ძილის მანიფესტი
მავთულის ყვავილებს მიღმა ჩვენს ეზოში თურმე გაზაფხული მოსულიყო, მე კი ვერაფერი გამეგო იმ უხმო სიყვარულით გაბრუებულს. ვხედავდი მხოლოდ ხმებს, შორიდან მოსულს, არსად მყოფს და მაინც ყველაზე ხილულს, მონასმებს შორის, კუთხეში, რაღაც გაუგებარ ჩიტსაც დაედო ბუდე და არაფრის მთქმელი გაბმული სიმღერით ბანს უბამდა ჩემს დანახულ, სივრცეში გაფანტულ ხმებს. მთვრალი ჩიტები ერთმანეთს თვალებში შეჰყურებდნენ და არაფერს ამბობდნენ, მე კი მესმოდა მათი ვედრება, მათი ვედრება უფრო ლოცვას ჰგავდა, მადლიერებით სავსე ლოცვას, მე მშვიდი აღელვებით ვუყურებდი საკუთარ თავს, როგორ იმოსებოდა ჯერ ბავშვის სხეულით, მერე მოხუცის, მერე ისევ ბავშვის და ბოლოს ხედ იქცეოდა და არ ვცდილობდი გამეგო რას ნიშნავდა ყოველივე ეს, ერთადერთი რამ ვიცოდი, ყველა ამ ფორმას ის სიყვარული კრავდა ერთ დიდ მთლიანობად შენ რომ გამოძერწე საკუთარი ხელებით და სულ თან დაგქონდა, ისე იყავი შეყვარებული შენივე სიყვარულზე, ვერც კი შეამჩნიე როგორ ავიღე მისი ნაწილი და ჩემს არსებობას გავურიე, ახლა კი სიზმარში თუ ცხადში, ხილულად თუ მალვით ჩვენ ერთნი ვართ და ეს მშვენივრად იციან იმ მთვრალმა ჩიტებმა ახლაც ცაზე რომ დასეირნობენ. ჩიტები ისევ დაბრუნდებიან გაბმული ხმაურით, მე კი მათ შორის ისევ გავარჩევ ფერებად გატალღულ ხმებს, ხმებს, რომლებიც ყოველ ჯერზე გამახსენებენ: ან გამოვა, ან არა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი