მოცვი


მე ვარ მემკვიდრე წამის. გავთენდი. აღარ არის ცარიელი სიცილი. აღარ მებერებიან მწველი ორიანები. მე აღვსრულდი. მე დავიბადე. მე აღარცერთი გზის მოციქული არვარ. დავრჩი სხეულში მომწყვდეული სული უბრალო. მე ვარ მშვიდი ერექცია სხვებისთვის კი გამოუკვლელი ქაოსი ვდგავარ აქ სიჩუმით და თენებით, ისე ახლოს როგორც სიზმარი მაგრამ ისე ნელა როგორც ქარი სამოთხის შენი გამოგონილი, მე ვარ გამოუცნობი ოხრა თქვენი პალიტრიდან, ასე ვნებით რომ ცდილობდით თავიდან მოშორებას. მე გახლავართ ყველა სხვა ფერიც თქვენს მოკლულ ნახატებში თუმცა მე ხომ ერთი ვარ, ღმერთთან ერთად ერთი. მე ვარ სიმძიმე ამ უძლური თენების თუმცა წამის სისწრაფეც მე ვარ და ამას ვერც შენ უარყოფ. ღრუბლებში ჩემი ნახატები იკითხება, თქვენ კი თავგანწირვით ცდილობთ ამისგან გაქცევას. მე არცერთი ნოტი აღარ ვარ სანამ მინორი არ გაიდგამს უკვლად ფესვებს თქვენს უარყოფილ მოწყენაში. გრაფიტით მოხატული ეკლესია, საბჭოთა კორპუსები და ძირს დაგდებული მატრასი, აი სად ჩანს ჩემი სახება. ქაოსი ყავისფერია, შენი მეგობარი ლაქიანი სარკეა, სულ ოდნავი განსხვავებით შენი სამშვინველისგან. მე დაუგრუნტავი ტილო ვარ, ახლა კი ჩემი გზა მოცვისფერი თენებაა. გიყვარს მოცვი? ბევრი მაქვს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი