პლაცებო სამყარო
დღეს იქნებოდა 23. სიზმარში ჩამოახრჩეს ძაღლი და ვხედავ მიწას.იმ წამს ვიფიქრე რომ ჩემი ექვივალენტია პოეზია, ეს კი უსასრულო წრებრუნვა ხილვის. ივლის ვარდი და ისევ ბრუნდება იანვრის მწუხრში, ედემის ნაშრომ განტოლებას ქედს ვუხრი ბუხრით ვიწვი წვიმაში ვწევარ და ვამბობ ამ მზეს რომ დამსდევს სამძიმარია გზა მძინარეა და მაინც იწვის სიზმარში ვარდი. რა მწუხარეა ის მზე. ჩემს ოთახში ხე იზრდება. წრფივი იმედი, ზრდასრული დედაჩემი ბავშვი სილაში. შარბათი, ალბათ შაბათი, არცერთი სხვა ორშაბათი და შამათი. მეფე მოკლეს. შიშის ექიმი გაბრიელია. მე ყოველ ღამით სიზმრებიდან ვიპარავდი სკეჩებს. რამდენიმე მზეს ვხედავ შუადღის ცაზე. უკვე ხვალინდელი დღეა. ხვალ: სველი პეპელა მიფრინავდა მზისკენ, იანვარი იყო მქრალი. მე: დისსონანსები ცვრიანი, ნამიან ადამიანი და გზა წრიული, დალმაციური როგორც მზიური ნაწვიმარ სიზმარს იმ ზარს რომ ვერცერთ ვეღარც დღეს ევლო განთიადიდან და გადაევლო ღამეს. ქართულ ენაზე დაიბეჭდა ლოცვები. შენი სახელის ძებნაში სახლი დავკარგე თავად. იანვარი იყო მქრალი მე. სველი პეპელა მიფრინავდა მზისკენ. ვადა გაუვიდა ჩანაწერს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი