ბურანი


თოვლით დაფარულ მინდორს ნისლის ღრუბელი ფარავს,
ისევ ტრიალებს ბედის გამოუცნობი ჩარხი,
და უმაგრებენ საყრდენს, შენს სხეულს, სულის კარავს,
გელოდება და გიცდის ნეტავ რამდენი ხალხი.

თვალს ვერ გაუწვდენ სივრცეს, მანძილს ვერ ზომავ მზერით,
მაინც შეერწყა გინდა იმ მარადიულ სფეროს,
უკან დარჩენილთ ჩუმად ემშვიდობები ხელით,
და ცდილობ ყველას ერთი, ღიმილით მიეფერო.

ადამიანურ საზრისს ზი და მდუმარედ ჭედავ,
რადგან იქ არც ღირს ყოფნა სადაც არყოფნა სუფევს,
ისე მშვიდი ხარ ალბათ, მარადისობას ხედავ,
და გადააქცევ არად ყველა საათს და წუთებს.

შეეხორცები სივრცეს სიცარიელით სავსეს,
გადაიქცევი მერე შენ წარუვალის მკვიდრად,
და არსებობას თითქოს არარსებობა ავსებს,
იმ მარადიულ სფეროს თუ მიეგებე მშვიდად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი