ტბა


ერთ მთის პლატოზე არსებულ პატარა ჩაღრმავებაში ერთი პატარა ტბა ჩაგუბებულიყო.
ტბა გაუდინარი იყო და არც არაფერი შემოედინებოდა მასში, მხოლოდ გაზაფხულს, წვიმების სეზონზე ივსებოდა და დიდდებოდა, ხოლო შემდეგ მთელი წელი გაზაფხულით ნაგროვალი წყლით საზრდოობდა.

ერთ გაზაფხულსაც ძალიან დიდი წვიმა მოვიდა, ტბა გადიდდა, იმდენად გადიდდა რომ ნაპირი გადმოხეთქა და პატარა მდინარე წარმოშვა, მდინარე დაღმა დაეშვა მთიდან, ირბინა, ირბინა, ირბინა,
სხვა მდინარეს დაუძმობილდა, გაერთიანდნენ, გაჩნდა ოდნავ დიდი მდინარე, სვლა ერთად განაგრძეს და ორივე ზღვას შეერია.
იგრძნო ტბამ ჯერ მდინარის ენერგია, შემდეგ ზღვის ბობოქრება,
იგრძნო მსოფლიო ოკეანესთან თანაზიარობა,
იგრძნო ახალი სიცოცხლე,
იგრძნო რომ სიცოცხლე მხოლოდ ტბაში არ არის, რომ მის გარდა არსებობს რაღაც სხვა, რაღაც უფრო დიდი და გრანდიოზული.
რაღაც ისეთი, რისი ნაწილიც თავად ეს ტბაა, მაგრამ ადრე არასოდეს უწყოდა ეს.
მხოლოდ ახლა, ამ შემთხვევის შემდეგ აძგერდა ტბის გული სხვანაირად.
ახლა დაიბადა ახლიდან.
ახლა ჩაფიქრდა წარსულზეც, ახსოვს როცა წვიმის წვეთები ეუბნებოდნენ, უყვებოდნენ ოკეანის უსასრულობაზე, მაგრამ ეს ხუმრობა და ზღაპარი ეგონა.

ახლა, ახლა კი თავად გრძნობს ტბა, თავად გრძნობს უნაპიროს, უსასრულოს, მარადიულს,
ამიერიდან ტბას ახალი სიცოცხლე აქვს, ახალი ფიქრი და ახალი გრძნობა.

და ნახეთ, ტბის მდინარეში ესესაა ზღვიდან ორაგული შემოცურდა,
იგრძნო ტბამ,
იგრძნო ახალი ჟინი და ჟრუანტელი,
აღელდა, ისე აღელდა რომ ზვირთები წარმოქმნა,
ზვირთები.
ნახეთ, ერთი ზვირთი ისე მიეხრთქა ნაპირს, ისე მიეხეთქა რომ გვერდით მიმავალ ნაკადულს მიწვდა, მიწვდა და ტბისკენ შემოაბდუნა,
დღეიდან ტბაში ჩაედინება ნაკადული.
ტბას ნაკადული ჰკვებავს და ტბაც ახალ სიცოცხლეს გრძნობს,
სრულიად ახალს.
ის აღარ ელის გაზაფხულს რომ მისი ნაპირები შეივსოს,
ახლა მას ნაკადული ავსებს, ავსებს და ტბაც დიდდება, დიდდება და უფრო და უფრო მეტი ნაკადული ექცევა მის შიგნით,
უფრო და უფრო მეტი ნაკადული ზრუნავს მის შევსებაზე.
ეს არ ჰგავს ძველ სიცოცხლეს,
ეს ახალი სიცოცხლეა, ახალი ძალაა, ახალი ცხოვრებაა, ახალი სამყაროა.
ის აღარ არის ჩაგუბებული გუბურა,
აღარ არის უსიცოცოცხლო,
მასში ნაკადულები ჩაედინება და მდინარეები გამოედინება,
თევზებითაა სავსე და მსოფლიო ოკეანის ძალას გრძნობს.
აქ ხალხი მოდის,
მეთევზეები ბადეს შლიან.
ფრინველები ისვენებენ.
ტურისტები ნავებით სეირნობენ.
ბანაობენ, ხშირად ბავშვების ჟრიამული ისმის.
ტბა კი ზოგჯერ ემოციებს ვერ იკავებს, ჯრუანტელი უვლის და ამ დროს ამბობენ, რომ ის მღელვარე და ბობოქარია,
ხოლო ზოგჯერ მშვიდად განისვენებს.
ახალი სიცოცხლეა მასში და დაშრობისაც აღარ ეშინია, როგორც ადრე.

ახლა ტბა წვიმასაც სხვა სიხარულით და სხვა წყურვილით ხვდება.
მეტიც, ახლა თვითონ მასაც შეუძლია წარმოქმნას ღრუბლები,
ღრუბლები რომლებიც წვიმად წამოვა ციდან, გაზაფხულით, წვიმების სეზონზე, რომ სხვა, პატარა, ჩაგუბებულ ტბებს სიცოცხლე აჩუქოს.
სიცოცხლე.
დიდი სიცოცხლე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი