სიმპტომი


სიმპტომი

ფანჯარა ბოლომდე გამოაღო და გარეთ მოწყურებულივით გაიხედა, საღამოს ბინდი დგებოდა, სახეზე ცივი ნიავი მოესალბუნა, ესიამოვნა, თვალები დახუჭა და გაინაბა. მხარზე შეხება იგრძნო , მეუღლე ეძახდა:
-დახურე ფანჯარა, ხომ არ გადაირიე ამ საღამოს, ცივი ქარია და რას ერჩი ჩამთბარ ოთახს?
-ახლავე! -უპასუხა უკანმოუხედავად და გარემოს დაჟინებით ჩააცქერდა.
-კი მაგრამ, რას ხედავ ამ სიბნელეში? ფანჯარაში გაიხედა მერიმაც,
_ელოდები ვინმეს?
-თითქოს ძახილი მომესმა...
თავისივე ნათქვამი დაიჯერა და მონდომებით ჩააცქერდა უკვე სიბნელით მოცულ ხის კენწეროებს, უცებ კი შეცბუნებული შემობრუნდა,ფანჯარას სწრაფად მოშორდა და ღუმელის კუთხეში, შეშინებული ბავშვივით მიიყუჟა.
ცოლის თვალს არ გამოჰპარვია მოულოდნელი ცვილილება, ფანჯარა ფრთხილად და მჭიდროდ დახურა, ჭიქებში ცხელი ჩაი დაასხა, რამდენიმე წვეთი პიტნის არომატი დაამატა და მეუღლეს გვერდით მიუჯდა:
_ისევ წუხანდელ კოშმარზე ფიქრობ ბერიკაცო?
_ახლა ბერიკაცი გავხდი,რაღაც უსიამოვნოდ გაეღიმა ლერის.
_ნეტა რა გწყინს, 70 შეგისრულდა, აბა არა ხარ თუ?
აი, მეკი ჯერ პენსია არ ამიღია, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ,განა ეს არ გახარებს, ასე ახალგაზრდა რომ გყავარ?!
_მახარებს ჩემო მერი,როგორ არა,თან არ მითხრა სიბერის ბრალიაო და ბოლოხანს ისე მიცემს გული მგონი ბავშვობაში ვბრუნდები, თან ის ზმანებაც რა იყო მე და ანი სკოლიდან რომ ვბრუნდებოდით და მოულოდნელად ანი აფრინდა, ხელები გაშალა და ღიმილით აფრინდა, ხის კენწეროებს რომ ასცდა მერე ვეღარ დავინახე...
-კარგი დილით ხომ მომიყევი, თან დარწმუნებული ვარ წეღან ფანჯარასთანაც მაგ სურათს ხედავდი...
ჩემი გულთამხილველი ხარ შენ, რას გამოგაპარებს კაცი, ახლა მართლა გულიანად იცინოდა ვალერი, ალბად საკუთარ უმწეობას თუ მალავდა.
_მე საწოლს გავშლი,შენ კი მესენჯერით ბავშვებს დაურეკე, ძილინებისა ვუსურვოთ.
_მოდი არ დავრეკავ ერთ საღამოს, ვნახოთ როგორ გავძლებთ, ყოველჯერზე მაწუხებს ჩვენი სამეზობლო, ინტერნეტი რომ არა აქვთ, ვერც უკავშირდებიან და ვერც ხედავენ ახლობლებს, განა ჩვენზე ნაკლებად ენატრებათ  შვილები?
_რავქნა ადამიანო, სხვებზე დარდით მე რატომ მსჯი, შეჩვეული ვარ, ვერ დავიძინებ ბავშვები რომ არ დავინახო, შენ რაც შეგიძლია აკეთებ, სკოლის ბავშვებს საკუთარი ხარჯით ეხმარები, რავქნათ სოფელია ეს,  უჭირს ხალხს და მე და შენ ბევრს ვერაფრით შევცლით...
აივანზე გავიდა ვალერიანი, ჩვევა ჰქონდა ძილის წინ სახლს გარს შემოუვლიდა ,ეზოში დაბმულ ძაღლს მოეფერებოდა.
უკან შემობრუნებულს ცოლის ხმა მოესმა,ხმამაღლა ლოცულობდა:
_ღმერთო ყველას ჯანმრთელი და განათლებული შვილები მიეცი.  დაე, ჩემი შვილებივით იპოვონ ცხოვრების გზა , ნურც მშობლებს დააწვებიან დარდად და სხვებზე ზრუნვაც არასოდეს დაავიწყდეთ...
კაცმა ფრთხილად შეიხურა კარი, ქალი მაინც შეკრთა,
_რა გაშინებს ქალო, რამდენჯერ გითხარი სანამ მე გყავარ არაფერმა უნდა შეგაკრთოს მეთქი.
-და რადგან მაინც შემაშინე, ხომ იცი რაც უნდა გააკეთო
-გულზე უნდა გაკოცო, ჩაიღიმილა დიდმა ბავშვმა, თუ ბერიკაცმა ვალერიან-ლერიმ  და ოთახში შუქი გამორთო.
                                              II.  სულია.
ზანტად გადაგორდა მთვარე, სხივები კალთაში ჩაიკრიფა და ემბრიონივით შეეყუჟა გარიჟრაჟს.
აქა იქ ძაღლები წამოიყეფებდნენ ხოლმე, მამალმა მესამედ იყივლა,თითქმის ყველა სახლში აენთო შუქი, დილის ლოცვას ასრულებდნენ მორწმუნენი.
მერიემმაც გაახილა თვალები,გაუკვირდა ვალერიანს გაღვიძება რომ დაასწრო და გვერდში მსუბუქად გაჰკრა მჯიღი, ხომ არ გაითიშე კაცო, გათენებულაო.
ვალერი არ განძრეულა, მერიემმა მეორედ ჰკრა ხელი ანაზდად წამოიჭრა და კაცს უაზრო ნჯღრევა დაუწყო, ლერიმ მხოლოდ წამოიკვნესა, სახეზე სიმკრთალე გადაჰკრავდა, ქუთუთოები დამძიმებოდა და რაღაცის თქმას ცდილობდა, მაგრამ მერიემს ისე გაჩქარებოდა გულისცემა ვერაფერი გამოარჩია ,შუბლზე ხელი დაადო, ტემპერატურა თუ აქვსო, კაცს აშკარად ესიამოვნა დილის სიცივით აცახცახებული ხელის შეხება,ზედ თავისი მარჯვენა დაადო და თითქოს მეუღლის ხელის მტევანი შუბლის ძარღვებს ჩააქსოვა.
ერთი წუთით გაირინდა მერიემი,რაღაცას ფიქრობდა,მერე ელვისსისწრაფით გამოსტაცა ხელი და კარებში გავარდა,ეზო გადაკვეთა და კარგა მანძილის გავლის შემდეგ იგრძნო ნოემბრის ძვალრბილში მოსიარულე სუსხი,შალი მაინც მომეფარებინაო გაიფიქრა,მაგრამ უკან მისაბრუნებელი დრო არ იყო, უბნის ექთანთან სულია ბებოსთან მიიჩქაროდა.
სამოცდამეხუთეში იყო მერიემი,სოფლის მძიმე ჭაპანი კარგად ასახოდა მის გარეგნობას, დამჭკნარი და მისუსტებული, ახლაც მიწას ფეხს მხოლოდ იმიტომ ადგამდა რომ მისგან საჭირო ენერგია მიეღო. ჟრჟოლა და თავბრუსხვევა იგრძნო, წუთით შედგა და ისევ გზა განაგრძო, სადაა დასაკარგი წუთი მისი ვალერიანი ვერაა კარგად, თითქმის არ ახსოვს მერიემს მეუღლის ავადმყოფობა,კაჟივით კაცს რა უნდა შეჰყროდა ნეტა, ვაითუ კორონაა, დაუშვა ერთი წამით და მაშინვე უარყო, არა რა კორონა,სოფელში რა უნდა მაგ ოხერ ტიალს!
სულია ბებოსკენ ორი გზა მიდიოდა, ერთი ცენტრალური მაგრამ სამ კილომეტრამდე იქნებოდა და მეორე მდინარის გავლით, კერძო საკუთრების გზაბაწრით ძალიან აახლოებდა,მერიემი მდინარის სანაპიროს დაბლა ჩაუყვა, გრუხუნით მოდიოდა შემოდგომის შენაკადები, ციცაბო განაპირას მიწა სკდებოდა და დედის კალათას ანასხლეტი მოწყვეტით ეცემოდა მდინარის ქაფქაფა ტალღებს… საცალფეხო ხიდი გადაირბინა და სულიას ეზოში ძახილს მოჰყვა, აივანზე მხცოვანი ქალბატონი გამოვიდა, 
-ხომ მშვიდობა გაქვთ მერიემბაჯი?
-რავიცი სულია ბებო, რავიცი,ლერის სიცხე აქვს, მოგვხედე ერთი, შემეშინდა ძალიან, კორონამ ხომ არ მოგვაგნო ნეტა?
-დამშვიიდდი ერთი, კორონა საიდან მოიტანე?ფხლის ფოთოლი დაადე შუბლზე, უცებ ძროხას ჩამოვწველი და თქვენთან გავჩნდები, თან წყალი დაალევინე ლიმონიც ჩაუწურე შიგნით...მერიემს მეტი აღარ გაუგონია უკან გარბოდა, მის მოძრაობას არ ეტყობოდა ასაკი, გზად სიცხიან მეუღლეს ესაუბრებოდა _მოვდივარ ლერი, მოითმინე ბიჭო,უკვე მოვდივარ, გიშველის შენი მერი, აი ნახავ ფეხზე თუ არ დაგაყენო...
ვერ მიხვდა როდის შევიდა საკუთარ ეზოში, საკვამურიდან ბოლი ადიოდა, გაკვირვებით შეაღო კარები, ვალერი საწოლში იწვა ,სასთუმალთან მეზობელი ეჯდა , მერიემის შესვლისას ფეხზე წამოდგა, შემეშინდა ისე გარბოდი, მოგძახოდი და ხმა კი ვერ მოგაწვდინე, მეთქი რა უჭირთ და რახან შემოვედი ფეჩიც კი გავანთე და რადგან ჩავთვალე რომ შეიძლება დაბალი წნევა იყოს ყავაც დავადგი ჭიქებით.
მერიემს სითბო ისე ესიამოვნა ლამის ფეჩს ჩაეკრა გულში, ჭიქებს დახედა მხოლოდ ორი იყო,
-თქვენთვისაც დაგედგათო, თვალებით ანიშნა, სულიასთან ვიყავი მალე მოვა და გვიშველის რამეს, დაურთო იმედიანად.
მერიემ ჩადი ყანაში და ფხალი შეტეხე, მე ეზოდან ღვალო შემოვიტანე და შენი კასინკით შუბლზე შემოვახვიე...წავალ ახლა ,ჯერ ახორში არ შევსულვარ, აბღავლდება ახლა საქონელი, არ ინერვიულოთ ცოტახაში მოვალ ისევ...მეზობელმა ფრთხილად გამოიხურა კარი.
მერიემი მეუღლის სასთუმალთან ჩაცუცქდა,
-ნუ მაშინებ კაცო,ხმა გამეცი,მართლა ასე ცუდად ხარ?
-ჩემო მერი, მე რა მიჭირს მარა საქონელი ბღავის უკვე, ახორს მიხედე, ცოდვაა ხბოები როგორ ელოდებიან ჭამას,
-ნუ დარდობ შენ მაგას, ყავა დავლიოთ და მივხედავ მერე.
გაგუზგუზებული ფეჩიდან ჭიქა აიღო რომ ძახილი შემოესმა და ჭიქიანად გადაიხედა ეზოში,
ახლო მეზობელი ფიქრიე იყო,
-რა გჭირთ ქალო, სანჯაღა მიდიოდა თქვენგან, სიცხე აქვს ვალერიანსო, ინგრევა თქვენი ახორი უკვე, რძის ვედრა მომეცი, მივხედავ აქ და მანდ ჩემთვისაც დაამატე ერთი ჭიქა, ვერ მოვასწარი დალევა.
-შემოდი თუ ღმერთი გწამს, ჩემს ახორს ვერას გაუგებ და აგერ ვალერისთან რომ დამირჩე ცოტახანი კი მირჩევნია. 
ეზოში სულია ბებო შემოვიდა, ვეღარ სუნთქავდა, მერიემი კარებთან შეეგება, თან თბილი ჩუსტი დაახვედრა, ქოთქოთით ეს რა დღეში ხარ, გული ხელით გიჭირავს და მეც როგორ შეგაწუხეო,
- ღმერთმა უშველათ, მანქანა ჩამოგრდა, ვთხოვე და არ დაიზარა,თორემ რას მოვაწევდიო. თან თქვენნაირ შემწუხებელს კი აიტანს ჩემი გული, აქეთ რომ მოვდივარ ვიცი რომ ნემსი იქნება თუ წამალი საჭირო, ყველაფერი კი გაქვთ მომარაგებული, აი სხვები რომ დამიძახებენ გვიშველე სულია იქნებ მედპუნქტში რამე პირველადი დახმარება შემოგრჩაო, გული მიჩერდება რადგან თითქმის აღარაფერია ცარიელი თაროების გარდა, არადა ზოგჯერ ისეთი იმედით შემოგციცინებს ადამიანი, უარის სათქმელადაც არ მიბრუნდება ენა. არც არავინ გამოჩნდა რომ ვინმეს გადავაბარო ეს პასუხისმგებლობა და ამ დარდით გადავალ ალბად საფლავში...
-რას ამბობ სულია ბებო, რადროს სიკვდილზე ფიქრია, რადღეშია გარშემო ხალხი, ვის გინდა უთხრა ამოდი შვილო სოფლად და ამ გაუბედურებულ ხალხის საცოდაობას რაღაც გროშების ხათრით უყურეო...
-ჰოდა მაგას არ ვნატრობ, რამე წამახალისებელი ანაზღაურება რომ მისცენ, ექიმი არა გვყავს, ერთი საიმედო ექთანი მაინც ყავდეს სოფელს, გადასხმა რომ დაუდგას სხეულგაჭირვებულს...
სანამ მეზობლები დარდით გულს იოხებდნენ მერიემმა ნახევარი პური გადატეხა ძაღლისათვის, თასი აიღო კატისთვის რძე რომ დაესხა და ცელოფნის პარკში სიმინდი ჩაყარა ქათმებისათვის.
თითქმის სრულდებოდა ვალერიანის გადასხმა, მერი უკან რომ შემობრუნდა, ავადმყოფი საწოლზე წამომჯდარიყო, სახეზეც ფერი დაბრუნებოდა,
-მომარჩინა სულია ბებომ, ხომ იცი მერი ეს სიტყვითაც კურნავს ადამიანებს, შემოუღიმილა მეუღლეს და უცებვე დასერიოზულდა, 
-რა ქენი უჩემოდ როგორ მოითავე საქმე? გოდორს ვერ წამოიკიდებდი და როგორ შეიტანე თივა?
-იმ შენს გატენილ გოდორს როგორ დავძრავდი, ჯერ მერულით ჰავლში შევყარე საბძლიდან და მერე ყუჯაღით ჩამოვურიგე ძროხებს, ნეტა ხარი აღარ გვყავს და კამეჩი, თხა-ცხვარი და ცხენი, რაუნდა ახლა მოვლას, თან მარტო თოხით დავასუფთავე, არც კი დამიგვია, დრო არ დავკარგო მეთქი, წყალს რომ დავალევინებ მერე ჩამოვცოცხავ გულიანად.
-უი,როგორ გაწვალე მარტო, კაცი მქვია ახლა მე, შეწუხდა ვალერი. თან ფეხით რომ გირბენია ქალო, გეთქვა და დავრეკავდი კი მიპასუხებდა სულიას შვილიშვილი...
_სად მომაგონდა მაგდენი, გული გამისკდა ისე იყავი გაშეშებული , არა აი დღეს გადავწყვიტე რომ ვისწავლო მაგ ტელეფონის გამოყენება. ამისთქმა იყო და ტელეფონიც აწკრიალდა...
                                                  III. ონლაინ კავშირი.
მესენჯერის ზარი იყო, მერიემი აფუსფუსდა, გახსენი ტელეფონი და მე მომეცი, არ მინდა ბავშვებმა ასე უმწეოდ გნახონო.
ვალერიანმა ხელი გაუსვა ეკრანს და ტელეფონი მეუღლეს გადასცა, ვაჟშვილი იყო გულადი
-ვაა, დედა შენ გვიპასუხე, რა კარგია,მამა სადაა?
-რავიცი შვილო, ალბათ სოფლის ცენტრშია, ტელეფონი სახლში დარჩა, რამდენი ვიწვალე რომ გამეხსნა, არადა იმდენჯერ დარეკეთ ვიფიქრე არ შეეშნდეთ მეთქი,
-აბა რა იქნება არც წუხელ საღამოს არ დაგვირეკეთ, გელოდებოდით, ბავშვები არ ისვენებდნენ დარეკვა უნდოდათ მაგრამ გვიანი იყო ვიფიქრეთ ალბათ ჩაეძინათო, (იდეა კარგი იყო და მერიემიც ჩაებღაუჭა)
-აბა,ასაკის ბრალია ალბათ, წამოვგორდით სობიუკან სექვზე, ჩავთბით და ჩაგვძინებოდა.
-ოღონდაც კარგად იყავით, საუბარში რძალიც ჩაერთო, ისე მეშინია საავადმყოფოში ადგილი აღარ გვაქვს თითქმის ყველა მეხუთე დაინფიცირდა, ნეტა სოფელში არასოდეს ამოაღწევდეს ეს კორონა რა.
-არა შვილო, აქაც კია გრიპის ვირუსი, მაგრამ მადლობა ღმერთს აქ ყველა კარგად ვართ, აი ქალაქის ამბები კი მაშინებს, რა ამბავია ერთ დღეღამეში ორმოცდაათამდე გარდაცვლილი, ასე თუ გაგრძელდა გადაშენება დაემუქრება ერს...
კარგით რა, აქაც რა კორონა აგიტყდათ ,ვაა მეტი თემა აღარ არსებობს, გაბრაზდა გულადი, კარგი დე, მამა მოიკითხე, დარეკოს , ბავშვებმა დაინახონ თორემ აღარ დაიძინებენ დღეს.
-ღმერთი გფარავდეთ შვილო!
მერიემმა ტელეფონი გათიშა და მეუღლეს მიაწოდა,ამ სიბერეში ტყუილიც არ ვთქვი, გაიღიმა სიმწრით, არადა ახლა მაგენმა რომ შეგამჩნიონ ცუდად ყოფნა ატეხენ ერთ ამბებს და გადაგარბენინებენ ქალაქისაკენ,
ბაბუას თვალებს ცრემლი მორეოდა და ცდილობდა ისე მოეწმინდა რომ მეუღლეს არ შეემჩნია.
-ჰო მართლა, შესაწირი გაეცი რომ გადავრჩი, მიკვირს რა იყო ის, დილით ისე უმწეო და საპყარი ვიყავ საკუთარი თავიც კი შემეცოდა.
ახლა ჩავალ და სიძისთვის დამზადებულ ყველს,  კასრით რომ თივაში შევინახეთ, ამოვიღებ ,მაგას მოვშუშავ და მოცვის ჩაისთან ერთად ნახე როგორ გესიამოვნოს. მერიემი წამოდგა მაგრამ ხელის მოძრაობით შეაჩერა კაცმა:
-მაგას ხელი არ ახლო, რომანის სახელზე ჩააწყე ეგ კასრი და გაუგზავნით კიდეც.  სხვა ნებისმიერი რამ მოამზადე, შენი ნახელავი შხამიც მომერგება.  მერეკი გულნაზს დაურეკოთ მესენჯერის გარეშე, თუმცა მაინც არ მოისვენებს მაგი სანამ არ დაგვინახავს.
მერიემმა ფურუნიდან შემწვარი კარტოფილი ტაფაზე გადმოიტანა, დერგიდან კომბოსტოს მწნილი ამოიღო და პატარა მაგიდა მეუღლის სასთუმალთან მიაჩოჩა, თან მეუღლეს ტელეფონი მიაწოდა, ერთი გულნაზის ნომერზე სურათი დააყენე რომ ადვილად ვიპოვო და დავურეკოო.
-გადაბმით ვმუშაობ, ალაპარაკდა ერთადერთი ქალიშვილი, შემცვლელს კოვიდი დაუდასტურდა და ვეღარ წავედი სახლში, ბავშვები მენატრებიან უნდა გავგიჟდე, მაგრამ უკვე სახლში მისვლაც მეშინია რამე მე არ მივიტანო, თუმცა ძალიან კი ვფრთხილობო.
საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულ , გულნაზს დაღლა ეტყობოდა, მოიბოდიშა მძიმე პაციენტები მყავსო და გაიქცა.
მერიემიც საღამოჟამის საქმეს შეუდგა, აქეთ ცხოველებს და იქეთ ფრინველებსაც ადამიანებივით ესაუბრებოდა ,ცდილობდა სოფლის მძიმე დღე ხალისით გადაეგორებინა და თან მეუღლის მაღალი ტემპერეტურა აფიქრებდა.
მეზობლებმა შემოუძახეს: როგორ ხართ კორონას შიში ხომ არ გერევათო, ვალერიანს კარტის თამაშიც შესთავაზეს, დრო გავაო, მაგრამ იუარა, რაღაც განწყობა არ მაქვსო.
საღამოხანს ისევ აწკრიალდა მესენჯერი, ერთმანეთს ხმის ამოღებას არ აცლიდნენ შვილიშვილები თამთა და ლაშა, უფრო იმაზე კამთობდნენ რომელს უფრო უნდოდა სოფელში წასვლა და თან იმას დარდობდნენ პატარა ლეკვები როდის გეყოლებათ რომ ჩვენი სახელები დავარქვათო...
-ამომიყვანეთ ეს ბავშვები სოფელში, ბაღში მაინც ვერ დადია , არავინ იცის როდის დაბრუნდება ჩვეული ყოფა, მე მაინც ერთი პირველკლასელი მყავს, ისე დავიტანჯეთ ამ ონლაინით, ჩემთან სახლში გამოვუყე საკლასო ოთახი, სველი ხალიჩაც დავდე, ხელის სადეზინფექციოც და სახის ფარებსაც ვიყენებთ, დავსვამ მაგასთან ერთად და სკოლაში რომ წავლენ კი იქნებიან აჭიკჭიკებული მერცხლებივით.
-არა მამა, რა სოფელში გამოშვება, აგერ სულს ვალევ და შიშით ვერ ვიძინებ და როგორღა მოვისვენო თვალწინ თუ არ მეყოლებიან.
ვალერიანი მონდომებით ცდილობდა შვილებს არ შეემჩიათ რომ კარგად არ იყო და ერთი სული ჰქონდა მესენჯერი გაეთიშა, მაგრამ ახლა ბავშვები დაეპატრონენ ეკრანს და დაუსრულებლად ჟღურტულებნენ ეპიდემიაზე, რომელსაც კორონა ერქვა და ბავშვების ფერადი სათვალით საშიში კი არა ,სასურველი სტუმარი იყო...
                                        IV .  ინფიცირებული
გასული წლის სექტემბრის შუა რიცხვებში თოვდა სოფელში, ჯერ მოკრძალებით მთის მწვერვალებმა დაიწყო გათეთრება, მერე ნახევრად ალაგებული ბაღჩა-ბოსტნები გადაათეთრა და უკვე სექტემბერის შუა რიცხვებში  სოფელი ულამაზეს თეთრ პატარძალს გავდა, აი წელს კი აგერ ნოემბერი სრულდება და თითქოს ახლა დაიჭირა ზაფხულის ამინდიო, გეგონება სეზონიც შეიშალა, თუ შეიცვალა, ანდა იქნებაც დაინფიცირდა! კოვიდმა ხომ მთელი სამყარო ყირაზე დააყენა უკვე, რაღა გასაკვირია რომ სეზონსაც დარია ხელი...
ისევ უჩვეულოდ გათენდა ნოემბერს მიკუთვნილი ბოლო კვირა.  მშვიდი, აუღელვებელი და საეჭვოდ მიყუჩებული. ვალერიანი თავს უკეთ გრძნოდა, ეს რაღაც მძიმე ვირუსი თითქმის გადააგორა, მაგრამ სოფელში თითქმის ყველა ავად იყო და მეტ , ამ დილით ნაირა კიბეზე ჩამომჯდარი გარდაცვლილი იპოვეს...
ამან ცოტა შეაფიქრიანა და გადაწყვიტა გადაემოწმებინა მოიხადა თუ არა ეგრედწოდებული სახადი კორონავირუსი... შვილს თხოვა სოფლიდან არანაირი მოძრაობა არაა რომ ვინმეს გამოვყვე,თავს ცოტა შეუძლოდ ვგრძნობ და  შეჭირვებულთათვის ფქვილსა და შაქარს თუ წამოიღებ შეძლებისდაგვარად და ჩვენ წაგვიყვანდიო...
    ბედნიერი კაცი იყო ვალერიანი. მართალია პირველ სიყვარულში არ გაუმართლა, გოგო რომელიც ბავშვობიდან უყვარდა სკოლის დამთავრების დღეს ტრაგიკულად დაიღუპა, ჩანჩქერს გადაჰყვა და ცურვა კი არ იცოდა უბედურმა, გულგახეთქილი გამოიყვანეს წყლიდან და აქედან მოყოლებული ვალერიანი ვერც პიკნიკს და ვერც გამოსაშვებ ღონისძიებებს ვერ იტანდა...სტუდენტობისას გაიცნო მერიემი და  სანიმუშო შვილები აღზარდეს ერთად. მართალია მშობლის გულს არ ემეტებოდა შორს გასაშვებად მაგრამ აბა რა ექნათ , ქალაქში დასაქმდნენ, დაოჯახდნენ და ახლა მშობლებს ეხვეწებოდნენ აქეთ გადმოდითო.
თქმაც არ უნდოდა რომ შვილებთან ყოფნა უნდოდათ მაგრამ, არც მამისეული კერა ემეტებოდათ გასაცივებლად ,თანაც ჯერ კიდევ სკოლის მასწავლებელი ერქვა, არც არავინ გამოჩნდა რომ ეს საპატიო და საპასუხისმგებლო საქმე გადაულოცოს, მაგრამ მალე აღარც მასწავლებელი იქნება საჭირო, მიუხედავად მცდელობისა სოფელში არ მოხერხდა საბავშვო ბაღის აშენება, არ მოქმედებდა სამედიცინო პუნქტი, საათობით ვერ ახერხებს სასწრაფო ,,დახმარებას’’  და მიუხედავად შსაძლებლობისა   დაიწყო ხალხმა სოფლის დაცლა ...
აგერ რამდენიმე დღის წინ რა ცუდად იყო ვალერიანი, რა უნდა ექნა,ისე სიცხიანი საათობით მგზავრობას როგორ გინდა რომ გაუძლო, არადა ექიმთან მიუსვლელიც ვერ დაიმშვიდა სული, იქნებაც და კორონა იყო?
არა რათქმაუნდა კარგია რომ გადარჩა, მაგრამ ხომ უნდა იცოდეს რა სჭირდა თან რაღაც განსხვავებული სიმპტომი შეამჩნია საკუთარ თავს,ზედმეტად მგრძნობიარე გახდა და მეტიც,სულ დაღლილი და გაღიზიანებულია, არა საამისო მიზეზის მეტი რაა, გარშემო მხოლოდ ერთი და იგივე თემა ტრიალებს, კორონა და სიკვდილიანობის მატება, თითქოს მეტი აღარაფერი ხდება სამყაროში, ყველაფერი ერთფეროვანი, უინტერესო და საშიში გახდა.
მე კი მაქვს საშუალება ექიმთან წასვლის, მაგრამ რაქნას მოსახლეობამ რომელსაც არა აქვს გადაადგილების, ექიმთან ვიზიტისა და ელემენტარულად სადმე დარჩენის საშუალება. მითუმეტეს რომ ახლობელთანაც ვერ მიხვალ შიშით ან იქედან არ წამოვიღო  ვირუსი, ანდა პირიქით მე არ გავხდე მათი დაინფიცირების მიზეზიო...
ცალკეც  უძილობა დასჩემდა, დარდად აეკვიატა რომ სოფელი უყურადღებოდ იყო მიტოვებული და ხალხს  ,,განწირულობის“  განცდა უფრო სტანჯავდა ვიდრე რეალურად კარს მომდგარი კოვიდსაფრთხე.
გათენებისას ანა დაეზმანა, ფანჯარაზე აკაკუნებდა და თან ხელში კალამი ეჭირა. გაღვიძებულს თითქოს გონება გაუნათდა, მეზობლის ბავშვს მოუხმო და სოციალურ ქსელში ღია წერილის ატვირთვა სთხოვა.

                                          V ,,ღია წერილი...
ღია წერილი აჭარის მთავრობას, უმაღლეს საბჭოს, ჯანდაცვის სამინისტროს...ყველას ვისაც შეუძლია სათანადო რეაგირება.
დღეს, სოფელი როგორც არასდროს ისე განიცდის, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ შიმშილს , (რადგან ყველა გასაჭირს ყველაზე მძაფრი კოვიდსიმპტომი გაღიზიანება და არაცნობიერი შიში დაერთო), იქნებ მოგვხედოთ, ბევრს არაფერს ვითხოვთ, ამ პანდემიის პერიოდში თითოეულ სოფელს თითო ექიმი რომ მიემაგროს, რამდენს იმედი და ნუგეში გადაარჩენდა და რომ მოგვცეთ შესაძლებლობა ადგილზე გაკეთდეს უფასო ტესტი კოვიდზე!
არ ვითხოვთ კომპიუტერის გადაღებასა და დამატებით ანალიზებს, მხოლოდ ერთი ექიმი, ექთანი მაინც რომ თუ არა გადასხმა, ნემსის გამკეთებელი გვეგულებოდეს,  მედიკამენტებით აღჭურვილი პუნქტი გვეიმედებოდეს. სულ ესაა , იქნებ მიიტანოთ ჩვენი სათხოვარი გულთან და გვიშველოთ, ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს! მითუმეტეს რომ არც ისე ბევრი ვართ  ხარჯად დაგაწვეთ და არც ისე ცოტა რომ სათვალავში არ მიგაკლდეთ...
გაგვიგეთ, ნებისმიერი სოფლიდან სანამ ავადმყოფი ადამიანი ქალაქამდე მოაღწევს და თან სანამ საჭირო დახმარებას მიიღებს იქნებაც ძალიან გვიანი იყოს...თან არც იმის შესაძლებლობაა დამოუკიდებელად შევძლოთ დავფაროთ დრო, ხარჯი და ამინდიც კი.
     გ  ე  მ  უ  დ  ა  რ  ე  ბ   ი  თ : 
           ერთი ექიმი, კოვიდზე უფასო ტესტი და პირველადი დახმარების მედიკამენტები.
        ღრმა პატივისცემით, სოფელი, რომელიც არასოდეს დარჩება ვალში,
 თავისი ხალხისა და ქვეყნის წინაშე.
                                              VI  ,,გზაზე"
გულადს ისედაც გული არ უთმენდა მშობლები ამ ასაკში მარტო რომ იყვენენ და როგორც კი ტელეფონზე გაიგონა, წამოვალ ქალაქში ექიმს მინდა ვეჩვენოო, მაშინვე გადადო საქმეები, სოფელში რამდენიმე ოჯახს ძალიან უჭირდა ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები. მათთვის პროდუქტი და მედიკამენტები იყიდა და გვიანი საღამო იქნებოდა მშობლებამდე რომ მიაღწია, 
მაშინვე მათთან გაჩნდა ახლო სამეზობლო, მონატრებით და შიშით კითხულობდნენ კორონეულ ამბებს, გვიან დაიშალნენ.
გულადმა ძალა მოიკრიბა და თხოვა , ისე მოემზადეთ რომ ამ ზამთარს მაინც აღარ ამოვიდეთ და გაზაფხულზე ისევ ამოგიყვანთო. ამის გამგონე მერიემმა კი რომელიც ორი დღით აპირებდა წასულიყო შვილების მოსანახულებლად, ჩანთა ამოალაგა და ვალერიანს მოუბოდიშა:
-ჩვენი ერთად წასვლა არ იქნება, ვაითუ დაგვიშალეს უკან ამოსვლა, ისევ ცალკცალკე წასვალა ჯობს, უერთმანეთოდ მაინც ვერ გაგვაჩერებენო.
დილით ვალერიანმა ისევ სთხოვა მერიემს, წავიდეთ ერთად, რახანია აღარსად ვყოფილვართ, გპირდები ხვალვე დავბრუნდებითო, მაგრამ მერიემი ბავშვივით გაჯიუტდა, მე ვერც ნაოფლარ სოფელს მივატოვებ, ვერც ანაბაბას საფლავებს და ვერც სახლკარს გამოვკეტავ დიდი ზამთარი უპატრონობითო... მართალია გულადი კი იყო ცოტა გულმწყრალად ამ გადაწყვეტილების გამო, მაგრამ მეზობლებმა ისე გაიხარეს, სულ ლოცვით აავსეს მერიემი, თქვენ რომ ორივე წახვიდეთ შვილები აღარც ამოგიყვანებენ და კიდევ ერთი დაკეტილი სახლის საცოდაობას ნუ გვაყურებინებთო.
სამი საათი მგზავრობის შემდეგ ვალერიანმა დასვენება ითხოვა, უჰაერობის შეგრძნება ჰქონდა, მანქანის ღია სარკმელშიც კი. თითქოს გული ყელში ებჯინებოდა და თავში ამოჩემებით უტრიალებდა:
-არ უნდა დამეტოვებინა მერიემი მარტო არა!
შიგადაშიგ გულადი ცდილობდა საუბრის გაბმას, მაგრამ რა თემასაც შეეხო, ვალერიანს მხოლოდ ერთი წუხილი ჰქონდა, ეს რა გავაკეთე, მხოლოდ საკუთარ თავზე ვიდარდე და ი გალეული დედაბერი მარტო როგორ დავტოვეო,
-კარგი რა მამა, ისე ამბობ თითქოს სამუდამოდ წამოხვედი,მივალთ ექიმთან ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება და დაგაბრუნებ სახლში,თან ბავშვებიც წავიყვანოთ ისე გაიხარებენ კი დაგავიწყდებათ ეს დღეები.
იმედი კარგი რამეა შვილო,ზედმეტად კარგიც თქვა და ფიქრებმა წაიღო.
-არ დამავიწყო ერთი ფანრიანი ნოკია ვუყიდოთ ჩემს ქალბატონს, როგორც იქნა მოიფიქრა და თქვა ამასწინ, ვისწავლი რომ დავრეკო და გიპასუხოთო.
-მაგან ოღონდ თქვას და კარგს ვუყიდი რამეს...
-არ გინდა, ხომ იცი მერე მაგისთვის შეწუხდება ფული რატომ ხარჯეთო, თან სენსორსაც ვერას გაუგებს და...
გზას საპირისპიროდ მიმავალ მეზობლებს შეხვდნენ, გააჩერეს და ერთმანეთი მოიკითხეს,
-ერთი კვირაა იქ ვარ, ეს დღეები ძალიან ვიავადმყოფე, კომპიუტერის გადაღება მინდოდა, მაგრამ სადაა მაგის ფული,მერე ვთქვი ტესტს ჩავაბარებ და თუ კოვიდი დამიდგინდა კი გადამიღებენ მეთქი, მაგრამ ავადმყობაშიც უნდა გქონდეს იღბალი რა, ათზე იწყებენ მუშაობას , ცხრაზე მივდიოდი და რიგში სამოც კაცზე მეტი მხვდებოდა,პირველამდე მიწევდა დგომა მერე კიდევ თერმომეტრი სიცხეს აღარ აფიქსირებდა, ალბად ჰაერზე ყოფნა თუ გვშველოდა ,თორემ რა იყო ვერ ვხდები,წაველ სიცხით (ამ სიმპტომის გარეშე არ იღებენ ანალიზს) სახლში მივედი მქონდა სიცხე, მაინცდამაინც იქ არა და რამდენი ჩემნაირი გამოყარეს ლანძღვით, ტყუით და დროს გვაკარგვინებთო. ჩხუბიც კი მოგვივიდა პატარა , აბა ვის ეხალისება დილიდან სიცხიანი და მშიერი იდგეს რიგში, სხვა ავადმყოფებთან ერთად, მათ წუწუნსა და ჩივილებს უსმინოს და რის ვაივაგლახით მოვა შენი რიგი და დაუმსახურებელი შეურაცხყოფა როგორი ასატანია?
-ცოტა მათი თვალითაც გამოიხედეთ რა , ექიმებიც ადამიანები არიან, დაღლილი და დასტრესილი, ჩაერია გულადი.
-ვაი ჩვენს თავს ,თუ ეგენიც ჩვენი სადარდელი გახდნენ აღარ ყოფილა ჩვენი საშველი...
-ერთი ეგ მითხარი რა დიაგნოზით ბრუნდები,იკითხა ვალერიანმა.
-სადაა დიაგნოზი თორემ კი, სადაც მივედი, ყველგან რიგია, კონსულტაციაც კი ვერ მივიღე ექიმისაგან, ასე დამამშვიდეს თქვენს უბანზე მიდით, იქ მოგხედავენო და ვის აინტერესებს ან სად ჯანდაბაში ცხოვრობ და ან როგორ გინდა დააჯერო რომ ხელის თითების რაოდენობის სოფელს, ერთი ექიმი ჰყავდეს და ისიც სულ საძებარი.
-იპოვი და რა რომ, იტყვის ცარიელი ხელებით რა გისაშველოთ, ჩადით ქალაქში აიღეთ ანალიზები, გადაიღეთ მტკივნეული წერტილები და მერე დამირეკეთო, დაამატა მეორემ.
-ჩავედი და რა, ვერაფერი გავაწყე, ტყუილად გაფლანგული დრო და ფულიი...ასაკოვანმა ქალმა სადარდელს თითქოს გულიც ამოატანა.
-ვაი რა ნიჭიერ თაობებს ვზრდით და მაინც რა უპატრონობით ვიხოცებით, დანანებით დაამატა მესამემ...
                                      VII. მთავარი..."
როგორც იქნა დასრულდა სოფლის მიხვეულ მოხვეული გზა და ქალაქი ხელისგულზე გადაიშალა. რაღაც არაბუნებრივი მონატრებით დაეწაფა ვალერიანი ბუნების პაიზაჟს, 
-მგონია რომ სოფელი შეუცვლელია და ქალაქიც მომნატრებია , თქვა და ბავშვური ეშმაკობით ჩაიღიმილა.
გულადი ინტერესით აკვირდებოდა მამას, ცდილობდა ეპოვა ამ დაირბაისელ კაცში რა დოზით შერწყმოდა ერთმანეთს ბავშვი და მოხუცი...
ტელეფონმა დარეკა, ტიროდა ნათია ,გუშინ ღამე სიცხე ქონდა ლაშას ,დილით სწრაფი ტესტი ავუღე და კოვიდი დაუდასტურდაო...
ნათია კიდევ ამბობდა რაღაცას მაგრამ ამის გამგონე ვალერიანს გული შეუწუხდა, გულადმა მანქანა გადააყენა, მამა გადაიყვანა და დაელოდა ცოტა მომჯობინებულიყო, ტელეფონი ისევ რეკავდა, ისევ ნათია იყო, მე და ბავშვები შიდა იზოლაციაში ვიქნებით, შენ ნუ შემოხვალ. გარედან უფრო დაგვჭირდება დახმარება და საჭიროებისამებრ დაგირეკავთო...
გულნაზს დაურეკეს,
-ამ დილით კოვიდი დამიდასტურდა და პირდაპირ სასტუმროში გადამიყვანეს, ისე ვნერვიულობ ბავშვებზე, ასაკოვნებიც მყავს რისკჯგუფს მიკუთვნებული, მძიმე პაციენტებიც მოჯაჭვულნი რომ იყვნენ...ვაიმე რაღაცნაირად ვარ, მგონი ჩემთანაც მოქმედებს კოვიდის ფსიქოლოგიური სიმპტომიო...
_მთავარი რწმენაა, ღმერთმა გაგვაჩინა და ღმერთივე დაგვარჩენს, ილოცე, ყველაფერი კარგად იქნება . ჩვენც შენთან გვიგულე, ხომ გახსოვს ,,ესეც ჩაივლის"
გულადმა ტელეფონი გათიშა და პირდაპირ ინფექციურისაკენ აიღო გეზი, ვალერიანი ჩანაფიქრს მიუხვდა და შეემუდარა, ჯერ სახლში მიმიყვანე ბავშვები ვნახო და ჯანდაბას თუ მეც გადმომედოსო.
სწრაფი ტესტი გაუკეთეს, პასუხს არცერთი ელოდა: კოვიდდადებითი.
არ მჯერა ,წონასწორობიდან გამოვიდა ვალერიანი, სოფელში კორონა სად უნდა მეპოვა?!
-დღეს საავადმყოფოში დარჩები, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნები, ხვალ ალბად კოვიდ სასტუმროში გადაგიყვანთ, მთავარია არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება, მე წავალ პურს და წამლებს ავუტან სახლში, ნარჩენებიც იქნება გამოსატანი, ღამეს ალბად მანქანაში დავრჩები, ხვალინდელზე ხვალ ვიფიქროთ...
-არა შვილო, გემუდარები აქ არ დამტოვო,  დამაბრუნე სოფელში, ჩემს მერიემთან წამიყვანე, მეც შიდაიზოლაციაში დავრჩები, ყველაზე უკეთ მერი მომივლის, ხომ ვიცი, მთავარი დიაგნოზი იყო, აწი ჩემი მერიემი მიშველის, გთხოვ ჩემს განუყრელთან დამაბრუნე...
-თავი ხელში აიყვანე მამა, ასე წნევა აიწევს, გული აგიჩქარდება, დამშვიდდი გთხოვ, მერე ლაშას დაურეკე, გაუხარდება...
დიდხანს იდგა გულადი საავადმყოფოს ეზოში და თვალს ვერ სწყვეტდა თერაპიული განყოფილების ფანჯარას, რომელსაც თითქოს მიკვროდა ვალერიანი და არ ინძრეოდა.
სახლში დარეკა, ლაშა თავს კარგად გრძნობს, სიცხე დაეწია, კიდეც მიირთვა და სასკოლო დავალებებს ასრულებსო.  გულს მოეშვა ,თხოვა მამას დაურეკეთ,მე კი დედას მოვიკითხავ ალბად როგორ ნერვიულობსო.
 ვალერიანი ტელეფონის ზარზე გამოფხიზლდა, ფანჯარას მოშორდა და ეკრანს დახედა, ლაშა ურეკავდა, უცებ გული ამოუჯდა და ცრემლი მოეძალა
-ოღონდაც თქვენ იყავით კარგად შვილო, სულის იარათა ტალკვესო , თქვენ ხართ იმედის საწყისი. 
რა მატირებს? დაფიქრდა უცებ და თავის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო, მიხვდა თვალთმიბნელდებაო და საწოლთან მისვლა მოასწრო, თითქოს ორგანიზმში ვულკანმა იფეთქაო, ყველაფერი ერთიანად ატკივდა, კისერი დაეჭიმა, წელი გაუკავდა, მუცელში მჭრელი დანები მიმოდიოდა, ისევ გარდაცვლილი ანი მოელანდა , გაახსენდა როგორ ამოტვიფრა მერხზე ვალერი+ ანუი... ახლა კისკისით აკაკუნებდა ფანჯარაზე, შემდეგ იგრძნო რომ მანაც მიფრინავდა...
დილით საავადმყოფოს ეზოში კივილი და აურზაური იყო, თუმცა არავისთვის არაფერი ჩვეულო. 
 ყურადღება კი ტელეგადაცემებმა მიიპყრო, სადაც იუწყებოდნენ რომ გათენების ჟამს საავადმყოფოს რეანიმაციის ფანჯარიდან პაციენტი გადმოვარდა...მიმდინარეობდს მოკვლევა  მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესასწავლად და საქმე აღიძრა თვითმკველობამდე მიყვანის მუხლით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი