გოგო და კოღო (ეძღვნება თამარ ხელაძეს)
კოღოს მონოლოგი: შემოდგომაა, სიო საამო, ფანჯრის რაფასთან ხის ტოტს ატოკებს, მე კოღომ სუსტმა, მოშიებულმა გოგონა სახლში დავიმარტოკე, ღია ფანჯრიდან შიგნით შევფრინდი, რომ აღვასრულო რაც სურს განგებას, ადამიანთა ვერცერთი წევრი, ვერ შეძლებს ჩემი ზრახვის გაგებას. გოგოს მონოლოგი: შემოდგომაა, სიო საამო, ფანჯრის რაფასთან ატოკებს ხის ტოტს, მე უცნაური გრძნობა მედება, და უცნაური წუხილი მიპყრობს, ეს რა წუილი მესმის ოღონდაც, კოღო ასრულებს განგების ნებას, უკვე მივუხვდი ბოროტ განზრახვას, რომ ჩემი სისხლის დალევა ნებავს. (კოღო შეფრინდა ოთახში და გოგო მზად დაუხვდა, მშვიდად მიმართავს კოღოს). გოგო: რისთვის მოსულხარ ცელქო წუილა, მივმხვდარვარ ჩემი სისხლის სახვრეპად, ვხედავ ხორთუმი მოგიმარჯვია, ეპიდერმისის შრის გასახვრეტად, ანდა იქნება თვალი მატყუებს და სასიკეთოდ მოსულ წუილას, გესაუბრები სულ სხვა რამეზე, ურცხვად ცილს გწამებ ასე ტყუილად. კოღო თავისთვის: ჩემი განზრახვა უთუოდ მიხვდა, თუმცა სხვა ჰანგზე მქონდა წუილი, გზაკვალს ავუბნევ და ვუპასუხებ, რომ მისი ფიქრი არის ტყუილი. კოღო მიმართავს გოგოს: მოგესალმები ჩემო გოგონავ, ვარ სასიკეთოდ მოსული კოღო, არაფერი მსურს დიდი და მხოლოდ სათხოვარი მაქვს ერთი უბრალო, გემრიელი და ტკბილი გაქვს სისხლი, და მშიერი ვარ ამას ვტირი მე, ორიოდ წვეთი გამოიმეტე, ჩემო გოგონავ შენი ჭირიმე. გოგო: პატარა კოღოვ მე მესმის შენი, ძალიან კარგად, ეს შენც იცოდი, თუმც არ გეგონა რომ შენს განზრახვას, ადამიანი გამოვიცნობდი, ჩემთან მოსულხარ სისხლის საწოვად, თუმცა მომმართე თხოვნით განაო, გასაგებია თხოვნა დობილო, დაგეხმარები ნახე ჩქარაო, ნება მომეცი რომ ჩავიდინო, კეთილი საქმე, სამარადჟამო, რომ აღარასდროს მოგნდომებოდეს ადამიანის სისხლი რომ ჭამო !... -კოღო ვერ მიხვდა კეთილ განზრახვას და ამ სიტყვებით მიმართა გოგოს, – რა იგულისხმე კეთილ საქმეში, მე სისხლის ჭამას დავიშლი როგორ ?! - ამ დროს კი გოგომ ფლოსტი აიღო, იგრძენი როგორ სიკეთეს გიზავ, წამთა მიჯნაზე რომ აღვასრულებ, ქვეყნად მოვლენის კურთხეულ მიზანს. ტყლაშშ... ხმა გაისმა და აქ გასრულდა, კოღოს ტანჯული სიცოცხლის ჟამი, სამარადისო ნუგეშად იქცა, ფლოსტის მოქნევის ღვთიური წამი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი