ჰიპოტენუზას კვადრატი კათეტების კვადრატების ჯამის ტოლია


მე დავბრუნდი.
მაგრამ განა მამის კალთას გამოვეკერე?
მე დავბრუნდი გეას საშოში,
საიდანაც იშვა აპოლონი
და საიდანაც მოევლინა მიწას ჰერაკლე.
მაგრამ ახლა ჩემი სხეული ჰიროსიმირებულია,
სული _ ნაგასაკირებული.
გონების პართენონების ნანგრევებზე
კონსერვირებულ ფუკუშიმებს ამოუხეთქავთ.
მე დავბრუნდი.
მაგრამ ორი ათასი წლით ავცდი ეპოქას.
და ჩემი სული ისე ბორგავს დღევანდელობის პედანტიზმში,
როგორც პენელოპას სული ოხრავდა ოდისევსის მოლოდინში.
ამის დედაც!
დღეს ყველანი ოდისევსები ვიქნებოდით, პენელოპები რომ გველოდებოდნენ საქსოვი ძაფით ხელში.
და, აი! აღარც in vino veritas!
ჭეშმარიტ ლექსებს ვეღარ დავწერთ ალკოჰოლით და სიმარტოვით გალეშილები.
აი! აღარც sum, თუკი cogito!
მე კი ვაზროვნებ, მაგრამ მხოლოდ რეინკარნირებული ფეკალიის პირობებში და ჩემს დაბრუნებას აღარ ეთქმის ეგზისტენცია.
თუკი ბრუნდები უღმერთობის კვარცხლბეკიდან,
სიხარულის ნაცვლად გლოვის ზარები უნდა დაარისხო,
რადგან მარადიულ რეგრესიად გექცა curriculum vitae
და კისრად სექსის აპოლოგეტობა გაწევს, როგორც სიცოცხლისთვის გადასახდელი ერთადერთი ხარკი.
მე დავბრუნდი.
მაგრამ მხოლოდ მორალური ხარაკირის ნატერფალით სახეზე.
მე დავბრუნდი.
მაგრამ ისევე შეუმჩნევლად,
როგორც წავედი.
მე დავბრუნდი.
...
და არ ვაპირებ წასვლას.

2015 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი