იანვრის იები


მუხლმოდრეკილან უფლის სახლში მეტანიებით,
ყინვის საფარში იანვარი იებს აფეთქებს.
მე არ ვყოფილვარ ძველ ცოდვათა მომნანიები,
ცოდვილი აზრი შვებას ეძებს, სული - აფექტებს.

ამ დროს კი ცაზე გაზაფხულის მოსჩანს მთიები,
დედამიწაზე მიმოქრიან უტყვი სიონი,
იანვრის დილას თუ გინახავთ ვინმეს იები? -
თუ დაგილანდავთ უბრად მყოფი მეტეხ-სიონი?

ქრისტეს გვირგვინში ჩაუწნიათ ვარდის ეკლები,
გაზაფხულის მზეს უნათია იმ დღეს გოლგოთა,
ცოდვა არ არის, მეც იმ მზის სხივს რომ ვეკედლები,
პარასკევ დილით ნაზარევლის თმას რომ ათბობდა?..

ჯვარზედ გალურსმვას თან მოჰყვება მკვდრეთით აღდგომა,
ცად ამაღლების გაისმება მელოდიები.
თუკი დეკემბრის ცივ საღამოს აღარ დათოვა,
იანვრის დილას დაინახოთ, იქნებ, იები.

2014 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი