო სკამზე და გეუბნება; აბა შენ იცი შვილო, მალე შენი შვილი დაიბადება. გეწყება ჭინთვები, გადაგდის ოფლი და იბრძვი,გინდა სწრაფად დასრულდეს ყველაფერი.  სასიამოვნო მოლოდინი და ექიმის თბილი ხმა: ცოტაც შვილო, ცოტაც  გაიჭინთე! აი, უკვე თავი ჩანს. მოდის!
            მერე ერთი,ძალიან ძლიერი, გაბრძოლება... გაჭინთვა...   გაუსაძლისი ტკივილი.. შეგრძნება, თუ როგორ გტოვებს, სადღაც შიგნით, შენი ნაწილი და მოიწევს გარეთ. გრძნობ თითოეულ მისხალს და იჭერ თრთოლას. რომელიც სასიამოვნო ჟრჟოლაში გადადის და  იშლება მთელს სხეულში... გიბნელდება თვალებში ყველაფერი, თითქოს კვდები ხუჭავ თვალებს და  უცებ ხმა, რომელიც გაფხიზლებს, გაცოცხლებს, ამ ყველაფერს გავიწყებს... პირველი აკორდი, პირველი ჩასუნთქვა ჰაერის მასთან ერთად... ჩაგესმის მისი  ხმა, 
          აი, მოყავთ შენთან ახლოს და გაჩვენებენ: ვარდისფერ, დამანჭულ, აჩხავლებულ არსებას, რომელსაც ფართოდ გაუღია სასაცილო პირი და გაჰკივის, აგებინებს ყველას: მე გავჩნდი, მე დავიბადე, გავიმარჯვე სიკვდილთან ბრძოლაში და   ვძლიე ყველანაირ გასაჭირს. აი, მოვევლინე სამყაროვ და აწი შენ იცი როგორ მიმიღებო.
        მოყავთ და გაწვენენ მკერდზე, ის უცებ ერკვევა სიტუაციაში. მაშინვე იწყებს  ტუჩების ჩმაჩუნით, ინსტიქტურად  თბილი ძუძუს პოვნას... ერთს ამოიკრუტუნებს და ხარბად დაეწაფება. 
         დაჰყურებ მას, სასწაულს და სხვა აღარაფერი გახსოვს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი