მამით ობლები
-გილოცავთ,თქვენ ჯანმრთელი შვილები მოავლინეთ სამყაროს! ამ ხმას უემოციოდაც ახლია ბედნიერების მუხტი,თან ისე ძლიერი რომ დედა თვალებს ახელს, ტყუპები მკერდზე ჰყავს მიკრული,პაწაწუნები დედის სითბოთი ნასიამოვნები გასუსულან და ჰარმონიულად უსმენენ დედის გულისძგერას. ექთანი რაღაცას ესაუბრება და თან განუწყვეტლივ მიმორბის, -წუთით გავალ ,ხომ კარგად ხარ? იმედია შეძლებ ბავშვებს მიხედო... უღონობას გრძნობს მაგრამ თქმა არ უნდა,ეშინია ბავშვები არ გამოართვან, ძალა მოიკრიფა, ხელები ერთმანეთთან მიიტანა და თითები გადანასკვა, ასე უფრო უსაფრთხოდ ეყოლება სულის ნაწილი. -როგორ ხარ თამარ?-ექიმი კარიდან იხედება, თავს ოდნავ უქნევს, გრძნობს რომ ცუდადაა,მაგრამ იცის რომ ამის დრო არ არის, მკვლავებში ანგელოზები ჰყავს, კარგად უნდა იყოს,ოდნავ შეინძრა, შეამოწმა რამდენად შეუძლია საკუთარი სხეულის მართვა, წამოჯდომა უნდა, მაგრამ ვერ ახერხებს, გრძნობს რომ ყველაფერი სტკივა... ტყუპისცალი ატირდა, _არა! დედისთვის შვილის ტირილი მშობიარობაზე მტკივნეულია, შვილები მთელი ძალით მიიზიდა, ოდნავ წინ გადმოიქაჩა და სახე შვილების ფუმფულა ლოყებს შორის ჩარგო, დედის სუნთქვა როგორც კი იგრძნეს დაწყნარდნენ. ფიქრის თვალსაწიერი გაფართოვდა, სამშობიაროში ისე აღმოჩნდა პატარებისთვის სიყვარულით ნაყიდი ტანსაცმლის წამოღება ვერ მოასწრო...გარეთ საგანგებო მდგომარეობაა,პანდემია კორონა მძვინვარებს, როგორ ეშინოდა რომ შვილებს ვეღარ ნახავდა,ახლა კი ღმერთს ემადლიერება და როგორც არასდროს ისე უნდა მეუღლის გვერდით ყოფნა,ახლა ყველაზე მეტად ის სტკივა რომ იცის მის შვილებს მამა არ მოაკითხავს,მან მუცლად მიატოვა უმწეო და უცოდველი არსებები და გაუთვლელი თუ გაუთვალისწინებელი ნაბიჯებით დაბადებამდე დააობლა ისინი... ახლა მთავარია დედამ შეძლოს ფეხზე დადგომა,შვილებს თავის სახელს მისცემს გვარად და თამარისძედ მოიხსენიებს როგორც სააუკუნეების წინ დედოფალმა გააკეთა.სახელებიც მოიფიქრა,პირველყოვლისა კი კვება-ჩაცმის პრობლემაა მოსაგვარებული, დახმარება სჭირდება და ვინ შეაწუხოს? პირველი მაინც ბავშვების მამა ახსენდება, იქნებ დაურეკო?! პატარები ხომ არ ვაჩვენო... არა,ამას ვერ გავაკეთებ, -თქვა და ფიქრებით დედას გადასწვდა, ქალს რომლისთვისაც არ არსებობს დრო და მანძილი, მაგრამ შეეცოდა, ვერ შევაწუხებო, რა სამწუხაროა რომ და არ ჰყავს, იმედად ძმა შემორჩა, მოაკითხავს და ყველაფერს მოაგვარებს. შიმშილმა შეახსენა თავი, ამას პატარებიც გრძნობენ და ჭირვეულობენ, რა კარგი იყო ადრე: მთელი საახლობლო შორიახლოს გელოდებოდა, ყველგან, მისაღებში, ეზოში, დერეფანში, მაშინვე იაღიფაფას მოარბენინებდნენ, დაცარიელებული მუცლის მოსაშუშებლად...რაღაც უცნაური გემოს ქაში მოუტანეს,გაჭირვებით გადაყლაპა, ტყუპები ექიმმა გაიყვანა,ახლა როგორმე უნდა შეძლოს ფეხზე დადგომა, ტყუპებს ფოტო უნდა გადაუღოს და სოცქსელშიც ატვირთოს,მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ დისტანციურ ზეიმს... გადასხმამ მოადუნა და ჩასთვლიმა კიდეც, მტკივნეული რეალობა კი აქაც გაყვა,თავისი ექთანი იხილა კორონათი დაინფიცირებული, ამ უკანასკნელმა ჯერ არ იცოდა და სახეზე პირბადით, გაბრწყინებული თვალებით მიმოქროდა პალატებში. აი,ახლა მასთანაც შემოაღო კარი, -ღმერთო, უნდა იკივლოს, გააფრთხილოს, თხოვოს არ მიუახლოვდეს, გაახსენდა გუშინ როგორ ამბობდა, ვირთხის წელი დადგა და ადამიანებიც ვირთხებივით სოროებში ვიმალებითო, ჰოდა სწორედ ,,სოროს " მოძებნის დროა,წამოდგომას ცდილობს და სიმწრის ოფლით გახვითქულს ეღვიძება. თამარი ძილბურანიდან გამოერკვა,თავს ექთანი ადგა და თვალებში ცრემლი უციაგებდა,ხელში ჩვილის ტანსაცმელი ეჭირა, -ქალბატონო თამარ, სამოსი ვისთვისაც შეიძინეს სამწუხაროდ აღარ დასჭირდებათ, ცოტა პაუზა გააკეთა, ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო, -თუ ნებას დამრთავთ თქვენს პატარებს ჩავაცმევ... ცრემლი თამარსაც ეძელება გასამმაგებული ცრემლი,გამოწვეული ტკივილით,უმწეობით,მზრუნველობით მოგვრილი სიხარულით,ამას ის სიზმარიც ემატება და უცებ იღებს გადაწყვეტილებას რომ გააფრთხილოს,ამ დროს კი ტყუპისცალი ძუძუს საჭმელად მოუყვანეს და სიზმარი სულ გადაავიწყდა. ბავშვს გაჭირვებით აჭამა,ძალიან დაიღალა მაგრამ მეორეს მოყვანა მაინც მოითხოვა -დაისვენე უთხრა ექთანმა ღიმილით,რატომღაც პირბადე ყელთან ჩამოეწია მოშინაურების თუ დავიწყების მოტივით. ულამაზესია გაიფიქრა თამარმა,პირველად ხედავდა სახეს,თმაც ჩამოეშალა,კარგ ხასიათზე იყო,ხელთათმანი შეიცვალა და თამარს საბანი გაუსწორა, -ცუდად წევხარ, დაგეხმარები წამოჯდომაში, თქვა და თამარისაკენ დაიხარა, მოულოდნელად კი მთელი ხმით დააცემინა, თამარს შიშნეულად გააჟრჟოლა, ის ის ავისმომასწავებელი სიზმარი გაახსენდა, მაგრამ ახლა შეგნებულად არ ამოიღო ხმა. უსასრულოდ გრძელი და მძიმე დღე დაღამდა,გადაღლილმა მედპერსონალმა სმენა შეცვალა, თამარს უჩვეულო შფოთვა ჰქონდა, ბავშვები არ მიუყვანეს სოციალური დისტანციიდან გამომდინარე... თამარი ცდილობს შეინარჩუნოს პოზიტიური განწყობილება, მაგრამ ძალიან უჭირს, გარშემო სამარისებური სიჩუმეა, ქუჩაში კომენდანტის საათი მოქმედებს, არც მანქანა და არც ადამიანის სილუეტი,იმედის სხივად საპატრულო ეკიპაჟის ციმციმა გაკრთება. სხვადროს საავადმყოფოს ეზოში გაათენებდნენ ახლობლები, მანქანის კაპოტზე გაშლიდნენ სუფრას და შეზარხოშებულნი სიმთერასაც შემოსძახებნენ. ტელეფონს დასწვდა ერთადერთ საკონტაქტოს მთელ სამყაროსთან,უამრავი შეტყობინებაა, ადამიანებს ჯერ კიდევ შემორჩათ სითბო სიყვარულის გაცემის უნარი, ახლა ისეთ ხასიათზეა ენთუზიაზმით ააფრიალებდა თეთრ ბაირაღს ,რომელზეც მე თქვენ მიყვარხართ ეწერებოდა. რაღაც გული ამოუჯდა,არავისთვის უპასუხია, შეეშინდა სისუსტე არ შემატყონო,თითქოს აიის დაავიწყდა ცის თაღზე ამობრძანება,აღარ თენდებოდა. როგორც იქნა ძილი მოეახლა, მაგრამ ისევ პრობლემურმა ზმანებამ წაიღო,ახლა ბავშვების პირადობაში იყო უზუსტობები,იუსტიციის სახლი კი გამქრალიყო და შეშლილივით დაეძებდა. -სიცხე აქვს, ჩაესმა მკაფიოდ ნამტირალევი ხმა, -იმედია ნანასთან კონტაქტის შედეგი არაა, -ღმერთო დაგვეხმარე და შეიბრალე უმწეო ტყუპები სანამ ავდმყოფი გამოერკვეოდა ხველა აუტყდა და ღებინება დაეწყო,მალე გონება დაკარგა და ძახილზე მოვიდა გონს.თუმცა თვალის გახელა გაუჭირდა -იღვიძებს და აუხსენით სადაა და ღა სჭირს... ეს ალბათ ექიმია და სად ვარ? მედალფაში ხართ,ბოქსირებულ განყოფილებაში,თქვენი ანალიზის პასუხს ველოდებით ლუგარიდან... თამარს თავს სპეციალური სამოსით აღჭურვილი მოჩვენება თუ რობოტი ადგიაადამიანის ხმით. განძრევა უნდა და შვილების მოკითხვა, მაგრამ თითქოს მავთულხლართშია გაბმული,ყელში ხანძარი აქვს, წყურია, ჟანგბადის აპარატი უკეთია და სუნთქვა მაინც უჭირს, -ჩემი შვილები,თამარის თვალებში ერთადერთი კითხვა იწერება,ექთანი უახლოვდება, თვალებში აფირმაციულად შესცქერის და უმეტყველო შენიღბვიდან დამაიმედებლად ისმის: _ყველაფერი კარგად იქნება! მერე სიჩუმე ისადგურებს, თამარი ფანტაზიას რთავს და შინაგან მეს მოუხმობს ვირუსთან საბრძოლველად. სიცხე კი მატულობს, ორგანიზმი სუსტდება, სიტყვები უკვე გაურკვევლად ესმის... _პაციენტს ვკარგავთ! იმეორებს პალატის კედლები,ჭერი და სახურავზე მოწყენილად ჩამომჯდარი მოჟღურტულე ბეღურაც... _გამაგრდი თამარ! ჩაესმის მუდარა, მაგრამ თამარს საკუთარი თავი არ ახსოვს,ახალშობილების დარდი მდგომარეობას ამძიმებს,ნეტა მამა მაინც ჰყოლოდათ, მეტიც ფეხმძიმობისას გვერდით დგომას იქნებ მთლიანად შეეცვალა ,,მათი" მომავალი , მაგრამ ახლა გვიანია,ძალიან გვიანი... _ღმერთო...თამარს აგონია ეუფლება,თუმცა რაღაცის თქმას ცდილობს,ცდილობს მაგრამ მისი უკვე აღარავის ესმის, დახეთქილ ტუჩებზე ბამბით წყალს აწვეთებენ, ღიად დარჩენილ ცისკენ მიპყრობილი თვალებიდან ობოლ მარგალიტად მოგორავს კურცხალი და ღაწვის სერზე წერტილივით ჩერდება. უსიცოცხო გარემოში კი გამყინავად ისმის ექიმის განკარგულება: _მიცვალებულის განსასვენებლად სპეციალური ჩანთა მოიტანეთ... გული ეთუთქებოდა დედამიწას, ისე ანოტივებდა ცრემლები რომლებიც სახურავზე მჯდომი ბეღურასაგან მოიღვრებოდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი