სულის ფიქრები


ვიწრო გზა ისევ მთვარის ანარეკლს მიუყვება,ნელ-ნელა ჩამოწვა ბინდი, და ღამე მიემსგავსა უჩრდილო ქალაქს, აქაიქ კი ანთია ლამპიონები, მაგრამ ისინიც ბჟუტავენ და ყურს უგდებენ ვარსკვლავთა სიმორცხვეს... დღეს მეც მთვარესავით მენანება ის ყრუ გამოხედვა, ის ბრმა მელოდია და ის სიცელქე... ჩვენც ხომ ვმალავთ სიცელქეს და მზის სინათლეს არ ვაჩვენებთ, ასე ვუწყობთ ხელს ჩვენში ქაოსის დაბუდებას, ნუთუ ასეთი ძნელია, ხანდახან უფროსებმაც რომ იცელქონ, სამარცხვინოა განა, შენს გულს ბავშობა წამიერად დაუბრუნო?.. მაგრამ ჩვენს ირგვლივ ხომ, მუდამ ცნობისმოყვარე თვალებია, რომლებიც ყველაფერს ამჩნევენ და ფეხის ერთ გადაბრუნებას არ გვპატიობენ. მიყვარხარ, გეძებ, გპოულობ, გჩემობ, მაგრამ თავს არ ვკარგავ, ვერ დავკარგავ, რადგან მუდამ, მუდამ არიან... ხან შევაღებ კარს, მივყვები ნაკვალევს ხანაც ქაოსი მხვდება, ხან კი თითქოს დალაგებულია, ის სახლი სადაც ჩემი სული ბინადრობს, იცით რა მცირე ადგილია მაგრამ, იქ იმდენი რამ ეტევა, პატარაობიდან დღემდე, ის კადრები, წამიერად რომ გაგირბენს და ძველი ემოცია გიახლდება, რა ტკბილია არა? მერე რა თუ სევდასაც ინახავს, ისიც ხომ შენია... ისიც ხომ იგრძენი...ახლაც შევაღე კარი, გავუყევი ნაკვალევს და ჩემს მზეს ჩიტუნები შეჰხარიან, ჟღუტულებენ და ცისარტყელას შეფრთხიალებენ, კი ცისარტყელის კალთაში ვნებივრობ ხოლმე, მაგრამ თითქოს სიმარტოვე მიყრუებს ყურებს, ქუჩაში მიმავალს თავგზა მერევა და მთელი სამყაროს უგნურობას ვიტვირთავ... არვიცი მაგრამ, თვალები ბინდდებიან, ოცნება ჩამქრალი, ემოცია დაღლილი თვალების ცქერით... არა არ დაკარგო იმედი, იოცნებე, ოცნება შენია, ვერ წაგართმევენ, ვერ აგიკრძალავენ, სულს მიეცი შენში მოძრაობის საშუალება და ის თავად გაგაფერადებს, შეგივსებს ხალისის წყურვილს და არ მოდუნდე, მიენდე საკუთარ თავს, ირწმუნე... შენში არის სისპეტაკე, სინაზე, სითბო, ისწავლე სევდიანი თვალებით გაღიმება და ისწავლე ბედნიერება, ის შენ გელოდება, შენ უნდა შეახო ხელი... იმღერე, იმღერე,მერე რა თუ ნოტები გერევა, დახატე, მერე რა თუ ხატვა არ იცი... განიცადე, განიცადე საკუთარი თავი, სული და გული თვითონ გიკარნახებს საით წახვიდე, საით არის შენი მისამართი და მიყევი შენს ნაფეხურებს, შენც აყევი სიმღერას აყოლილ ადამიანებს, გაიხალისე ემოციები და შენს მზერას დაუბრუნე სიყვარული...სიყვარული უფლამდე მიგიყვანს...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი