ეფემერის ნუგეში
იყო დილა, პირველი დღე, ნორჩ სამყარომ როცა თვალი გაახილა, და ატირდა წვიმიანი ნაღვერდლებით, უცხო მიწა, უცხო ზეცა რომ იხილა, გაყვავილდა მერე სულში ყვავილები, გაზაფხულდა, როცა წვიმა წამოვიდა, მზემ გაათბო შემცივნული გვირილები, პიტალოდან ენძელები ამოვიდა. ახმაურდა, სამყარომაც უგდო ყური, საუცხოოდ სტვენდა მდედრი მოლაღური, მაგრამ მალე მიილია, ძაფი ჩაწყდა, ყველაფერი აირია, დაირია, აღარ დარჩნენ გვირილები, ენძელები, მოლაღურიც აღარ გალობს, გული დაგვწყდა, სად წავიდა ის სამოთხე, ის წალკოტი, ან რად გაქრა გალობის და სტვენის ნოტი ? და სამყარო დაემსგავსა პირქუშ მოყმეს, თავის გულში გაიძახის, ოხ მე, ოხ მე, ნეტავ ასე უმოწყალოდ ვინ დამსაჯა, შეისმინეთ ჩემი მოთქმა, ჩემი აჯა, ხსოვნა ფეთქავს დღეს სამოთხის, გულში ხვანჯად, დაბადება არ მიღირდა ამდენ ტანჯვად, გადაიქცა ყველაფერი ამო გარჯად, და დაფიქრდა, რომ არ სჭირდა ჯაჯა სრული, ქვეყანაზე მასაც რომ აქვს დასასრული, აღარ შერჩა სატანჯველი გულზე დაღად, შეაბიჯა იმ წალკოტში ისევ ლაღად, და აყვავდა მერე სულში ყვავილები, გაზაფხულდა, როცა წვიმა წამოვიდა, მზემ გაათბო შემცივნული გვირილები, პიტალოდან ენძელები ამოვიდა. ახმაურდა, სამყარომაც უგდო ყური, საუცხოოდ სტვენდა ისევ მოლაღური...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი